„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ დღევანდელი დღის ბოლო ნაწილი თავდაცვის პოლიტიკის საკითხების განხილვას დაეთმო. მესამე პანელის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, სამინისტროს სისტემის გამჭვირვალობის საკითხი, ნატოსთან თავსებადობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები განიხილეს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს ძირითად ასპექტებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან განსაკუთრებით აღნიშნა თავდაცვის ტრანსფორმაციის კონტექსტში თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მნიშვნელობა. ირაკლი ალასანიამ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, განსაკუთრებით კი შესყიდვების სფეროში გამჭვირვალობის გაზრდის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ იყენებს თავდაცვის უწყება რესურსებს და როგორ ავითარებს შესაძლებლობებს. თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა სტუმრებს თავდაცვისა და უსაფრთხოების რეფორმებში მხარდაჭერისათვის.
პანელის მომხსენებლები იყვნენ ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს, დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე ეველინ ფარკასი და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე. დისკუსიას მოდერაციას უწევდა საქართველოს საგარეო ურთიერთობების საბჭოს წევრი მამუკა კუდავა.