მერიის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა, თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი გვიან ღამით ხელმეორედ დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვა პირებთან ერთად მიითვისეს და გაფლანგეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა 48 930 822 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182 -ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
დაკავებულები არიან თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდევების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავა. დაკავებულები საგამოძიებო სამსახურიდან ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს.
საქმის გამოძიება გრძელდება. გარდა ამისა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება.
საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდს“, რომელიც მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გამოძიება სწავლობს დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის მითვისება გაფლანგვის სამ ეპიზოდს. ფონდიდან სახელფასო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 13 852 497 ლარის გაფლანგვის ფაქტს, ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34 000 000 ლარის მითვისების ფაქტს და არამიზნობრივად ე.წ. ფურშეტებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისთვს დახარჯულ 719 862 ლარს.
პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმე მდგომარეობს შემდეგში - 2011 წლის ნოემბერში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო უბნების ე.წ. კოორდინატორების დაფინანსების მიზნით, გიორგი საბანაძის ხელმძღვანელობით დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები 719 პიროვნებაზე, რომლებიც, თითქოს, მუშაობდენენ „თბილისის განვითარების ფონდში“ შენობათა კვლევის სპეციალისტებად, თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. დამზადებული პლასტიკური ბარათები, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის ალექსი თაბუაშვილის მეშვეობით გადანაწილდა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ათი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე.
პლასტიკურ ბარათებზე ხელფასის სახით თანხები ირიცხებოდა ყოველთვიურად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე, საიდანაც თანხები პერიოდულად გამოქჰონდათ თაბუაშვილს, ავალიანს, ჩხეიძეს და მერიის და გამგეობის 30-მდე თანამშრომელს. ამ ქმედებით აღნიშნული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ უკანონოდ გაიფლანგა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი ფულადი თანხა 13 852 497 ლარის ოდენობით. გამოძიების მტკიცებით, აღნიშნული 719 პირიდან უმეტესობა მანამდე ფიქტიურად დასაქმებული იყო მერიის მიერ დაფუძნებულ „თბილსერვის“ ჯგუფში, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული.
მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მერის მოადგილემ - დავით ალავიძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი საბანაძემ, გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებინათ სახელფასო პლასტიკური ბარათები და პარტიული მიზნებისთვის საჭირო თანხები უშუალოდ გამოეტანათ საბანკო ანგარიშიდან. ფონდის ანგარიშიდან საბანკო ჩეკების საშუალებით, ნაღდი ფულის სახით, მათ 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შვიდჯერ გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი.
რაც შეეხება მესამე ეპიზოდს, გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით, შპს „სითი ივენთსა“ და შპს „ფართი ჰაუსს“, ფონდის სახელით გაუფორმეს ხელშეკრულებები, შესაბამისი მომსახურების გაწევაზე. 2012 წლის თებერვლიდან ივნისის თვის ჩათვლით ხსენებულმა საწარმოებმა ორგანიზება გაუკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით მოწყობილ ფურშეტებს, რომელთა ანაზღაურების სანაცვლოდ „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან გაიფლანგა 719 862 ლარი.
საერთო ჯამში „თბილისის განვითარების ფონდიდან“ უკანონოდ მითვისებული და გაფლანგული იქნა 48 930 822 ლარი.
თბილისის მერი გიგი უგულავა კი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს „ტერორი, აღვირახსნილი უკანონო ქმედებები და ოჯახების დაწიოკება“. უგულავა აცხადებს, რომ ის ამ ეტაპზე შეგნებულად არ შევა დეტალებში და არ დაიწყებს ამ საქმის განხილვას, რადგან მიაჩნია, რომ ამისთვის არის სასამართლო.
„არაერთი საქმე მიდის სასამართლოში და ჩვენ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას, დარწმუნებული ვარ შევძლებთ, თუმცა, ბუნებრივია, დიდ სკეპტიციზმს იწვევს ის ნაჩვენები კადრები, რადგან ბანკომატიდან ასეთი დიდი ოდენობით ფულის გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია და ასევე, ვისაც უსარგებლია ბანკომატით, ნებისმიერის კადრის ამოღებაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეს საბუთები, ბუნებრივია, ეჭვს იწვევს, თუმცა, მე შენგებულად ხაზს ვუსვამ - ამ საქმის დეტალებში არ ვაპირებ ჩაწვდომას ამ ეტაპზე,“ - აღნიშნა უგულავამ და აქვე განმარტავს, რომ ამ დაკავებებს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწარმოებს.
