აჭარის მთავრობა ნაციონალების დაწყებულ საქმეს აგვირგვინებს - ინვესტორებს მიწებს ართმევენ

აჭარის მთავრობა ნაციონალების დაწყებულ საქმეს აგვირგვინებს - ინვესტორებს მიწებს ართმევენ

სამართლიანობის აღდგენა - ეს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება, თუმცა ამ ეტაპზე სამართლიანობ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქონებას შეეხო.

როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია აჭარაშიც. კერძოდ, for.ge-ს დაუკავშირდნენ აჭარის საზღვაო ზოლში სხვადასხვა ტიპის ობიექტების მქონე პირები, რომლებმაც მათი გასაჭირის შესახებ გვიამბეს.

საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს ეკუთვნოდა, ხოლო 2012 წელს ბათუმს შეუერთდა, სარფიდან მახინჯაურის ჩათვლით. ეს ტერიტორიები 2011 წლის მაის-ივნისში ხუთწლიანი იჯარით გადაეცათ კერძო პირებს, რომლებსაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციები უნდა განეხორციელებინათ, რათა საზღვაო სეზონზე აჭარაში ჩასულ დამსვენებელს მომსახურებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით, აღნიშნული ტერიტორიები ბათუმს მიუერთეს და ნაციონალურმა მთავრობამ მეიჯარეებს იჯარის ხელშეკრულებები შეუწყვიტა.

ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მაშინ ნაციონალებმა არგუმენტად მოიყვანეს ის, თითქოს, დაბების და რაიონების საკრებულოებს ამ ადამიანებთან იჯარის ხელშეკრულებები უკანონოდ ჰქონდათ გაფორმებული და ეს გახდა ამ კონტრაქტების გაწყვეტის საფუძველი. თუმცა, ჩვენი რესპოდენტი აღნიშნავს, რომ არაფერი უკანონო ამ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში არ ყოფილა, რადგან ყველა მოიჯარეს შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტები) ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული. ხუთწლიანი იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, მოიჯარეებს 2012 წლის ზაფხულში ერთწლიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს.

„ახლა საერთოდ კომიკურ სიტუაციაში ვართ ჩავარდნილები, რადგან მოიჯარეების მიერ აშენებულია ობიექტები, ჩადებულია ინვესტიციები, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, მაგრამ ყველაფერი პარალიზებულია, რადგან ბათუმის მერიამ ამ მიწებზე სამთვიან იჯარაზე ტენდერი გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ტენდერის პირობებით იჯარის გადასახადი დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი. ამასთანავე, ტენდერი გუშინ გამოცხადდა, სატენდერო განაცხადების მხოლოდ 3 ივლისამდეა და იჯარა სამ თვეზე უნდა გაფორმდეს. ეს არასწორია, რადგან ახლა ამგვარი ტენდერის გამოცხადება დაგვიანებულია, ვინაიდან საკურორტო სეზონი უკვე დაწყებულია და ახლა ვინმემ ტენდერში რომც გაიმარჯვოს, როდისღა უნდა მოხდეს ობიექტების მოწესრიგება, ამუშავება და ა.შ. უბრალოდ, გაუგებარია“, - აცხადებს ჩვენი რესპოდენტი.

მისი თქმით, წელს ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობაა აჭარაში ჩასული. ამ დროს, სანაპირო ზოლში ტურისტების მომსახურებისთვის საჭირო ობიექტები ამ გაუკრვევლობის გამო მთლიანად პარალიზებულია, ვინაიდან ადამიანები, რომლებსაც ეს ტერიტორიები იჯარით ჰქონდათ აღებული, იქ ვეღარ მუშაობენ, ახალი მოიჯარეები კი ჯერ არ არსებობენ. ჩვენი რესპოდენტის თქმით, ყველა მოიჯარემ ამ ობიექტებში გარკვეული ინვესტიციები ჩადო, დაახლოებით 10-დან 150 ათას ლარის ოდენობით, მაგრამ იმის გამო, რომ მათ ხელშეკრულებები გაუუქმეს, არათუ რაიმე მოგების მიღების, არამედ ამ ინვესტიციების ამოღების საშუალებაც კი არ მიეცათ. ამიტომ მოიჯარეები ახალი ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მათთვის უკანონოდ შეწყვეტილი ხუთწლიანი ხელშეკრულებების აღდგენა მოხდეს და მათ მუშაობის საშუალება მიეცეთ.

