ხელოვნების მუზეუმის ძარცვის დეტალები

ხელოვნების მუზეუმის ძარცვის დეტალები

დაკეტილი საგამოფენო დარბაზები; ერთ სივრცეში თავმოყრილი ექვსი ფონდსაცავი; კიბის ქვეშ დაყრილი ქანდაკებები; იქვე, კედელთან აყუდებული პოლიეთილენის პარკშემოხვეული ნამუშევრები; ჩამონგრეული, წყალჩამონადენი კედლები; დატეხილი ბლოკებით მიმოფანტული დარბაზი; გატანილი და უკან არდაბრუნებული ფიროსმანის ტილოები და სხვა ექსპონატები; ყინვისგან ხელებაკანკალებული და ზაფხულში სიცხისგან გათანგული, არაადამიანურ პირობებში მომუშავე რესტავრატორები და მუზეუმის სხვა თანამშრომლები - ამგვარი ვითარებაა დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რომელიც 2004 წლის 30 დეკემბრიდან ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაშია შესული.

ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტებს, საკუთარი თვალით ნანახს და ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, მათივე თანდასწრებით, პასტითა და ფურცლით გაკეთებულ ჩანაწერებს. სტატიის ბოლოს შეგიძლიათ უყუროთ ხუთწუთიან ვიდეოკადრებს, რომელიც მედია-კავშირ „ობიექტივის“ წევრებმა - ნატა თარხან-მოურავმა და ეკა სარალიძემ გადაიღეს. 22 ივნისს ამ ვიდეოკადრების „ობიექტივის“ ეთერში გასვლის შემდეგ ხელოვნების მუზეუმში, ლამის ყოველ ნაბიჯზე გააკრეს ვიდეოგადაღების ამკრძალავი ნიშნები, დაიწყეს იმ ბიუსტების რეცხვა და გაწმენდა, რომელიც კიბის ქვეშ იყო შეყრილი.

ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელთა განმარტებით, სამუზეუმო გაერთიანების შექმნამდე ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის 146 ნამუშევარი ინახებოდა. ამჟამად იქ დარჩენილია 27 ნამუშევარი. ერთ სივრცეშია მოთავსებული ექვსი ფონდი:

1) ახალი ქართული და თანამედროვე ქართული ხელოვნების, 2) ქართული ფერწერის, 3)ქართული გრაფიკის, 4)ქანდაკების და გამოყენებითი ხელოვნების, 5)რუსული ხელოვნების, 6)დასავლეთ ევროპის და მახლობელი უცხოეთის. ექვსი ფონდსაცავი ერთ სივრცეში (საგამოფენო სივრცეში) 2005 წელს მოაქციეს. მიზეზად დაასახელეს აღწერა და რემონტისთვის მზადება.

ხელოვნების მუზეუმიდან გადაიტანეს აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების ექსპოზიცია და ფონდები. იმ მიზნით, რომ მზადდებოდა „დიდი გამოფენა“, შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ექსპოზიცია დახურეს, 2010 და 2011 წლებში საექსპოზიციო დარბაზებიდან ექსპონატები გაიტანეს. ეროვნულ მუზეუმს სამი წლის წინ დაპირებული გამოფენაც არ მოუწყვია, არც წაღებული ნივთები დაუბრუნებია. ხელოვნების მუზეუმიდან გადაიტანეს დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინიშვილის გადაღებული ფოტომასალა.

წინაქრისტიანული ხანის ექსპოზიციიდან 2010 წლის გაზაფხულზე 150-მდე ნივთის გადატანა უნდოდათ, მაგრამ საწადელს ნაწილობრივ მიაღწიეს - 2011 წელს დაახლოებით 40 ნივთი წაიღეს ერთი წლით, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკან დღემდე არ დაუბრუნებიათ.

ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიზანმიმართულად განხორციელდა მუზეუმის ძარცვა და გაჩანაგება, რომ ხელოვნების მუზეუმი დარჩენილი ექსპონატების საწყობია და აღარ ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი, თუ არ ჩავთვლით იქ გამოფენილ, მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურს, რომლის გადატანა არაერთხელ სცადეს.

ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელთა უდიდესი უმრავლესობა ეროვნული მუზეუმის გაერთიანებისგან ცალკე გამოყოფას წერილობით ითხოვს, გასული წლის ნოემბრიდან, მაგრამ ამაოდ - ჯერჯერობით, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ელდარ შენგელაიას ქართულ მხატვრულ ფილმ „ცისფერ მთებში“, მათ განცხადებას ერთი ადგილიდან მეორეში აგზავნიან, რეზოლუციით - „განიხილეთ და გვაცნობეთ“, მაგრამ ჯერ არაფერი უცნობებიათ, უცხოეთში ხშირი სტუმრობებით დროწართმეულ კომპეტენტურ პირებს, მათ ხელოვნების მუზეუმისთვის ჯერ ვერ მოიცალეს.

