ცოტა ხნის წინ, სომხეთის მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარემ – ავაგ არუთუნიანმა განაცხადა, რომ საფერავის ჯიშის ყურძენი ათას წელზე მეტია, სომხეთის ჩრდილოეთით ხარობს და ჯერ კიდევ საკითხავია, პირველმა ვინ დაიწყო საფერავის მოყვანა - ქართველებმა თუ სომხებმა?
სომხეთის მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აპირებს, ცნობილი ქართული ყურძნის ჯიშების აბორიგენულობის დამადასტურებელი ლიცენცია ევროკავშირში აიღოს და ამ გზით, ქართულ ღვინოს გზა გაეხსნას ევროპის ბაზრებისაკენ.
არუთუნიანმა ასევე განაცხადა: “საფერავი ყურძნის ჯიშია, სადღეისოდ კი არავითარი საერთაშორისო დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც ყურძნის ამა თუ იმ ჯიშს რომელიმე სახელმწიფოს საკუთრებად აცხადებს. ხომ არ მოითხოვენ, მაგალითად, ფრანგები, რომ შარდონე მათ გარდა, არავინ აწარმოოს მხოლოდ იმიტომ, რომ შარდონე თეთრი ყურძნის ფრანგული ჯიშია?! ღვინოები “კახეთი“ და “მსხალი“, მაგალითად, სომხური ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ ხარობს, მათი სახელწოდება კი საქართველოს გეოგრაფიულ სახელწოდებებს შემთხვევით ემთხვევა“.
რეალურია თუ არა არუთიანიანის პრეტენზიები და საერთოდ, რამდენად სამართლიანია სომხების მხრიდან, საფერავის და სხვა ქართული ჯიშის ვაზის მითვისება, ამ საკითხზე გვესაუბრება, მეღვინე – მალხაზ ჯაყელი, კომპანია “ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოების“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წარმომადგენელი, რომელსაც “სომხურად დასახელებული“ საფერავის ჯიშის ვაზი აქვს გაშენებული სოფელ ხაშმში, საგარეჯოს რაიონი ...
ცოტა ხნის წინ, სომხეთის მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარემ – ავაგ არუთუნიანმა განაცხადა, რომ "საფერავის" ჯიშის ყურძენი ათას წელზე მეტია, სომხეთის ჩრდილოეთით ხარობს და ჯერ კიდევ საკითხავია, პირველმა ვინ დაიწყო "საფერავის" მოყვანა - ქართველებმა თუ სომხებმაო. რამდენად რეალურია მისი ეს მოსაზრება და, საერთოდ, საფერავზე სომხებს შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია?
– ივანე ჯავახიშვილის განმარტებით ”საფერავი“ვაზის უძველესი, საუკეთესო ქართული ჯიშია, რომელიც წარმომავლობით კახური უნდა იყოსო. ისე, კახეთი სომხეთის ჩრდილოეთით კი არის ... არ ვიცი, მე ივანე ჯავახიშვილს ვუჯერებ, რომელიც გარდა იმისა რომ უდიდესი მეცნიერი იყო, გამოირჩეოდა თავისი პატიოსნებითა და პრინციპულობით.
ჩვენც ვაწერთ და გვაქვს ღვინოები ვაზის ფრანგული ჯიშებიდან კაბერნე, შარდონე, მერლო და ა.შ., მაგრამ ხომ არ ვამბობთ ეს ჯიშები საქართველოს სამხრეთით ან დასავლეთით ხარობდა და ფრანგულია თუ ქართული ჯერ კიდევ გასარკვევიაო.
ობიექტურები რომ ვიყოთ, ჩემი აზრით, მათაც შეუძლით დააწერონ ”საფერავი”, მაგრამ მაშინ მართლა საფერავისაგან უნდა იყოს ეს ღვინო დაყენებული და თუ მიანიშნებენ, რომ ეს ქართული ვაზის ჯიშია, კარგი იქნებოდა იმიტომ, რომ მერლო და შარდონე საყოველთაოდ გავრცელებული და ცნობილი ჯიშებია და მაგალითად “ცუდი ქართული“ შარდონე ბევრს ვერაფერს დააკლებს მის ავტორიტეტს, ხოლო ჩვენ კი ახლა ვიწყებთ დასავლეთის ბაზრის ათვისებას ჩვენი რქაწითელით, საფერავით, ქვევრით და ცუდი და თანაც თურმე “სომხური საფერავი“ ვერ იქნება ჩვენი პრომოუშენის მთლად კარგი დასაწყისი.
