წიწამურთან ილიას ძეგლს და საქართველოს სამხედრო გზაზე, სოფელ ნადიბანთან სულხან-საბას ძეგლს ქვეწარმავლები დაეპატრონნენ. იავარქმნილი ძეგლების დათვალიერება ამ პატარა სტატიის ბოლოს მიბმული ფოტოების ნაკრებით შეგიძლიათ. ტექნიკური დახმარებისთვის მადლობას ვუხდი მედია-კავშირ “ობიექტივის“ პროდიუსერს ილია ჩაჩიბაიას.
ილიას და სულხან-საბას ძეგლები გადავიღე პოეტ შალვა წიკლაურის ინიციატივით, რომელიც ამავდროულად ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს წევრია. ბოლო სამი წლის მანძილზე მან არაერთხელ გამოხატა წუხილი ძეგლების მდგომარეობის გამო, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, მათი გადაღება აქამდე ვერ შევძელი.
23 ივნისს წიწამურთან, სადაც ილიას ძეგლია აღმართული და სოფელ ნადიბანთან, სადაც სულხან-საბას ბრინჯაოში ჩამოსხმული ძეგლი დგას, შალვა წიკლაურთან ერთად გახლდით. იქვე გაჩნდა იდეა, რომ კულტურის სამინისტროსთვის განცხადებით მიგვემართა.
“ბატონო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრო, წარმოგიდგენთ სოფელ წიწამურთან ილიას და სოფელ ნადიბანთან სულხან-საბას იავარქმნილი ძეგლების ფოტოებს, რომელიც 2013 წლის 23 ივნისს გადავიღეთ. გთხოვთ, დაინტერესდეთ ძეგლების მდგომარეობით და მიიღოთ შესაბამისი ზომები. თუ მათი რესტავრაცია სცილდება თქვენი კომპეტენციის ფარგლებს, მაშინ, გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და გვაცნობოთ ვის მივმართოთ“.
ესაა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე წარსადგენი განცხადების ტექსტი. ვიმედოვნებთ, გურამ ოდიშარია დაინტერესდება ილიას და სულხან-საბას იავარქმნილი ძეგლების მდგომარეობით და ვითარების გამოსასწორებლად სათანადო ზომებს მიიღებს.
როგორი იქნება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რეაქცია, ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, ამას დრო გამოაჩენს. პასუხს ინტერესით დაველოდებით და შედეგს აუცილებლად გაცნობებთ.