მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში როინ მეტრეველის რეანიმაცია იგეგმება

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში როინ მეტრეველის რეანიმაცია იგეგმება

საქართველოს მეცნიერებისთვის დიდი ხანია, აღარ სცალია. მეცნიერებასა და განათლებასთან განსაკუთრებული შეუთავსებლობა კი ყველაზე უკეთ ყოფილმა ხელისუფლებამ გამოავლინა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თავის დროზე, უფუნქციოდ დატოვა. აკადემიის დაქვემდებარებაში არსებული სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტების ნაწილი გააუქმა, ხოლო ნაწილი აკადემიის გამგებლობიდან გამოიყვანა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს დაუქვემდებარა. ყოფილმა ხელისუფლებამ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ფაქტობრივად, საექსპერტო ფუნქციაღა დაუტოვა. სამეცნიერო თუ კვლევითი ინსტიტუტების კვლევებზე დასკვნებიც იწერებოდა, თუმცა შესაბამისი რეაგირება ამ დასკვნებზე არ ხდებოდა. მეცნიერები თავადვე აღიარებდნენ, რომ სააკაშვილის რეფორმის შედეგად მეცნიერებამ, ფაქტობრივად,  კვდომა დაიწყო. ამ პერიოდში აკადემიკოსები გარკვეულ თემებზე მუშაობდნენ, მინიმალურ ხელფასსაც იღებდნენ, მაგრამ სახელმწიფოებრივი დაინტერესესება მთელი ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა.

როგორც ჩანს, სიტუაციის შეცვლის მოლოდინი ხელისუფლების შეცვლამ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაშიც გააჩინა. 2013 წლის 20 ივნისის აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე აირჩიეს.

მართლაც, ახალი ხელისუფლების პერიოდში მეცნიერებისკენ შებრუნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო. გამოჩნდა დვალის ცნობილი კონცეფცია, რომელზეც კვლავაც მიმდინარეობს მუშაობა.

ხელისუფლების მთავარი ამოცანა მეცნიერების აღორძინება და განვითარება ნამდვილად არის, მაგრამ რა გზასა და მეთოდს აირჩევენ, კვლავაც დისკუსიის საგანია -ზოგი დვალის კონცეფციას ემხრობა, ნაწილი გამოსავალს არსებული ბაზის განვითარებაში ხედავს. ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი სამეცნიერო ცენტრი უნდა შეიქმნას. ეს იქნება სავარაუდოდ, ნაციონალურ კვლევათა ცენტრი და მოქმედი სამეცნიერო ინსტიტუტები მასში გაერთიანდებიან. ეს ნიშნავს, რომ  მეცნიერებათა აკადემიას კვლავაც მინიმალური ფუნქციები დარჩება. როგორც ჩანს, ახალი თაობა აკადემიაში ვეღარ ხედავდა იმ პოტენციალს, რომელიც შეიძლება სათავეში ჩადგომოდა ქვეყნის მეცნიერების აღორძინებას.

თუმცა, იმ ცვლილებებმა, რაც უკვე მოხდა ქვეყანაში, გააჩინა შანსი, რომ, რაკი ხელისუფლებას გაახსენდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არსებობა, მისი პოტენციალის გამოყენებაც შეძლონ. სწორედ ამიტომ, ეროვნულ აკადემიაში ცვლილებები დაიწყო.

ახალმა პრეზიდენტმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეორგანიზაცია გადაწყვიტა - როგორც ცნობილია, ოთხი, ფაქტობრივად, უფუნქციო ვიცე-პრეზიდენტის ნაცვლად ერთი ვიცე-პრეზიდენტის არჩევა შესთავაზა აკადემიის საბჭოს. დაიგეგმა გარკვეული განყოფილებების გაერთიანებაც და ა.შ.

26 ივნისს ჩატარდა საერთო კრება, რომელსაც ეს ცვლილებები უნდა დაემტკიცებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმე ასე მარტივადაც არ ყოფილა და მეცნიერებს გარკვეული ბარიერები ჯერ თავად მეცნიერებათა აკადემიაში აქვთ დასაძლევი. ცნობილია, რომ გიორგი კვესიტაძემ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი წარადგინა. ნანეიშვილის კანდიდატურას მეცნიერებმა  მხარი დაუჭირეს, თუმცა ნაწილმა მეორე ვიცე-პრეზიდენტის პოსტი მოითხოვა. მეცნიერებათა აკადემიას კი, რომელიც კვლევითი ინსტიტუტების გარეშეა დარჩენილი, რაში სჭირდება ორი ვიცე-პრეზიდენტი გაუგებარია და ამ აზრს იზიარებდა მეცნიერთა დიდი ნაწილი. თუმცა, აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ ღიად დააყენა წინადადება, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ჰუმანიტარული დარგის წარმომადგენელიც იქნებოდა სასურველი, რასაც შემდეგ უკვე აზრთა სხვადასხვაობა და კამათი მოჰყვა.