თქვენი აზრით, სომხეთის კლიმატი, ჰავა და ნიადაგი უზრუნველყოფს იმას, რომ სომხეთში მაღალი დონის საფერავი, ან მეღვინეობისათვის გამოსადეგი რქაწითელი მოვიდეს?
– არ გამოდის, თორემ დამიჯერეთ, მოიყვანდნენ. თანაც, ბევრჯერ ვყოფილვართ სომხეთში და აქაც ბევრი გვყავს სომხები საქართველოში – არ არიან ეგ ხალხი ღვინისა და ვაზის მოყვარულები, თუ დაგპატიჟებენ არაყს დაგალევინებენ ან განსაკუთრებით საპატივცემულო სტუმრებს - კონიაკს ანუ ბრენდის, რომელსაც დღესაც ჯიუტად აწერენ Armenian Cognac და არა ბრენდის.
ე.ი. კონიაკიც სომხების მოგონილია? რატომაც არა! უბრალოდ, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთის მაგივრად ალბათ დასავლეთს იხმარდა ბატონი ავაგ არუთუნიანი? სამწუხაროდ, სომხები გამოირჩევიან სხვისი ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის მითვისებით, რა ვქნათ? რა ვუყოთ? შევუნდოთ. მაგრამ თუ კიდევ აქეთ გვემუქრებიან სასამართლოთი, მაშინ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს ქართულმა მხარემ და სასამართლოთი დაამტკიცოს ჩვენი სიმართლე.
არუთუნიანმა ასევე თქვა, რომ "ღვინოები "კახეთი" და "მსხალი", სომხური ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ ხარობს, მათი სახელწოდება კი საქართველოს გეოგრაფიულ სახელწოდებებს შემთხვევით ემთხვევა. თქვენ რას გვეტყოდით ამაზე?
– No comment! ამ კითხვაზე ალბათ ასეთი პასუხი სჯობს.
თქვენი აზრით, უპირველესად რა ადასტურებს ქართული ვაზის ჯიშების ქართულობას?
– მეცნიერება. უაღრესად საინტერესოა ივანე ჯავახიშვილის შრომები, თუმცა თანამედროვე მეცნიერებსაც არ გაუჭირდებათ ეს. მე მხოლოდ საბუნებისმეტყველო დარგებს არ ვგულისხმობ, ასევე ბევრ მასალას იძლევა ენათმეცნიერება. მაგალითად დღეს–დღეობით შემუშავებულია შედარებით იაფი მეთოდები ფალსიფიკაციასთან საბრძოლველად.
შარშან 30 ნოემბერს “ღვინის კლუბში“ შპს “ღვინის ლაბორატორიის“ თანამშრომელმა ბატონმა ნიკო შაყულაშვილმა ჩაატარა სემინარი ამ მეთოდის შესახებ. ჩვენი კანონმდებლობით, თუ ზუსტად მახსოვს, 5%–ზე მეტი სხვა ვაზის ჯიში არ უნდა ერიოს, მაგალითად, საფერავს როცა აწერ. ამ მეთოდით შესაძლებელია ნებისმიერი, წითელი ვაზისაგან დამზადებული ღვინის ჯიშური სისუფთავის კონტროლი. ასე რომ, ჩვენ “ღვინის ლაბორატორიას“ შესაძლებლობა აქვს “სომხური საფერავის“ საფერავთან იდენტურობის დადგენის.
ჩვენს მიერ უკვე ნახსენები არუთუნიანის თქმით, ფრანგები არ მოითხოვენ, რომ შარდონეს ჯიშის ყურძენი მათ გარდა, არავინ აწარმოოს და ქართველებიც ასე უნდა მოიქცნენ. ყურძნის წარმოებას ალბათ მართლაც ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ ჯიშის წარმომავლობის ბოთლზე მიწერის პრაქტიკა რამდენად დანერგილია ევროპაში?
– შარდონე საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ჯიშია და არა მგონია ფრანგები თხოულობდნენ ამის მითითებას, მაგრამ “სომხურ შარდონეს“ თუ დააწერ ალბათ ამაზე პასუხს მოითხოვენ, თუმცა როგორც აღვნიშნე “სომხური კონიაკი“ დღესაც აწერია.
თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთონ საქართველოს ხელისუფლების წამომადგენელებმა და ქართველმა მეღვინეებმა, რომ ასეთი შემთხვევებისაგან შემდეგში დაზღვეულნი ვიყოთ და ქართული ვაზის ჯიშების წარმომავლობა საკამათოდ აღარ იქცეს?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ეს სიმდიდრე, რომლის იმედზე დღესაც ვართ, მართლა გვიყვარს და უხსოვარი დროიდან გვიკეთებია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას, თორემ ჩვენი მევენახეობა–მაღვინეობის და ღვინის ტურიზმის განვითარება ეჭვქვეშ დადგება.
