„რუსულ ბაზარზე 100 მილიონი დოლარის ქართული პროდუქცია უნდა შევიდეს“

„რუსულ ბაზარზე 100 მილიონი დოლარის ქართული პროდუქცია უნდა შევიდეს“

რუსეთი საქართველოს მიმართულებით სავიზო რეჟიმს უახლოეს მომავალში გაამარტივებს, რომელიც პროფესიულ, საქმიან და ნათესაურ კავშირებს შეეხება. ასევე უახლოეს დღეებში, საქართველოს საგზაო სააგენტოსა და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული სატრანსპორტო კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე იმსჯელებენ.

ამის შესახებ პარლამენტში სტუმრობისას, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომელმაც კანონმდებლებს ექვსთვიანი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აბაშიძის განმარტებით, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მსჯელობენ - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაზე, სატრანსპორტო კავშირის აღდგენასა და ჰუმანიტარული ურთიერთობებზე.

„ექვსი თვის თავზე, აღნიშნული მიმართულებებით უკვე მიღწეულია გარკვეული შედეგები. ამ დიალოგის შედეგად, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდა, ეს არის არა მარტო ღვინო და მინერალური წყლები, არამედ ზოგადად ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციაა. ასევე ამ წლის ბოლომდე, რუსულ ბაზარზე, სავარაუდოდ, 100 მილიონი დოლარის პროდუქცია უნდა შევიდეს. მართალია, ეს არა არის კოლოსალური ციფრი, მაგრამ იმედია, შემდეგში ეს პროცესი გაფართოვდება და კიდევ უფრო წინ წავა“, - აცხადებს აბაშიძე.

აბაშიძის ინფორმაციით, სატრანსპორტო კავშირების აღდგენა ხდება, როგორც საავტომობილო, ასევე საჰაერო კუთხით და შესაბამისი უწყებები უკვე დეტალებს განიხილავენ.

„სატრანზიტო ტვირთების გადატანით, დღემდე, უმთავრესად სომხური და თურქული კომპანიები ხეირობდნენ. ქართული სატრანსპორტო კომპანიები დაინტერესებული არიან, რომ ამ საქმეში ისინიც ჩაერთონ. რუსეთის რკინიგზაზე კონვენციური აკრძალვის მოხსნამ საკმაოდ დიდი დრო დაიკავა, რაც ქართულ პროდუქციაზე 2006 წლიდან იყო დადებული. ეს აკრძალვაც მოიხსნა და შესაძლებლია, აზერბაიჯანის გავლით, ჩვენი ტვირთი რუსეთში გაიგზავნოს. შესაბამისად, მწარმოებლებს არჩევანი აქვთ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, იმედი არის იმისა, რომ განცხადებები, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე რამდენჯერმე გაკეთდა, რეალურად უახლოეს პერიოდში გახორციელდება. თუმცა, მთლიანად ვიზების გაუქმებაზე საუბარი არ არის, არამედ საუბარია გარკვეული კატეგორიისთვის ვიზების გამარტივებაზე. კერძოდ, ეს ეხება - პროფესიულ, საქმიან და ნათესაურ კავშირებს. ამ თვალსაზრისით, რუსეთში მისვლა გამარტივდება, მოსვლა პრობლემა ისედაც არ არის, რადგან ჩვენ რუსეთთან ვიზა არ გვაქვს“, - აცხადებს აბაშიძე.

რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, აბაშიძის შეფასებით, ამაზე ამ ეტაპზე, ქართული მხარე წინ ჯერ ვერ წავა, რადგან ეს ნიშნავს იმაზე თანხმობას, რომ რუსეთი აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.

„რუსეთი, როგორც მას საგარეო ურთიერთობათა დოქტრინაში უწერია, მართლა ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან - მათ შორის აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ანუ რუსეთი თვლის, რომ რეგიონში ხუთი ქვეყანაა და ყველა მათგანთან უნდა, რომ კარგი ურთიერთობები იქონიოს. ასეთი ვითარება განწყობას ქმნის, რომ, თითქოს, ყველაფერი მართლაც კარგად არის - ღვინო გადის, აქეთ-იქით მოძრაობაა და აბა, რას ვერჩით ამ რუსეთს. ასეთი განწყობის წინააღმდეგ ყველანი უნდა დავირაზმოთ. პოზიტიურსა და ნეგატიურს შორის წყალგამყოფი ნათლათ უნდა დავინახოთ. ზომიერებაა საჭირო, რადგან ზომიერების გადაცდომა ხელს შეუწყობს იმ ილუზიას, რომ ყველაფერი კარგადაა - უკვე ვცეკვავთ, ვთამაშობთ, სადღეგრძელოებს ვსვამთ... ამის დრო ჯერ არ მოსულა. წინ საკმაოდ რთული გზა გვაქვს და ჯერ ჩვენ მხოლოდ ჩიხური პროცესიდან გამოსვლას ვცდილობთ. ამიტომ, ისეთ ტერმინებს არ ვიყენებთ, როგორიცაა „წარმატება“, „პროგრესი“ და „გარღვევა“. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ გადადგმული ნაბიჯები არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მიმართ უნდა შევარბილოთ ან შევამციროთ კრიტიკა იმ წითელი ხაზების გამო, რასაც ჰქვია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, აღებული შეთანხმებების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვრებზე და მის შიგნით. ამ თვალსაზრისით პროცესი რთულია და მისი გამიჯვნა ძალიან ნათლად უნდა მოხდეს. იმის ილუზია არ უნდა შევქმნათ, რომ ყველაფერი კარგად არის - ყველაფერი კარგად არ არის და ალბათ, დიდ ხანს არ იქნება!“, - აცხადებს აბაშიძე.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ დასავლელ პარტნიორებს არ უნდა შეექმნათ ილუზია იმისა, რომ საქართველოს მათი დახმარება აღარ სჭირდება.

„პირიქით, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება დახმარება, რათა იყოს რუსეთზე ზეწოლა, რომ მათთან მოლაპარაკებების დროს საქართველოს თემა მუდმივად ფიგურირებდეს და ეს ვითარება სწორად იყოს გაცნობიერებული“, - განაცხადა აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა გამოსვლისას ყურადღება სოჭის ოლიმპიადაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა აუცილებელია თუნდაც იმის გამო, რომ საქართველო არ იყოს ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს უცხადებს და, საერთოდ, სპორტი პოლიტიკის გამო არ უნდა დაზარალდეს.