„არ არსებობს გამართლება, რომ მოწმეს ბორკილი დაადო და ისე დაკითხო“

„არ არსებობს გამართლება, რომ მოწმეს ბორკილი დაადო და ისე დაკითხო“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიისა და საკრებულოს 22 თანამშრომელი დააკავა. დაკავება დილით მათ საცხოვრებელ სახლებთან მოხდა. დაკავებულებს შორის იყვნენ თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და რაიონის გამგებლები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება - გაფლანგვის ფაქტზე, მოწმის სახით დაიკითხნენ ქალაქ თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომელი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. ფინანსთა სამსახურის საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირები დახითხვაზე მოწმის სტატუსით იყვნენ დაბარებული, რის შემდეგაც მათ დატოვეს საგამოძიებო სამსახური.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მათი დაკავება ქუჩაში იძულების წესით მოხდა, ყველა მათგანს დაადეს ხელბორკილები, ნაწილის განუცხადეს, რომ დაკავებული იყვნენ, ნაწილი კი ქალაქის მასშტაბით ასეირნეს და გამოუშვეს. მერიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა საგამოძიებო სამსხურში მიყვანისას დაიწყეს მათ მიმართ ბრალის წარდგენისა და დაკავების ოფიცალურად გაფორმების პროცედურა. 

ზოგიერთი მათგანი დაკითხვის გარეშე იქნა უკანონოდ დაკავებული. როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული წარმოადგენს, მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც ფინანსურმა პოლიციამ დააკავა, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ.

ფინანსურ პოლიციაში კი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე საქმის ძიება და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ მოწმის სტატუსით შენობაში. როგორც ფინანსური პოლიციის პრეს-სპიკერი, ნათია სუხიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყველა სამართლებლივი ნორმა დაიცვეს და არც ერთი მათგანი სამართლებლივი ჩარჩოებიდან არ გასულა:

 „საქმე ეხება ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტს. არც ერთი პირი არაა დაკავებული. საგმოძიებო სამსახური არაერთ საქმეს იძებს, რომელიც ეხება მერიას, თუნდაც თბილისის კუთვნილი ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას და გაფლანგვის ფაქტს“.

ფაქტს გამოეხმაურა თბილის მერი. გიგი უგულავას განცხადებით, მათი ჩარევის შემდეგ და იმის გამო, რომ დღეს საქართველოში მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება, მოხდა ბრალის გადაკეთება. ვითომდა, ეს ხალხი მოწმეებად დაიბარეს.

„მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების აყვანა ისე მოხდა, როგორც ჩვეულებრივ კრიმინალებს იჭერენ. დაკავებისას, მათ არ განემარტათ საკუთარი უფლებები. დაადეს ხელბორკილები, მიიყვანეს ფინანსურ პოლიციაში, ნაწილზე მოასწრეს ბრალის წაყენება, თუმცა შემდეგ ეს დოკუმენტაცია დახიეს და შემდეგ განაცხადეს, თითქოს, ეს ხალხი მოწმეებად იყვნენ მიყვანილები. უკანა გასასვლელიდან მოხდა ამ ხალხის გაყვანა, რათა ჩაეფარცხათ ის სამარცხვინო საქციელი, რაც დღეს მოხდა. თითოეულ მათგანს ოჯახის წევრების თვალწინ ადებენ ბორკილებს, ახსნა- განმარტებას არ აძლევენ, ებლატავებიან...“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეკითხვები დაუსვეს სამუშაოს შესახებ, თუმცა ბრალდებაზე საუბარი არ ყოფილა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე გოგიტა ნიკოლაძე აცხადებს, რომ საქმე, რომელზეც იგი მოწმის სტატუსით უნდა დაკითხონ, სახელმწიფო ქონებასთან არის დაკავშირებული, თუმცა საქმის კონკრეტული დეტალები ნიკოლაძისთვის უცნობია.

მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. იგი არ აკონკრეტებს რა საქმესთან დაკავშირებით მიიყვანეს საგამოძიებო სამსახურში, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას თაბუაშვილმა პარტიული საქმიანობა და მერიის თანამშრომლების ხელფასები ახსენა. მანვე განმარტა, რომ ამ თემებზე საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე ადრეც იმყოფებოდა.

გლდანი-ნაძალადევის გამგებელს ნოდარ სანდუხაძეს განუცხადეს, რომ საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე კიდევ უნდა მივიდეს, კონკრეტული საქმე კი რაზეც უნდა დაიკითხოს, სანდუხაძისთვისაც უცნობია. 

„სახლიდან გამოსულს 50 მეტრში გადამიყენეს მანქანა, მეორე მანქანიდან გადმოხტა 4 ადამიანი, ერთ-ერთმა წარმომიდგინა ფინანსური პოლიციის საშვი და მითხარა, რომ ვიყავი დაკავებული. ჩამომართვეს გასაღები, რომელიც მანქანაში ჩავაგდე, ჩემი მეუღლე დატოვეს მანქანაში. დამადეს ბორკილები და მიმიყვანეს ფინანსურ პოლიციაში.