მუზეუმების თავმოყრა ერთპიროვნული მმართველის ხელში

მუზეუმების გაერთიანება და მათი თავმოყრა ერთპიროვნული მმართველის ხელში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო.

2004 წლის 30 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ექვსპუნქტიანი ბრძანება N626 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ, რის შემდეგაც ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ:

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი, გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმ-ნაკრძალი.

ზემოხსენებულ ბრძანებაში სააკაშვილმა იმჟამინდელ კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილს დაავალა: მუზეუმზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მუზეუმის დებულების დამტკიცება და „წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა“. სხვა დავალებებთან ერთად სააკაშვილმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაავალა ზემოთ ჩამოთვლილი მუზეუმების ბალანსზე არსებული ქონების გადაცემა ეროვნული მუზეუმისთვის. ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორად დავით ლორთქიფანიძე დაინიშნა.

სააკაშვილის N626 ბრძანების საფუძველზე მინისტრმა გაბაშვილმა 2005 წლის 13 იანვარს გამოსცა ბრძანება N3/4 ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ. ცალსახად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დოკუმენტი მუზეუმების გაერთიანების ერთპიროვნული მმართველისთვისაა შექმნილი. დებულებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული მუზეუმი შექმნილია განუსაზღრელი ვადით, მუზეუმის მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს მუზეუმის გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი!

დებულების მიხედვით, მუზეუმის საკონსულტაციო ორგანოა სამეცნიერო საბჭო, რომლის არსებობის შესახებ პირადად მე არაფერი მსმენია. საბჭოს თაობაზე ინფორმაცია ვერც მუზეუმის ვებ-გვერდზე მოვიძიე. ამასთან, დებულების თანახმად, „მუზეუმის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას მუზეუმის მზრუნველთა საბჭო“, რომლის შექმნაზეც ასევე გენერალურ დირექტორს უნდა ეზრუნა. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ქვედანაყოფების დამტკიცებაც გენდირექტორს დაევალა. იქვე მითითებულია, რომ ეს სტრუქტურული ქვედანაყოფები (ანუ ის მუზეუმები, რომელსაც ერთ გაერთიანებაში თავი მოუყარეს) არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. გენდირექტორის მოადგილეების, ფუნქციების, მოვალეობების განსაზღვრა და მათი დანიშვნაც გენდირექტორის კომპეტენციაში შევიდა.

გოკა გაბაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანებიდან საინტერესო ჩანაწერებს გთავაზობთ, რაც ეროვნული მუზეუმის გენდირექტორის ერთპიროვნულ მმართველობას ადასტურებს: „მუზეუმის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება არ არის შეზღუდული რაიმე სახის საქმიანობით. იგი უფლებამოსილია ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს, მუზეუმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“. „ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა მოძრაობას, ექსპონირებას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას, კანონით დადგენილ ფარგლებში იღებს მუზეუმის გენერალური დირექტორი“.

შეუძლებელია აქვე არ მოვიყვანო მაგალითებად ფიროსმანის ტილოს სააკაშვილის რეზიდენციაში გადატანა, რასაც ხმაური მოჰყვა; ხელოვნების მუზეუმიდან ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების ახალციხეში ძალადობით წაღების მცდელობა, რასაც ასევე ხმაური მოჰყვა და სვანეთის საგანძური, რომელიც აქეთ-იქით ატარეს, ამყოფეს სამშენებლო ნაგავში, მტვერში, ვიბრაციაში, ნესტიან, დაბზარულ კედლებიან და მეწყერმიმდგარ შენობაში და ბოლოს, გადაიტანეს, ქიმიური ანაორთქლებით გაჯერებულ ახლადაშენებულ მუზეუმში.

გაბაშვილის ხელმოწერილი დებულების ბოლო პუნქტში მითითებულია, რომ „მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამსიად“. ეს საკითხი აქტუალური ჯერჯერობით არ არის, მაგრამ არსებობს უამრავი კითხვა, ეროვნულ მუზეუმში არსებულ ფინანსურ და სხვა სახის საგანგაშო დარღვევებზე, რაც აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა აღმოაჩინა (აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა გაზეთ „ახალ თაობაში“ 11-12 მაისისა და 25-26 მაისის ნომრებში). ამ დასკვნის ირგლივ სტატიას ვამზადებ და უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გოკა გაბაშვილის მიერ 2005 წლის 13 იანვრით დათარიღებულ დებულებაში (მუხლი N1, პუნქტი 5) ჩამოთვლილია ის მუზეუმები, რომლებიც შესულია ეროვნულ მუზეუმებში. ხელოვნების მუზეუმთან, ისტორიის მუზეუმთან, ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმთან და ვანის მუზეუმ-ნაკრძალთან ერთად მითითებულია:

დმანისას მუზეუმ-ნაკრძალი, ლ.დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი, ო.ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტი, სახელმწიფო მუზეუმი - საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. საინტერესო ისაა, რომ აქ ჩამოთვლილი მუზეუმების გაერთიანებაში შეყვანის შესახებ ბრძანებები სააკაშვილმა მოგვიანებით გამოსცა:

2005 წლის 4 ოქტომბერს ბრძანებულება N818-ით ეროვნულ მუზეუმის რეორგანიზაცია და მის დაქვემდებარებაში დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის გადასვლა ბრძანა; 2006 წლის 17 აპრილის ბრძანებულება N260-ით მორიგი რეორგანიზაცია და ეროვნული მუზეუმისთვის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მიერთება ბრძანა; 2007 წლის 15 მარტს ბრძანებულება N180-ით სააკაშვილმა ბრძანა ეროვნულ მუზეუმს შეერთებოდა: ო.ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტი, გ.ნიორაძის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტი, სახელმწიფო მუზეუმი - ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

2008 წლის 30 აპრილს სააკაშვილმა მორიგი ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც კიდევ ერთხელ უნდა მომხდარიყო ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაცია, რადგან მას გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი უნდა მიერთებოდა. ესაა ჩემს ხელთ არსებული და ინტერნეტით მოძიებული დოკუმენტებიდან ამონარიდები. ამჟამად ეროვნული მუზეუმის გაერთიანება უფრო დიდია. ეროვნული მუზეუმის ვებგვერდის შემდეგ მისამართზე http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=87 განთავსებული ჩამონათვალის მიხედვით, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის:

საქართველოს მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, თბილისის ისტორიის მუზეუმი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, ეროვნული გალერეა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი, სვანეთის მუზეუმი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი, სიღნაღის მუზეუმი, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი, ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი, თბილისის არქეოლოგიური საცავი, მცხეთის საცავი და გურჯაანის საცავი.

„გთხოვთ, გაეცნოთ სიტუაციას და მიიღოთ სათანადო ზომები“

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლები აღმოჩდნენ ერთადერთნი, რომლებიც სამუზეუმო გაერთიანებიდან გამოყოფას ოფიციალურად მოითხოვენ. 2012 წლის 15 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მუზეუმის ასამდე თანამშრომელმა განცხადებით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია:

„...გაერთიანების შედეგად მუზეუმებს დაეკარგა ისტორიულად ჩამოყალიბებული ინდივიდუალური სახე, მკაფიოდ გამოკვეთილი ფუნქცია. მუდმივმოქმედი, მრავლისმთქმელი ექსპოზიციების ნაცვლად მივიღეთ ერთი მხრივ დაკეტილი დარბაზები, ხოლო მეორე შემთხვევაში უსახური, დროებითი გამოფენები. ცუდმა კომუნიკაციამ გაართულა ახლადშექმნილი გაერთიანების მართვა, შეიქმნა პრობლემები... შექმნილი მდგომარეობის ნორმალიზაციისთვის, გთხოვთ, ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნოთ პირვანდელი სახე და გამოათავისუფლოთ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობისგან, დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსის აღდგენით. გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, სამუზეუმო კულტურული მემკვიდრეობა მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას. გთხოვთ, გაეცნოთ სიტუაციას და მიიღოთ სათანადო ზომები“.

ამ კოლექტიურ განცხადებაზე პასუხი კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარმა 2012 წლის 20 დეკემბერს გასცა - „სამინისტრო უახლოეს პერიოდში განიხილავს აღნიშნული მუზეუმისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხს და გადაწყვეტილების შესახებ დამატებით გაცნობებთ“.

რადგან ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებისთვის არაფერი უცნობებიათ, 2013 წლის 14 ივნისს პრემიერ-მინისტრსა და კულტურის მინისტრს ხელმეორედ მიმართეს. მათთვის სამინისტროდან არაფერი უცნობებიათ. სამაგიეროდ, მთავრობის კანცელარიიდან გამოუგზავნეს იმ დოკუმენტის ასლი, რომლთაც გურამ ოდიშარიას მიმართეს: „...გთხოვთ, უზრუნველყოფთ სათანადო რეაგირება, თქვენი კომპეტენციის შესაბამისად და შედეგების თაობაზე პასუხი გვაცნობოთ“. 18 ივნისით დათარიღებულ ამ დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის უფროსი ლევან ერიქაშვილი.

კულტურის მინისტრი 1 ივლისს ჟურნალისტებს გააცნობს უკვე განსაზღვრულ პრიორიტეტებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებს. ალბათ, 1 ივლისს გახდება ცნობილი აქვს თუ არა სააინისტროს მკაფიოდ განსაზღვრული პოზიცია სამუზეუმო გაერთიანებიდან ხელოვნების მუზეუმის გამოყოფის და წართმეული იურიდიული სტატუსის აღდგენის თაობაზე.