27 ივნისს ბათუმის მერიასთან მახინჯაურში ამგვარი ობიექტების მფლობელებმა ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქციაც მოაწყვეს.

For.ge კომენტარისთვის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს საიჯარო ხელშეკრულებები გაუფორმეს, ის შენობა-ნაგებობები საჯარო რეესტრში არ იყო დარეგისტრირებული. ხოლო როდესაც ეს ტერიტორიები გაიყო და მათ ნაწილი ბათუმის თვითმმართველობას გადაეცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ხელშეკრულებები ავტომატურად გაწყვიტა. ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ეს საკითხი კანონიერ ჩარჩოებში მოქცეულიყო, ერთადერთი, რაც ბათუმის მთავრობას შეეძლო, ეს იყო სეზონური ტენდერის გამოცხადება და ასეც მოიქცნენ.

„არავის აქვს ათი თავი, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები შეცვალოს და საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენოს. ახლა ტენდერი ელექტრონული ფორმით გამოცხადდა და თავისთავად ამას უკმაყოფილება მოჰყვა. გუშინ მახინჯაურშიც იყო პროტესტი. მე და ქალაქის მერი მივედით და შევთანხმდით, რომ იმ ადამიანების საკითხს, ვისაც იქ კაპიტალური შენობები აქვთ აშენებული, პერსონალურად განვიხილავდით“, - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

მისი თქმით, ბათუმის მერია და საკრებულო შეეცდებიან, რომ ამ ადამიანების საკითხი გარკვეულ კანონიერ ჩარჩოებში მოექცეს. კერძოდ, ვისაც მრავალათასიანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული, ბათუმის მერია მათ საკითხს ინდივიდუალურად შეისწვალის და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ვინაიდან ბათუმის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბათუმის მერი შეხვდა, for.ge მასაც დაუკავშირდა. ჯემალ ანანიძე განმარტავს, რომ თუკი მოიჯარეები თვლიან, რომ იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება უკანონოდ მოხდა, მათ უფლება აქვთ, სასამართლოს მიმართონ. ბათუმის მერის თქმით, ამ ადამიანებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვა, რის შემდეგაც ბათუმის მერიის იურისტები შეისწავლიან იმას, თუ რამდენად სამართლიანად მოხდა იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება. ჯემალ ანანიძის განცხადებით, შაბათ-კვირას მერიის იურისტები იმუშავებენ ამ თემაზე და სავარაუდოდ ორშაბათამდე მოხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება.

ჯემალ ანანიძე: „თუ მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა შეწყდეს გამოცხადებული აუქციონები იქ, სადაც ხელვაჩაურმა გასცა ნებართვები, რომლებიც შემდეგ გაუქმდა, ამის საფუძველზე აუქციონები შეწყდება. პრობლემა იყო ის, რომ ხელვაჩაურმა გასცა მიწები, რომლებსაც არ ჰქონდა საკადასტრო კოდი, ცალკე ერთეულად არ იყო რეგისტრირებული, მიწები დაარიგეს ასე - ასი კვადრატული ამას, ორასი კვადრატული იმას და ა.შ. თუმცა რომელი სექტორები იყო, საჯარო რეესტრში ეს დარეგისტრირებული არ იყო, ანუ საკადასტრო კოდები ამ მიწებს მინიჭებული არ ჰქონდა.

შესაძლოა, მაგრამ ბატონო ჯემალ ეს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა, ხოლო ამ ადამიანებმა ამ ტერიტორიებზე განთავსებულ ობიექტებში სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს და ხომ უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება?

- გარკვეული თანხები ჩადეს, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ ხელვაჩაურმა გასცა ეს მიწები უკანონოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ხოლო თუ ჩაითვალა, რომ ეს ხელშეკრულებები ბათუმის მერიამ გააუქმა უკანონოდ, მაშინ ბათუმის მერიამ უნდა მოახდინოს საკუთარი გადაწყვეტილების გაუქმება და ხელშეკრულებები აღუდგინოს ამ ადამიანებს. ყოველ შემთხვევაში, მათი ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ჩვენ.