ბოლო წლებში თითქმის ყველა სამშენებლო კომპანია გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დადგა. ცნობილი დეველოპერები გაკოტრების ზღვარზე იმყოფებიან. ერთ-ერთი ასეთი პროექტი სამშენებლო კომპანია „ევორდს“ ეკუთვის. უკვე მერამდენე წელია დაზარალებულთა პრობლემა ისევ გადაუჭრელია. ამჯერად, ისინი ახალი ხელისუფლების და პროკურატურის უნიათობაზე ალაპარაკდნენ.
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ამხანაგობა „გაზაფხული“ 2005 წელს შეიქმნა. საცხოვრებელი სახლის მშენებლობაც 2005 წლიდან მიმდინარეობს. როგორც მომავალ მობინადრეებს უთხრეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში ისინი ბინას მიიღებდნენ. მის დასრულებას დღესაც 170 ოჯახი ელოდება.
მობინადრეებს აქვთ ეჭვი, რომ კომპანიის ხელმძღვანელი ლევან საყვარელიძე საერთო ენას ახალ ხელისუფლებასთანაც პოულობს და პასუხისმგებლობის ასაცილებლად ყველა ხერხს მიმართავს. დაზარალებულები კატეგორიულად ითხოვენ, რომ „ევორდის“ საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცეთ საკუთრებაში მათ ან მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიას.
ამხანაგობა „გაზაფხულის“ თავმჯდომარის, ვალერი ზარდიაშვილის თქმით, მათ აქვთ შიში, რომ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი შეგნებულად თუ შეუგნებლად არ შეიყვანონ შეცდომაში, რაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე, დაზარალებულების საზიანოდ, მოახდენს გავლენას.
„პროცესი თითქმის გაიყინა, რაც ძალიან გვაშინებს. ვშიშობთ, არ გადაიდგას ჩვენთვის საბედისწერო ნაბიჯი და ის ქონება, რომელიც დღეს სახელმწიფოს ხელშია და რითაც უნდა მოხდეს მშენებლობის დასრულება, საყვარელიძის ან მის მიერ ფიქტიურად წარმოდგენილი კომპანიის ხელში არ აღმოჩნდეს. ამას ვამბობ იმიტომ, რომ გვაქვს ვარაუდი „ევორდის“ ხელმძღვანელი მთავრობის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ცდილობს მათ შეცდომაში შეყვანას, წარმოაჩენს რა თავს ე.წ. დაზარალებულ ბიზნესმენად.
იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის სამინისტრო ჩვენთან შეთანხმების გარეშე გადასცემს ამ ქონებებს საყვარელიძეს ან მის ფიქტიურ კომპანიას, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, ვაპირებთ მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებას, რათა თავი დავიცვათ და თაღლითების ხაფანგში ხელმეორედ არ აღმოვჩნდეთ“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
სხვათა შორის, 2011 წელს „ევორდმა“ ამხანაგობის წევრებთან შეთანხმების გარეშე შენობას 2 თუ 3 სართული დაამატა. მერიამ ნებართვა გასცა, რომ სართულები დამატებოდა. შესაბამისად, საყვარელიძეს ნებართვის მიღებამდე არქიტექტურის სამსახურში ე.წ. კოეფიციენტის თანხა უნდა გადაეხადა.
როდესაც მობინადრეებმა მშენებლობის გაგრძელება დააპირეს, აღმოჩნდა, რომ ეს თანხა გადახდილი არ ყოფილა და შესაბამისად, მშნებლობას ვეღარ აგრძელებენ.
„დაზარალებულებში იმდენად დიდია მღელვარება, რომ სერიოზული საშიშროებაა საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მივიდეს. კანონიერ გზას მივყვებით და სამართალდამცავები უკანონობისკენ გვიბიძგებენ. გვეშინია, გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩვენს საწინააღმდეგოდ არ მიიღონ. არიან კომპანიები, რომლებსაც ფინანსურად გაუჭირდათ, მაგრამ ღირსეულად იქცევიან და თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა. ჩვენ კი პროფესიონალ თაღლითებთან გვაქვს საქმე“, - აცხადებენ დაზარალებულები.
For.ge-ს ინფორმაციით, ლევან საყვარელიძე ყოფილი მთავარი პროკურორის, დღევანდელი საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის ნათესავია და არჩევნებამდელი პროკურატურა რატომ არ იყო დაინტერესებული საქმის კვალიფიციურად გამოძიებით, ყველასათვის გასაგებია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დღეს საქმეს იგივე ხალხი იძიებს, რომელსაც მშენებარე სახლის მობინადრეები პასიურობაში ადანაშაულებენ, ამიტომაც იმედი არ აქვთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქმის ობიექტურად გამოძიება მოხდება.