ამიყვანეს მე-5 სართულზე 507 ოთახში, 20 წუთი ვიჯექი ბორკილებით. ავადმყოფურად მიმეორებდნენ, რომ ვიყავი დაკავებული და ჩუმად უნდა ვყოფილვიყავი. შემდგომ მომხსნეს ბორკილები და მითხეს, რომ 10 წუთში გიშვებთო და ხელი მომაწერინეს, რომ ნამდვილად გამოვცხადდები დაკითხვაზე როგორც კი დამიძახებენ“, - აღნიშნა სანდუხაძემ for.ge-სთან საუბრისას.

გამგებელი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მისი დაკავება მეუღლის თვალწინ მისივე ავტომანქანაში მოხდა. for.ge-ს კითხვაზე რა პარალელს გაავლებდა ის ბონდო შალიკიანის დაკავების ფაქტთან, როცა იგი საკუთარ საძინებელ ოთახში მეუღლისა და ტელეკამერების წინ საცვლების ამარა დააკავეს, გამგებელი პასუხობს:

„ვერანაირ პარალელს ვერ გავავლებ. არ მაქვს ამის საფუძველი. ეს იყო დადგმული შოუ. იღებდნენ ამ ყველაფერს. ამას, ალბათ, თავისი მომხმარებელი ჰყავს, ან თავად ტკბებიან ამის ნახვით,“ - განაცხადა ნოდარ სანდუხაძემ.

თბილისის საკერბულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ მისი დაკავება სახლიდან გასვლიდან ძალიან მალე მოხდა, თუმცა ის საგამოძიებო სამსახურში არ მიუყვანიათ.

„უცხო მანქანამ და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გზა გადამიკეტეს, მანქანიდან გადმომიყვანეს, თავიანთ მანქანაში ჩამსვეს და მითხრეს, რომ დაპატიმრებული ვიყავი. 
მოგვიანებით „თბილისი მარიოტთან“ სხვა მანქანაში გადამსვეს, სადაც ხელბორკილები დამადეს. ქალაქში მატარეს უცნობმა პირებმა.

ჯერ ფინანსურ პოლიციასთან, შემდეგ ორთაჭალაში, პროკურატურასთან მიმიყვანეს. არც ერთ უწყებაში არ შევუყვანივართ და მხოლოდ თბილისის ქუჩებში მატარეს, რის შემდეგადაც უცნობმა პირებმა ხელბორკილები მომხსნეს, ბოდიში მომიხადეს და განმიმარტეს, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა“, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.

მერიისა და საკრებულოს წევრების დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხამურა უმცირესობა. ისინი განმარტავენ, რომ შემაშფოთებელია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფონზე საკრებულოს წევრების დაკავება. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით საკრებულოს წევრების დაკავების მიზანი თბილისის პარტიული ორგანიზაციის და ინფრასტრუქტურის მოშლაა.

„ეს დაკავება თავისი შინაარსით და მაშტაბებით სხვანაირად ვერ შეფასდება თუ არა პირდაპირი შეტევა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იმ მიზნით, რომ მოშლილ იქნეს თბილისის პარტიული ორგანიზაცია და ინფრასტრუქტურა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დაარღვია თუ არა საგამოძიებო სამსახურმა პროცედურული ნორმები, ამ საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო.

ა-ო „სამართლიანი არჩევნებისათვის“ დირექტორი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მოწმის სახით დასაკითხ პირებს უწყებას უგზავნიან, ქუჩებიდან და სახლებიდან არ აყავთ ხელბორკილდადებულები.

„ჩემი აზრით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, სულ მცირე, უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური ქმედებისთვის“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, არ არსებობს სამართლებლივი გამართლება იმისა, რომ მოწმეს ბორკილები დაადო და ისე წაიყვანო დაკითხვაზე.

„თუ ნამდვილად მოწმის სახით დაბარებას ადგილი არ ჰქონია და ისინი დააკავეს, ბორკილები დაადეს და მერე დაკითხეს მოწმის სახით, ეს ცალსახად კანონმდებლობის დარღვევაა. მე ვაპირებ მივიდე და გავიგო, ასეთ მასშტაბურ დაკავებას რატომ ჰქონდა ადგილი. იმედი მაქვს, რომ მანამდე სამართალდამცველი ორგანოები გაავრცელებენ ინფორმაციას და ახსნიან, რითი იყო ეს განპირობებული. ჩემთვის არ არსებობს გამართლება, როგორ შეიძლება, მოწმეს ბორკილი დაადო და ისე დაკითხო, მაგრამ საბოლოო შეფასებას მას შემდეგ გავაკეთებ, რაც მეტ ინფორმაციას მივიღებ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.