„პრეზიდენტის ვეტო და ნაციონალების ბოიკოტი ქრონიკული მოვლენა გახდა“

„პრეზიდენტის ვეტო და ნაციონალების ბოიკოტი ქრონიკული მოვლენა გახდა“

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და საპარლამენტო საქმიანობა დროებით შეწყვიტა. უმცირესობა თანაგუნდელების დაკავებებს აპროტესტებს და ხელისუფლებას ოპონენტთა დევნაში ადანაშაულებს. 

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნაციონალების მიმართ უპრეცედენტო შეტევა დაიწყო, რაც საკრებულოს წევრებისა და პარტიის სხვა ლიდერების გატაცებებსა და დაკავებებში გამოიხატება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ წამოწყებული სპეცოპერაცია საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. შესაბამისად, შეუძლებელია, რუტინულ რეჟიმში საქმიანობა გავაგრძელოთ და სერიალების აკრძალვის მიზნით, მომზადებული კანონპროექტები განვიხილოთ. უმცირესობის განადგურების პროცესი მიმდინარეობს და ამან ბოლო დღეებში, პერმანენტული ხასიათი მიიღო. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში გადავდივართ და საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ვაცხადებთ“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი, რომლის ცნობითაც, პარტია მომავალი საქმიანობის შესახებ გეგმებს უახლოეს დღეებში გაახმოვანებს.

ბოიკოტის რეჟიმზე საუბრისას, მიხეილ მაჭავარიანი ყურადღებას პარტიის განადგურების მცდელობაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ იერიში მიტანილია არა მხოლოდ თბილისის მერიაზე, არამედ პარტიულ ორგანიზაციაზე.

როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, ფინანსთა სამინისტრომ უნდა გაარკვიოს - თუ რატომ მოხდა 30 პირის დაკავება, მაშინ როდესაც, ისინი თურმე, მოწმის სახით უნდა დაეკითხათ.

„ფინანსთა მინისტრს ვთხოვთ, გაარკვიოს რა ხდება! ადამიანის უკანონო დაკავება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობააა. თუ მათი დაკავების სანქცია უკანონოდ იქნა გაცემული, მაშინ ამის შემსრულებლები პასუხისგებაში უნდა მიეცენ. ამ დრომდე, გაურკვეველი რჩება გუშინ, ჩატარებული სპეცოპერაცია იყო დაგეგმილი შეცდომა, თუ გაუგებრობა! ის ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, დღეს პოტენციურად დამნაშავეები არიან. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ოპოზიცია განადგურდეს“, - განუცხადა for.ge-ს მაჭავარიანმა.

მმართველი ძალა უმცირესობის ბოიკოტის საფუძველს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტო და ნაციონალების ბოიკოტი საქართველოს ქრონიკული მოვლენა გახდა.

როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, უმცირესობის ლიდერთა შეფასებები არალოგიკურია.

მისი თქმით, პარლამენტი არამარტო საკონმდებლო, არამედ პოლიტიკური ორგანოცაა. შესაბამისად, უმცირესობას ბოიკოტის გამოყენება შეუძლია.

„პრეზიდენტის ვეტო და ნაციონალების ბოიკოტი პარლამენტში ქრონიკული მოვლენა გახდა. შესაბამისად, ამ ყველაფერს განსაკუთრებულ დატვირთავს არ ვანიჭებ. შემიძლია მოსაზრება გამოვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ნაბიჯი ავნებს“, - აცხადებს ძიძიგური.

რაც შეეხება იმას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ რამდენად კანონიერად მოხდა დაკითხვაზე მოწმეთა მიყვანა, ამ საკითხზე,  ძიძიგური აცხადებს, რომ პროცედურებთან დაკავშირებით, კითხვები მასაც აქვს.

„შეკითხვები მეც მაქვს. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად არ გამოიყურებოდა, მაგრამ იმაზე არავის ენა არ მოუბრუნდება, რომ თქვას საქართველოში სასამართლო ახალი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ“, - აღნიშნავს ძიძიგური.

პარლამენტის მეორე ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უმცირესობის გადაწყვეტილებას არადეკვატურს უწოდებს.

„არ მგონია, პოლიტიკურ დევნასთან რაიმე კავშირი არსებობდეს. 50 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი და ნაციონალების პროტესტი რას ემსახურება - იმას, რომ მერია და გამგეობები მათი პარტიული ქვედანაყოფია?!  თუ მათ საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, პრეტენზიები აქვთ, ყველა მათგანს ადვოკატი ჰყავს და ასევე არსებობს სახალხო დამცველიც. რაც შეეხება იმ პრეტენზიას, რომ ნაციონალები არც უნდა დაიკითხონ, არც უნდა დაიბარონ და ა.შ. - ყველას ყველაფერი ვაპატიოთ?! - ეს რეჟიმი აღარ იქნება. ცხრა წლის განმავლობაში, ისინი ერთმანეთს ყველაფერს პატიობდნენ და ეს დრო დამთავრდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ  დადასტურდება, რომ დაკითხვაზე მოწმის მიყვანა კანონდარღვევით მოხდა, ამაზე რეაგირება იქნება, მაგრამ თუ 30 ადამიანს აქვს უკანონობა ჩადენილი მათ პასუხი უნდა აგონ“, - განუცხადა  for.ge-ს კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 50 მლნ ლარის გაფლანგვის ბრალდებით, ამ დროისთვის დაკავებულია ოთხი პირი. კერძოდ, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე და თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ლექსო თაბუაშვილი. ამავე საქმეზე გუშინ, ფინანსური პოლიციის მიერ 30 პირის დაკავება მოხდა, თუმცა, ისინი პატიმრობიდან გუშინვე გაათავისუფლეს.