ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში საქართველოს დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა და როგორც მმართველი გუნდი მიიჩნევს, მისი დიდი გამარჯვება იყო, რომ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები არ გაიმართა. შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვდა სესიის დღის წესრიგში „საქართველოში სიტუაციის გაუარესების შესახებ“ დებატები შეეტანათ, მაგრამ ამ მოთხოვნას ევროპარლამენტის დეპუტატთა დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა, რის გამოც საკითხი ჩავარდა.
მეორე და მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ქართული დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის დროს გამოიკვეთა იყო ის, რომ ბრიუსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა მეიშვილი, რომელიც ამავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია და რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიის“ შეკრებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა ეკა ბესელიამ გაავრცელა.
„ბრიუსელში, სახალხო პარტიის შეკრებაზე, პარტიულ ღონისიებაზე, ბოკერია-უგულავასა და სხვა პარტიულ პირებთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეიშვილს რა უნდოდა, გაგვცეს პასუხი კოტე კუბლაშვილმა. გეკითხებით, ბატონო კოტე, რას ნიშნავს მოსამართლის პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობა? არის თუ არა ეს მოსამართლის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევა და არის თუ არა ეს მოსამართლის და პირადად თქვენი ღია დადასტურება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული პოლიტიკური პროცესების მონაწილე ხართ? ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტი და კოლეგებს ვთხოვ რეაგირებას ამაზე“, - განაცხადა ბესელიამ.
იმის გასარკვევად, თუ რა მიზნით მიიღო მეიშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ შეკრებაში მონაწილეობა, for.ge მას დაუკავშირდა. როდესაც მეიშვილმა ჩვენი კითხვა მოისმინა, უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურთან გადაგვამისამართა და დაგვემშვიდობა. პრეს-სამსახურმა კი განგვიცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ ამ თემაზე განცხადება გაავრცელა და ამაზე მეტ კომენტარს ისინი აღარ გააკეთებდნენ.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს განცხადებას, მასში ნათქვამია, რომ 2013 წლის 26 ივნისს მმართველი კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკულად შეფასდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა მეიშვილის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერნციაში, რომელიც ბრუსელში, 25 ივნისს ჩატარდა.
„სასამართლო ხელისუფლება არ აპირებს შევიდეს პოლიტიკურ დებატებში განცხადების ავტორებთან, ჩვენ მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვაცხადოთ:
სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის მონაწილეობდა და კვლავაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებაში, სადაც განხილული იქნება ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სასამართლო რეფორმასა და ზოგადად, სასამართლოს როლს შეეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ბრუსელის კონფერენციაზე საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოხსენების წარმოდგენა ჯერ კიდევ 2013 წლის მარტში დაიგეგმა, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი ევროპარლამენტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა, ხოლო ზაზა მეიშვილის მიერ აღნიშნულ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება, სწორედ სასამართლო ხელისუფლებაში დღეს არსებული სიტუაციის ანალიზს შეეხებოდა.
„სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, სასამართლო რეფორმისადმი ინტერესის ზრდისა და მისი წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. მიუღებელია პოლიტიკოსების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევის, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის შეზღუდვის მცდელობა“, - ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
ვინაიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩვენთან საუბარი არ ისურვა, ამ ფაქტის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება ვთხოვეთ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, იურისტ მანანა კობახიძეს. იგი ხაზს უსვამს, რომ ეს იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ პარტიული ღონისძიება და არ აქვს მნიშვნელობა, სად ჩატარდებოდა ეს შეკრება, ბრიუსელში, თუ სადმე სხვაგან. კობახიძის თქმით, მთავარი არის ის, რომ ამ შეხვედრაზე ზაზა მეიშვილის გვერდით ისხდნენ დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ეს თავისთავად აჩენს იმის განცდას, რომ ეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაა.
„როდესაც შენ ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალას მიყვები ღონისძიებაზე (ეს არ იყო მაგალითად, ვენეციის კომისიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება), გააჩნია ვინ გიწვევს ამა თუ იმ ღონისძიებაზე. როდესაც რაღაც შეკრებაში მონაწილეობ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად, ბუნებრივია, ეს შენს პოლიტიკურ მიუმხრობლობაში ეჭვებს აჩენს. ეს ეჭვები დღეს და გუშინ კი არ გაჩენილა, - წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები (დაწყებული ჩემიას მიეს გირგვლიანის საქმეზე მიღებული განაჩენიდან) მიდიოდა უზენაეს სასამართლოში და სამწუხაროდ, სწორედ ეს მოსამართლეთა კორპუსი იყო, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა, მათ შორის ზაზა მეიშვილი“, - ამბობს მანანა კობახიძე.
მისი თქმით, ეს მოსამართლეები წინა ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყვნენ და გასაგებია, რომ ზაზა მეიშვილი ამ შეკრებაზე სასამართლო ხელისუფლებაზე ისაუბრებდა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად შეხვედრის ფორმატს.
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, ხოლო ეს პარტია მართავს ღონისძიებას და ეპატიჟება უზენაესი სასამართლოს იმ წევრს, რომლის მიმართაც საზოგადოებას ძალიან დიდი პრეტენზიები აქვს, ცხადია, ეს არ არის სწორი და მიმაჩნია, რომ მეიშვილი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს არღვევს. როგორ უნდა დავიჯირო, რომ დღეს სასამართლო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელია, როდესაც ერთი ძმა პარლამენტში ლობირებს სასამართლოს, ხოლო მეორე ძმა თავად ამ სისტემის ხელმძღვანელია“, - აღნიშნავს დეპუტატი.