საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი ძალების სარდლის მოადგილეს გენერალ სერ რიჩარდ შირეფს შეხვდა.
შეხვედრაზე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი, პოსტ-ISAF-ში საქართველოს ჩართულობის მოდალობები და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები განიხილეს. გენერალმა შირეფმა თავდაცვის მინისტრს საქართველოს მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი შეაქო.
თავდაცვის მინისტრმა და გენერალმა შირეფმა ნატოსა და საქართველოს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დღესვე, ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი ძალების სარდლის მოადგილემ გენერალ სერ რიჩარდ შირეფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეთან გამართა შეხვედრა. ორმხრივი შეხვედრები „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ბათუმში გაიმართა.