არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ ძალას და საზოგადოებას, საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა ბურჭულაძის კანდიდატურას სთავაზობს. „ქართული დასი“ და „თავისუფალი საქართველოს“ წევრები ბურჭულაძესთან მოლაპარაკებას აწარმოებენ და მის პასუხს ელოდებიან. ეს იდეა რომ მარტო პოლიტიკოსებს არ ეკუთვნის, ამას პოლოტოლოგი სოსო ცისკარიშვილიც ადასტურებს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ ეს იდეა არ ეკუთვნის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთან რამდენიმეჯერ მოვიდნენ წინადადებით სხვადასხვა ადამიანები, რომ მხარი დამეჭირა პატაა ბურჭულაძის გაპრეზიდენტების იდეისთვის. ჩემგან მაინცდამიანც გულწრფელი არ იქნებოდა ასეთი რჩევა, პოლიტიკური სივრცეში შესვლისგან თავად მე არაერთხელ შემიკავებია თავი და მას მოვუწოდო, მოდი შენ აიღე ასეთი ტვირთი, სწორი არ იქნებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
პაატა ბურჭულაძე, - საქართველოს სახალხო არტისტი, გერმანიისა და ქალაქ ათენის საპატიო არტისტი, მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო. მღერის მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში. მომღერალი, რომელიც შესულია თანამედროვე საოპერო ხელოვნების თითქმის ყველა ენციკლოპედიურ გამოცემაში, ადამიანის უპირველეს მოვალეობად ქველმოქმედებას მიიჩნევს.
2004 წელს პაატა ბურჭულაძის ინიციატივით საქარველოში დაარსდა უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი „იავნანა“. 2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქველმოქმედო საქმიანობისთვის პაატა ბურჭულაძე გაერო-ს კეთილი ნების ელჩად იქნა არჩეული. ფონდ „იავნანას“ მეშვეობოთ ათასობით ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბურჭულაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებაზე ხშირად იყო საუბარი და უკვე დადასტურდა, რომ ამ საკითხზე მასთან მოლაპარაკებას „ქართული დასი“ და პარტია „თავისუფალი საქართველო“ აწარმოებს. თავის მხრივ, როგორც „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, ბურჭულაძესთან მოლაპარაკებას არა მარტო თავად, არამედ პოლიტიკური სპექტრის საკმაო დიდი და პოპულარული ნაწილის სახელით აწარმოებს.
„ვაწარმოებ მოლაპარაკებას პაატა ბურჭულაძესთან არა - მარტო ჩემი სახელით, არამედ პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ დიდი და პოპულარული ნაწილის სახელით, ასევე, ქართული საზოგადოების, საზოგადოებრივი მოძრაობების, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის სახელით. დღეს საქართველოს სჭირდება ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც შეძლებს დააბალანსოს და დაამარცხოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, ვინ შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო, მადლობა ღმერთს, ბევრი ღირსეული კანდიდატი არის საქართველოში, მაგრამ პაატა ბურჭულაძეს აქვს ყველაზე მაღალი ნდობა ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
პაატა ბურჭულაძე ადასტურებს, რომ მას აქვს რამდენიმე შემოთავაზება და არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ პრეზიდენტობაზე არასოდეს უფიქრია.
„არის ასეთი აზრი. მოვიდა ჩემთან ფართო საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური წრეებიდან, რომ ჩემი კანდიდატურა წამომეყენებინა, მაგრამ მე დღეს დაკავებული ვარ ძალიან მნიშვნელოვანი საქმით, 9 ივლისს მისრულდება 35 წელი სცენაზე დგომის, რომელიც ძალაინ მნიშვნელოვანი თარიღია ჩემთვის.
ამით ვარ ახლა მხოლოდ დაკავებული. იმ მრავალრიცხოვან ხალხს, რომელსაც უნდა, რომ ჩემი კანდიდატურა წამოაყენონ, ვეტყვი ერთ რამეს - მე დღეს ჩამოყალიბებული არ ვარ, ვერაფრით ვერ გავახარებ დღეს და მოდით მოვიცადოთ, მთავარია რა მოხდება 9 ივლისს. მთავარია ჩაიაროს ამან და მერე ცხოვრება გვანახებს“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
კითხვაზე გამორიცხავს თუ არა მისი კანდიდატურის წამოყენებას, ის პასუხობს:
„მთვარეზე რომ მომიწიოს წასვლა იმასაც არ გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ამ ქვეყნად ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ მე, უბრალოდ, არ ვარ ჩამოყალიბებული. ყოველთვის ვარიდებდი თავს პოლიტიკას და რამდენჯერაც ავარიდე თავი, არასოდეს არ წამიგია ამაში. არასამთავროებისგან ძალიან ბევრი რჩევა იყო.