რამდენად აქვს სომხეთში წარმოებულ ღვინოებს რუსეთის გარდა სხვა ქვეყანაში რეალიზაციისს პერსპექტივა?
– რომ არ მოგატყუოთ, სომხური ღვინო არასოდეს გამისინჯავს და აქედან გამომდინარე გამიჭირდება გიპასუხოთ. ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე ჩაანაცვლა ჩილეს, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის ღვინოებმა, რომელთაც საკმაოდ ძლიერი დაბალფასიანი სეგმენტი აქვთ. სომხურს კი არა, დღეს რომ საქართველოს გაუხსნას რუსეთმა ბაზარი, ქართულ ღვინოსაც კი გაუჭირდება იქ ფეხის მოკიდება. დასავლეთის ბაზარზე კი არა მგონია სომხურ ღვინოს პერსპექტივა ჰქონდეს.
აქვე გკითხავთ: თუ ემხრობით, ძველი მასშტაბებით ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას?
– არა. რუსულმა ემბარგომ საგრძნობლად გააუმჯობესა ზოგადად ქართული ღვინის ხარისხი.
თქვენი კომპანია ცნობილია, როგორც საფერავის ჯიშის ყურძნისაგან ერთ–ერთი საუკეთესო ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანია (ეს ცნობილმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა – იზაბელ ლეჟერონმაც დაადასტურა საქართველოში სტუმრობის დროს). რა მომავალი აქვს კონკრეტულად საფერავის ჯიშის ქართულ ღვინოს და თქვენი აზრით, თუნდაც უახლოეს 10 წელიწადში შევძლებთ თუ არა, ამ ღვინის ერთგვარ ლოკომოტივად გამოყენებას, ქართული ღვინის გასატანად მსოფლიო ბაზარზე?
– საფერავი მოსწონს საქართველოს თითქმის ყველა უცხოელ სტუმარს, ხოლო სპეციალისტებს კი - განსაკუთრებით. ასეთივე აღტაცება გამოხატეს და საფერავს საერთოდ აღმოჩენა უწოდეს “მე-3 ეროვნული ღვინის კონკურსის“ ჟიურის თავმჯდომარემ ტომ კანავანმა (www.wine-pages.com) და ჟიურის სხვა წევრებმა.
იზაბელ ლეჟერონმა (www.isabellelegeron.com) გადაიღო ფილმი საქართველოს მეღვინეობაზე “ღვინის გზა“ და ძალიან მალე უნდა გავიდეს Travel Chanel-ზე 117 ქვეყანაში, 15 ენაზე.
ჩვენთან ხაშმში გადაიღეს რთველი. იზაბელ ლეჟერონი ფრიად საინტერესო ქალბატონია, პირველი ქალი ღვინის დიდოსტატი (Master of Wine). ქალბატონი ლეჟერონი ძირითადად ორიენტირებულია ტრადიციულ და ბიო-მეღვინეებზე. იგი ასევე ფრიად მოიხიბლა ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული ქვევრის მეთოდით.
დღეს ბევრს საუბრობენ, ე.წ. ბიო–მევენეხეობასა და მეღვინეობაზე. თქვენ სწორედ ამ მეთოდით მოიწევთ ყურძენს და აყენებთ ღვინოს. თუ შეგიძლიათ მოკლედ გვითხრით, რაში მდგომარეობს ამ მეთოდის განსაკუთრებულობა?
– ჩვენ, ადამიანები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, თანდათანობით ვუბრუნდებით დავიწყებულ და თითქოსდა უვარგის, მიგდებულ მეთოდებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. ახლა ვეძახით ამ მეთოდებს ბიოს თორემ ჩვენი პაპები ისედაც მხოლოდ შაბიამანს იყენებდნენ და არაფერი იცოდნენ სისტემურ პრეპარატებზე, რომელიც ვაზის ქსოვილის შიგნით შედის და მის აგებულებას ცვლის.
არაფერი იცოდნენ და არ იყენებდნენ სინთეტური სასუქებიც, რომელიც მოსავლიანობას ზრდის, მაგრამ სამაგიეროდ კიბოთი დაავადების ერთ–ერთი გამომწვევია. ამის შემდეგ საწყენია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქციას მისტირის.
ჩვენი კომპანიის დევიზია, რაც შეიძლება ნაკლებად ჩავერიოთ, როგორც ვენახში, ისე - ღვინოში და აქედან გამომდინარე, ღვინო, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, წამლად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. დალიეთ, შეგერგოთ კახური საფერავი!