კვესიტაძემ ჰუმანიტარული დარგის წარმომადგენლისთვის მეცნიერებს აკადემიის აკადემიკოს-მდივნის პოსტი შესთავაზა, თუმცა შემდეგ ისე განვითარდა, მოვლენები, რომ უკვე გასაგები გახდა, მეცნიერთა ერთ ნაწილს რა ჩანაფიქრიც ჰქონდა. აკადემიკოსმა ოთარ ჯაფარიძემ გახსნა ფრჩხილები და ღიად თქვა, -ისინი აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე აკადემიკოს როინ მეტრეველის დასახელებას აპირებდნენ, თუმცა, შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო  გადაიფიქრეს. ამიტომ, მეტრეველისთვის ამჟამად, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ჰქონდათ ჩაფიქრებული.

როინ მეტრეველი მეცნიერთა წრეში, შესაძლოა, დიდი პატივისცემითაც სარგებლობს, მაგრამ მისი სახელი ჯერ კიდევ კორუფციასთან ასოცირდება. არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა უნივერსიტეტში როინ მეტრეველს, ფაქტობრივად, მეორე რევოლუცია მოუწყო და მისი სახით საქართველოში გამეფებულ მექრთამეობას კიდევ ერთხელ შეებრძოლა. იყო თუ არა სააკაშვილი ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა უფლება,  „ქვა ესროლა“, არა მხოლოდ როინ მეტრეველის, არამედ საერთოდ ვინმესთვის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ახლა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში როინ მეტრეველის სახელის წამოტივტივება მექნიკურად გააცოცხლებს იმ ძველ ასოციაციებს, რომელიც არც სასიამოვნოა ვინმესთვის და არც მისაბაძი.

მეცნიერთა ერთ ნაწილსა ამის აღიარება ან არ სურს, ან არ აწყობს, მეორე დიდი ნაწილი, ვინც გარკვეული სიახლისა და რეორგანიზაციის მომხრეა, მხოლოდ პირად საუბრებში აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას და ხმამაღლა საკუთარი პოზიციის დაცვა რატომღაც არ სურს.

მეცნიერები კვლევით რომ უნდა იყვნენ დაკავებულები ეს არავის ესწავლება და ვინმესთვის არც ის არის ახალი, რომ მეცნიერებათა აკადემია ინტრიგების ადგილი არ არის, მაგრამ მოვლენები თუ ასე განვითარდა, მეცნიერებათა აკადემიაში გათამაშებული მორიგი დრამის სცენარი უკვე წინასწარ ცნობილია -მართალია სახელმწიფომ მეცნიერებისკენ გაიხედა, მაგრამ შესაძლოა, მისი მზერა სულაც ახალ სამეცნიერო ცენტრზე შეჩერდეს, რადგან ჯერ ისედაც საეჭვოა, მეცნიერებათა აკადემია ძველი დიდება დაუბრუნდეს -როინ მეტრეველის აკადემიას კი, ალბათ, მხოლოდ საკუთარ ბედ-იღბალს თუ მიანდობენ.

რაც უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს ახალ ხელისუფლებას, როინ მეტრეველის აკადემიის გარშემო სამეცნიერო ცენტრის შექმნა პოლიტიკურადაც არ იქნება გამართლებული, რადგან ნაციონალური ხელისუფლება, სადაც არ უნდა აღმოჩნდეს ის, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციაში, ყოველთვის ჩაიწერს ქულებს იმ ხელისუფლების კრიტიკით, რომელმაც უნივერსიტეტის დისკრედიტირებული რექტორის მხოლოდ რეანიმაციას კი არა, მის კარიერულ წინსვლასაც შეუწყო ხელი. ასე რომ, თუ ვინმეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გადარჩენის იმედი აქვს უმჯობესია, საღი და კარგად გათვლილი ნაბიჯები გადაიდგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დღეების დათვლა, შესაძლოა,  შორეული პერსპექტივა სულაც არ აღმოჩნდეს. მეცნიერთა უმრავლესობის განწყობილება იმედს აჩენს, რომ „გამოცოცხლების“ გზაზე შემდგარი მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არ გადადგამს საბედისწერო ნაბიჯს და საბოოლოდ არ დაასამარებს აკადემიის გადარჩენის შესაძლებლობას.

სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერზე თავად მეცნიერები ღიად საუბარს გაურბიან და ჩვენ, ჟურნალისტებს გვიწევს ისეთი თემების წამოწევა,  რომელიც საკმაოდ მტკივნეული, მაგრამ ქვეყნის მომავლისათვის მნიშვნელოვანია.