ადგილობრივი მეწარმეები დენის, გაზის და წყლის ტარიფების შემცირებას ითხოვენ. რამდენიმე დღის წინ მათ ენერგომატარებლებზე გადასახადის დაწევა მოითხოვეს, მაგრამ ხელისუფლებისგან უარი მიიღეს. ამჯერად კი წყლის ტარიფის შემცირებას ითხოვენ.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა ენერგომატარებლებზე ტარიფის შემცირება გამორიცხა. პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის ინიციატივა მან ნაადრევად მიიჩნია. ელოშვილის მტკიცებით, ტარიფის დაწევის რეზერვი ქვეყანაში არ არსებობს.
მასვე დაეთანხმა ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, რეზო არველაძე, რომლის აზრითაც ტარიფის შემცირება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი მთავრობა სუბსიდირების გზას მიმართავს.
„ჩემი გათვლებით მეწარმეებისთვის ტარიფების შემცირების შანსი არ არსებობს. შეიძლება ბუნებრივი აირის 5-თეთრით დაკლებაზე გაიმართოს მსჯელობა, თუმცა ესეც საეჭვოა. ელექტროენერგიის ამაზე მეტად გაიაფება კი წარმოუდგენლად მიმაჩნია. ტარიფი უნდა იყოს ხარჯზე ორიენტირებული, თუმცა მე სრული ინფორმაცია არ მაქვს. საერთოდ კი, ტარიფები რეალური უნდა იყოს“, - ამბობს არველაძე.
ამ პასუხის მიღების შემდეგ, პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ ძალისხმევა წყლის ტარიფის შემცირებისკენ მიმართა. მისი აზრით, თუ ხელისუფლება ამ ეტაპზე ენერგომატარებლების ტარიფის ღირებულების შემცირებას ვერ მოახერხებს, წყლის ტარიფის შემცირებაზე ფიქრი მაინც უნდა დაიწყოს.
დოლიძის განმარტებით, ამ დროისთვის კომპანიები 100 კუბურ მეტრ წყალში 4.20 ლარს იხდიან, მაშინ როდესაც საქართველოს წყლის დიდი რესურსი გააჩნია.
„ევროპის ქვეყნებში კომპანიებისთვის ენერგომატარებლებისა და წყლის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე სამომხმარებლო, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება“, - აცხადებს დოლიძე.
მისივე თქმით, დღეს ენერგომატარებლების და წყლის მაღალი ღირებულება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფების საშუალებას არ იძლევა.
დოლიძის განმარტებით, დღეს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული პროდუქცია ქართულზე გაცილებით იაფია, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში პროდუქციის თვითღირებულების შემცირებისთვის ყველაფერი კეთდება, საქართველოში კი ამ მხრივ არავითარი ნაბიჯები არ იდგმება.
„მარტო ღვინო ხომ არ არის ჩვენი ქვეყანა? მიხარია, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კვების პროდუქტებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ?! არ ვიცი რა იქნება მეწარმეების მორიგი ნაბიჯი. ტრიბუნა ჩვენ არ გვაქვს, რომ ენერგომატარებლების შემცირება მოვითხოვოთ, ალბათ, ისევ პრემიერთან შეხვედრას დაველოდებით“, - აცხადებს დოლიძე „კომერსანტთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ისინი ამ საკითხის დასმას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოხრეიძის აზრით, როდესაც საუბარია ტარიფების შემცირებაზე უნდა არსებობდეს არგუმენტირებული საბუთი, კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება შემცირება და რა გავლენას მოახდენს მეწარმის საოპერაციო ხარჯებზე. მეწარმეები კი ირწმუნებიან, რომ ტარიფების შემცირებით ადგილობრივი ნაწარმი აუცილებლად გაიაფდება, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება წარმოების პროცესზეც.