ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქათველი სამხედროების ISAF-ის საერთაშორისო მისიაში გაცილების ცერემონიალით დასრულდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა: „ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით მივმართო ცალკეული მსუბუქი ქვეითი და 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს.
რამდენიმე თქვენგანი კოსოვოსა და ერაყის მისიებში ასრულებდა სამშვიდობო მისიას. ასევე, რამდენიმე წელია, რაც თქვენი ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეები მამაცურად იბრძვიან ავღანეთის უსაფრთხოებისთვის.
დაკისრებულ მისიას ასრულებთ შეუპოვრად, მამაცურად და პროფესიონალურად. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ტერორიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ავღანეთიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ვრცელდება. ავღანეთში მისიის შესრულებით თქვენ უზრუნველყოფთ საქართველოს და ზოგადად მსოფლიოს უსაფრთხოებას. მივესალმები თქვენს სიმამაცეს.
ნატოს ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს ყველაზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს ავღანეთის მისიაში. ამჟამად 1500-ზე მეტი ქართველი სამხედროა იქ დისლოცირებული. ნატო მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიმართ საერთაშორისო მისიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
თქვენ ემზადებით ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის. გასულ კვირას მონაწილეობა მივიღე ქაბულში გამართულ ცერემონიალში, სადაც პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთის ეროვნული ძალები სრულად გადაიბარებენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე კონტროლს. შესაბამისად ISAF-ის მისია გადადის საბრძოლოდან მხარდამჭერ ფორმატზე.
ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ავღანეთის უსაფრთხოების საქმეში შეტანილი უზარმაზარი წვლილის გამო.
ასევე, ნება მომეცით პატივი მივაგო იმ ქართველ სამხედროებს, რომლებიც დაშავდნენ ან სიცოცხლე გასწირეს საერთო საქმისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათმა გაღებულმა მსხვერპლმა ამაოდ არ ჩაიაროს.“
ქართველ სამხედროებს ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით შესრულება უსურვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში ქართული კონტინგენტის კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეომრებით, ჯარისკაცებით, რომლებმაც მთელს მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას გაუთქვეს სახელი, როგორც საიმედო პარტნიორებს ჩვენი ნატოელი პარტნიორებისთვის და როგორც ყველაზე მამაც მებრძოლებს. მთელი საქართველო ვამაყობთ თქვენი წვლილით მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში და ვამაყობთ იმით, რომ მიუხედავად ძალიან დიდი დანაკლისისა და მსხვერპლისა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და თქვენ, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გაიღეთ, მაინც ასე ამაყად, ვაჟკაცურად ვაგრძელებთ ჩვენს მისიას, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ და დავანახებთ ნატოს და მთელს მსოფლიოს, რომ ქართველები ყოველთვის ვასრულებთ სიტყვას.
ყველაზე უფრო თუ ვინმე აახლოებს საქართველოს ნატოსთან, ეს ხართ თქვენ. თქვენ პრაქტიკულად უკვე ნატოში ხართ, რადგან თქვენ მხარდამხარ იბრძვით ნატოელ პარტნიორებთან ერთად, რომელთაც უხარიათ და ეამაყებათ თქვენთან ერთად იქ ყოფნა. ნატოს ჯარისკაცებს თქვენთან ერთად სამხედრო სამსახური ეამაყებათ. ახლა დროა პოლიტიკოსებიც წამოგეწიოთ, თქვენი მაგალითი გავიზიაროთ და საქართველო-ნატოს ურთიერთობები კიდევ ერთი სოლიდური ნაბიჯით წინ წავწიოთ. ბატონო გენერალურო მდივანო, დიდი მადლობა ამ მიმართვისთვის ჩვენი შეიარაღბული ძალებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ მსოფლიოს ბევრად უფრო უსაფრთხოს და მშვიდობიანს გავხდით.“
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამხედრო ცერემონიალს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. სამხედრო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოდან გაემგზავრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონების ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის ექვსთვიან ინტენსიურ მომზადებას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გადიან. ქართველი სამხედროები წვრთნებს გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრშიც (JMRC) გაივლიან.