სეპარატისტული რეგიონებიდან ლარის განდევნა გრძელდება. მართალია, ამ პროცესს მხოლოდ ფიქტიური ხასიათი აქვს, მაგრამ მაინც. სინამდვილეში ე.წ. აკრძალულ ზონებში ლარი მაინც ჩვეულებრივ ბრუნავს. ამის ნათელი მაგალითია გალის რაიონი, სადაც ქართული ვალუტა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
ლარის წინააღმდეგ ამჯერად ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ილაშქრებენ. აქ 15 იანვრიდან საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი მოქმედებას შეწყვეტს. ქართული ლარის გამოყენება აიკრძალება მაღაზიებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და სხვა ადგილებში.
ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებლად დანიშნული ალან ჯუსოევი აცხადებს, რომ “რაიონში ისევე როგორც მთელს რესპუბლიკაში მიმოქცევაში მხოლოდ რუსული რუბლი იქნება”. ალან ჯუსოევი ასევე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მაღაზიების მფლობელები მიიღებენ წერილობით შეტყობინებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფასები მხოლოდ რუსულ რუბლში დააწერონ - “ფასების აღნიშვნა ლარებში აღარ იქნება, ვინაიდან ეს ვალუტა აღარ იარსებებს”.
“წერილობითი შეტყობინების დარღვევის შემთხვევაში მაღაზიის მფლობელი საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლების მიერ დაჯარიმდება. ჯარიმა მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით განისაზღვრება”, - აცხადებს ჯუსოევი და დასძენს, რომ ახალგორში ასევე არ იქნება ლარის გადამცვლელი პუნქტები მანამ, “ვიდრე საქართველოსთან ურთიერთობა არ აღდგება”.
რამდენად გაამართლებს ეს აკრძალვა სეპარატისტულ რეგიონებში ეს ჯერ კიდევ საკითხვია. ასეთი აკრძალვები მოქმედებს ცხინვალის რეგიონშიც და სეპარატისტულ აფხაზეთშიც, მაგრამ ორივეგან ქართული ლარი ჩვეულებრივად მიმოქცევაშია.
ამის აშკარა დადასტურებაა გალის რაიონი, სადაც ყოველდღიურ ხმარებაში ქართული ვალუტაც გამოიყენება და რუსული რუბლიც. მაღაზიებში ჩვეულებრივად ვაჭრობენ ლარით, არ არსებობს ვალუტების გადაცვლის პრობლემაც.
გალის რაიონში და მის სოფლებში იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელსაც ჯიბეში ლართან ერთად, რუბლიც არ ედოს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ იქაური ბაზრიდან ქართული პროდუქცია გამქრალია. არადა, იყო დრო, როდესაც ნახევარი აფხაზეთი ზუგდიდიდან მარაგდებოდა.
ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ქართული ნაწარმი აღარ იყიდება, სამაგიეროდ, უხვადაა რუსული პროდუქცია, რომლის შეძენა საოცრად ძვირი ჯდება. ელემენტარულად, პური გალის სოფლებში 1,50 ლარი ღირს, შაქარი - 2,50 ლარი (რუსული რუბლის ეკვივალენტი) ერთი ქილა არაჟანი - 5 ლარი, ერთი შეკვრა “პეჩენია” 2 ლარი ღირს.
გალელების შემოსავალი კი თხილსა და სიმინდს ეფუძნება. გარკვეული თანხის მიღება შეიძლება ციტრუსის სანაცვლოდაც, მაგრამ წლეულს მისი მოსავალი ერთობ შემცირებულია. ერთიც, მეორეც და მესამეც წლეულს გაძვირდა, თუმცა შემოსავლის მაღალი ფასი ადგილობრივების ეკონომიურ მდგომარეობაზე დიდად არ ასახულა. ამის მიზეზია ის, რომ რუსი სამხედროების ძალმომრეობის გამო, ისნი ზუგდიდის ბაზარს მოწყდნენ.