დოქტორი ენდრიუ მურისონი აკადემიაში

დოქტორი ენდრიუ მურისონი აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრი დოქტორი ენდრიუ მურისონი იმყოფება.

დღეს, ბრიტანელი სტუმარი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. დოქტორ ენდრიუ მურისონს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მათ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო აკადემიებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი დაესწრნენ. „დაჭრილ მებრძოლთა“ პროექტის ხელმძღვანელმა ანა კაპანაძემ ბრიტანელ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ენდრიუ მურისონმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და აკადემიას საჩუქრად ინგლისური ენის სახელმძღვანელოები გადასცა.

ბრიტანელმა სტუმარტმა პირადად მოინახულა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ამჟამად აკადემიაში სასწავლო კურსს გადიან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრმა დოქტორმა ენდრიუ მურისონმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან, მის პირველ მოადგილესთან ლევან დოლიძესთან და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან.

მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი ბათუმში გაემგზავრება და თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.