თხოვნა იყო საზოგადოებისგან, პოლიტიკოსებისგან, რომ მე გადამედგა ეს ნაბიჯი როგორც უპარტიოს. მე თავს ვიკავებ. არ ვარ ჩამოყალიბებული, არც უარს ვამბობ და არც თანხმობას. რაც თავი მახსოვს, სულ იყო ჩემი გადამობირების მცდელობა პოლიტიკაში და ყოველთვის ვარიდებდი ამას თავს, ყველა მთავრობის დროს და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი“, - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ გამომდინარე მისი პრიფესიონალიზმისა და პოპულარობისა, ასეთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა სასურველი იყოს მოსახლეობისათვის რამენიმე მიზეზის გამო. მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა გაფანტეს თავისი ავტორიტეტი პოლიტიკური დაპირისპირების პროცესში. შესაბამისად, შემთხვევითი არაა კონსტიტუციაში შესული ცვლილება, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი.
„ჩემის აზრით არც წევრი უნდა იყოს. რაც შეეხება ბატონ პაატას, მისი ორგანიზაციული ნიჭი თვალსაჩინოა ფონდ „იავნანას“ საქმიანობიდან გამომდინარე და მისი ნეიტრალურობა პოლიტიკური პროცესების მიმართ. მე შემთხვევით შევხდი მას და საზოგადოების მზაობა შევახსენე. მან როგორც ყოველთვის აირიდა ეს თემა და განხილვაში არ გადავსულვართ.
მთავარი საპრეზიდენტო მარათონში არის ის, რომ იგი განსხვავდება ოლიმპიური თამაშების ფორმატისგან. განსხვავებით იმ ფორმულისა, რომ ოლიმპიადაში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება, ეს ფორმულა არ ვრცელდება საპრეზიდენტო ბრძოლის ასპარეზზე. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვინც იქნება ბატონი პაატას მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში მივა იმ დასკვანამდე, რომ მას თავბედი არ ექნება საწყევარი პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში და მოსახლეობისთვის გახდება თვალსაჩინო, ვინ და რა ფორმით უჭერს მას მხარს“, - ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, იქნება ის არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი, თუ იქნება ასოცირებული საკუთარ ქველმოქმედებასთან და მკაფიო იქნება მისი მხარდაჭერა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ის იქნება კონკურენტუნარიანი მოთამაშე. თუმცა, რაიმე კონკრეტული შედეგის პროგნოზირება პოლიტოლოგს უჭირს.
„რთულია პროგნოზის გაკეთება. ის ასოცირდება არა მარტო ხელოვნებასთან, არამედ ქველმოქმედებასთან, ასოცირდება იმ მადლთან, რასაც ჰქვია მართლმადიდებლური ეკლესია და მის მიმართ საპატრიარქოს დამოკიდებულებაც, არავისთვის არის საიდუმლო. თუ ცალ-ცალკე ავიღებთ თემას ამ შერკინებაში ვის უფრო მეტი შანსი აქვს, პოლიტიკოსს თუ არაპოლიტიკოსს, უნდა ვივარაუდოთ, რომ არაპოლიტიკური სპექტრიდან მას საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა ექნება და ასეთ კატეგორიაში მისი გამარჯვება უფრო რეალურია.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ - თვლიან თუ არა მოსახლეობაში არსებული ამომრჩეველთა რაზმი გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკოსად. მართალია პოლიტიკური თანამდებობის პირი გახლავთ, მაგრამ იმდენად ხანმოკლეა მისი, როგორც პოლიტიკოსის ბიოგრაფია, რომ შეიძლება ეს არ იყოს დამატებითი არგუმენტი მათთვისაც ვინც პოლიტიკოსებს შორის ეძებს საკუთარ არჩევანს.
საზოგადოების მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას გიორგი მარგველაშვილისა უფრო პერსპექტიულად ჩავთვლიდი, თუ ის იქნებოდა კანდიდატი როგორც „ჯიპას“ რექტორი. როცა ის უკვე ასოცირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ამას შეიძლება მეტი მზაკვრი შემცველობა ახლდეს ქალბატონ დემოკრატიასთან დამოკიდებულებაში. საზოგადოება ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, რომ არ მოხდეს ტრადიციულად ხელისუფლების უზურპაცია რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მიერ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.