თავად შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, გამოიკვეთა მძიმე დანაშაული, რომელიც შეეხება დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვას და ატეხილი აჟიოტაჟი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ნიშნავს.
„გამოიკვეთა ძალიან მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობა. დაკავებულებს შორის ფიგურირებს ორი ვიცე-მერი. მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს. საქმე ეხება ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას, გაფლანგვას. საუბარია 50 მილიონი ლარის მითვისებაზე, მოპარვაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი. ერთადერთი ახსნაა, რომ ეს გამოწვეულია შიშისგან და მათი მცდელობა, რომ თავი აარიდონ ჩადენილი დანაშაულისგან პასუხისმგებლობას. ალბათ, მხოლოდ ამით აიხსნება ის პანიკა, ის ისტერიკა, რაც გვესმის ბოლო ორი დღის განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კანონი იქნება მკაცრი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფო სახსრები მიითვისა.
„კანონი იქნება მკაცრი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიითვისა სახელმწიფო სახსრები. არც-ერთი ყოფილი, ახლანდელი და მომავალი თანამდებობა, არ არის იმუნიტეტი იმისა, რომ წარსულში ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე პასუხი არ აგოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრულად დაცვით.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ახვლედიანისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ პირების დილით დაკავება და შემდეგ გამოშვება, თუ მათ 50 მლნ ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად. ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნული დაჭერებით საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლას ახორციელებენ.
„დაშინებით ცდილობენ საკრებულოში საწადელი ოცნების მიღწევას, უმრავლესობის დაშლას და ახალი უმრავლესობის წარმოქმნას,“ - ამბობს მამუკა ახვლედიანი.
ყოფილი პარლამენტარი, გენერალური აუდიტორის კონსულტანტი ანდრო ალავიძე კი გამოძიებისგან ითხოვს, გაარკვიონ რაში ედება ბრალი. ის ამბობს, რომ გამოძიება მისი პიროვნებით არ დაინტერესებულა და მასთან არავის დაურეკავს დაკითხვის მიზნით, თუმცა, ვიდეომასალაში, სადაც ნაჩვენებია, რომ გარკვეულ პირებს თანხა გამოაქვთ ბანკომატიდან, მათ შორის არის ანდრო ალავიძეც. მისი განმარტებით, თითქოს, მან ბანკომატიდან 853 000 ლარი გამოიტანა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„საშვთა ბიუროში განმიმარტეს, რომ გამომძიებლებთან შეხება არა აქვთ და მის საკონტაქტო ნომერსაც ვერავის გადასცემენ. ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ და კრედიტებს ვიხდი, უახლოეს დღეებში სასწავლებლად უნდა გავმგზავრებულიყავი უცხოეთში, თუმცა, მომხდარის გამო, ყველაფერი გავაუქმე და საქართველოში დავრჩი“, - განმარტა ანდრო ალავიძემ.
მერისს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს, პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები და მათ საპარლამენტო საქმიანობა შეწყვიტეს. ვიცე სპიკერი გიორგი ბარამიძე მერიის თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს.
„ცუდად შეთითხნილი საქმეა, რადგან ხელბორკილდადებული მოწმე არავის უნახავს. ოპოზიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროტესტის ყველა ფორმას. ვფიქრობ, საზოგადოება კარგად აფასებს შექმნილ მძიმე, უცნაურ და აღმაშფოთებელ, თეთრი ძაფით ნაკერ ვითარებას. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თუ ხელისუფლება არ უტოვებს სხვა გამოსავალს ოპოზიციას, ჩვენ გამოვიყენებთ კანონით მონიჭებულ იმ საშუალებებს პროტესტისა, რომელიც ჩვენ გვაქვს,“ - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
საიას თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მერიის თანამშრომელთა დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით მოხდა.
„დაკავებულ მაღალჩინოსნებს თავი არ აურიდებიათ მოწმედ დაკითხვაზე. ამდენად, ასეთი ფორმით დაკავების საჭიროება არ იყო. ამ ფაქტის სამართლებრივი გამართლება ვერ მოვისმინე, მომხდარი კი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს ამ დაკავებასთან დაკავშირებით და საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტებით უნდა დაინტერესებულიყვნენ,“ - აცხადებს კახა კოჟორიძე.