ნატოს გაფართოების საკითხზე იმსჯელეს ბათუმში, „თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე“. ფორუმის მეორე ნაწილზე, „ნატოს გაფართოება - ტენდენციები და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდნენ ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის მუდმივი წარმომადგენლები ნატოში და მაკედონიის თავდაცვის მინისტრი ტალატ ხაფერი. პანელს მოდერატორობას უწევდა საქართველოს ელჩი ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილი. გამოსვლების შემდეგ ნატოს გაფართოების თემაზე დისკუსია გაიმართა.
„მომავალ წელს ნატოს დიდი გაფართოებიდან ათი წელი გავა, როდესაც ალიანსს შვიდი ქვეყანა შეუერთდა. ხუთი წლის შემდეგ კიდევ ორი კანდიდატი გახდა ნატოს წევრი. მომავალ სამიტამდე კიდევ ერთი წელი დარჩა. ჯერ არ ვიცით სად ჩატარდება და რა იქნება სამიტის თემა, თუმცა გაფართოების საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში. დღეს ვიმსჯელეთ ნატოს გაფართოების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ჩემი აზრით, ეს ყოველთვის უწყობდა ხელს ევროპაში მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას. საუბარი შეეხო ოთხი კანდიდატი ქვეყნის მზადყოფნის საკითხს და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ორი დღის წინ დასრულდა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში და სწორედ ეს თემა იყო შეხვედრებზე აქტიური განხილვის საგანი. ჩვენი ამოცანაა, როგორ მოვამზადოთ ეს ქვეყნები წევრობისათვის, რათა გაფართოების შესახებ სტრატეგიული განხილვა კვლავ განახლდეს.“ - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში კესტუტის იანკაუსკასმა.
დღის ბოლოს კონფერენციის მონაწილეები თავდაცვის პოლიტიკაზე იმსჯელებენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად ხვალ დაიხურება.