28-29 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გახსნის. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. კონფერენციას დაესწრებიან ვიცე-პრემიერები გიორგი მარგველაშვილი და კახა კალაძე, ასევე, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე ეველინ ფარკასი, გაერთიანებული სამეფოს მინისტრი საერთაშორისო სტრატეგიის საკითხებში ენდრიუ მურისონი, მაკედონიის თავდაცვის მინისტრი ტალატ ხაფერი, ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი ძალების სარდლის მოადგილე გენერალი სერ რიჩარდ შირეფი, ISAF-ის ოპერაციის მეთაური გენერალი ჯოზეფ დანფორდი, ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი, პოლონელი სენატორი ბოგდან კლიხი და ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები და გაერთიანებული შტაბის უფროსები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ეროვნული უსაფრთხოების სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორები, ISAF-ის ოპერაცია, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის კონფერენცია ჩამოყალიბდა უსაფრთხოების პოლიტიკის ერთგვარ ფორუმად სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიმოიხილავს როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის სფეროს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს, როგორც რეგიონული ასევე, საერთაშორისო კუთხით.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს ერთის მხრივ თავდაცვის უწყებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ხოლო მეორეს მხრივ პარტნიორ ქვეყნებთან აზრთა გაზიარების და დიალოგის საუკეთესო შესაძლებლობას.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან.