კონტროლის პალატისთვის განკუთვნილი „ბოლო ლურსმანი“ მზადაა

კონტროლის პალატისთვის განკუთვნილი „ბოლო ლურსმანი“ მზადაა

კონტროლის პალატის, იგივე აუდიტის სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის თაობაზე დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნას მზადაა. იქ საუბარია სამართლებრივ დარღვევებზე, რომელთა საფუძველზეც კომისია პროკურატურისაგან რეაგირებას ითხოვს.

„ობიექტური რეალობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 2007 წლის მაისიდან პალატა სრულად დაექვემდებარა ყოფილი მმართველი პარტიის კონტროლს. ამ დროიდან პროფესიონალ და გამოცდილ მოსამსახურეებს მასობრივად აიძულებდნენ განცხადებების დაწერას, დაითხოვეს წლების განმავლობაში დიდი შრომით ჩამოყალიბებულ კვალიფიციურ ხელმძღვანელთა და აუდიტორთა კადრები. ამ ყოვლად გაუაზრებელმა ღონისძიებამ კონტროლის პალატის სრული პარალიზება გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება, რადგან არ იყო მომზადებული შესაბამისი საკადრო რეზერვი, გააზრებული და გათვლილი განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და საკადრო ცვლილებების შესაძლო შედეგები.

წლების განმავლოაბში, მათ შორის 2012 წელს, აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტისგან ითხოვდა და იღებდა, პრაქტიკულად, 2-ჯერ გაზრდილ საშტატო რიცხოვნობას და მის შესატყვის დაფინანსებას, რითაც საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამის მუხლებში ხელოვნურად ქმნიდა საბიუჯეტო თანხების ეკონომიას, რასაც ასევე მრავლობითი კანონდარღვევით, ყოველგვარი დასაბუთებისა და ობიექტური საფუძვლების გარეშე, რეალურად 350-400 შტატზე გათვლილ დაფინანსებას, ფაქტობრივად, ხარჯავდა საშუალოდ 200-220 პირით დაკომპლექტებულ სამსახურზე; ამ ფონზე, პრაქტიკულად 40-50%-იანი ვაკანტური ადგილების პირობებში, არ ჯერდებოდა ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით კუთვნილ 7-8 შტატგარეშე მოსამსახურე და ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ნებართვას და მათ რაოდენობას ასევე ყოველგვარი დასაბუთების, საჭიროებისა და გათვლების გარეშე ზრდიდა 50 მოსამსახურემდე. იმ საქმიანობისთვის, რომელიც წესით შტატში მყოფ მოსამსახურეებს, კერძოდ, ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს უნდა განეხორციელებინათ, შტატგარეშე მოსამსახურეებს, ყოველგვარი რეალური საქმიანობის განხორციელებისა და მინიმალური დატვირთვის გარეშე, უნიშნავდა მათ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას, რომელიც რიგ შემთხვევებში აღემატებოდა ქვეყნის მინისტრისთვის გათვალისწინებულ სარგოს - თვეში 3540 ლარს.

სრულად იყო იგნორირებული როგორც აუდიტორული საქმიანობის პროცესი, ისე აუდიტორთა სრული შემადგენლობა, არაფერი კეთდებოდა რეალურად როგორც მათი მომზადების დონის შენარჩუნების, ისე გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური სტიმულირებისა და წახალისების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, კანონის თანახმად აუდიტორების სწავლების, მომზადების, სერტიფიცირებისა და ამ საქმიანობისთვის ნორმატიული ბაზის მოსამზადებლად. კანონით მიცემული წელიწადისა და 6 თვის მიუხედავად, მთელი ეს პროცესი, ნორმატიული აქტების მიღების ჩათვლით, დაიწყო 2013 წლის აპრილის შუა რიცხვებში და უნდა დამთავრდეს პირველ ივნისამდე, წინასწარ ადვილად გასათვლელია როგორი შედეგითაც“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური წლების განმავლობასი გაუგებარი მიზეზებისგამო კოლოსალურ თანხებს რომ გასცემდა ხელფასების სახით, ამას დეპუტატი დავით ონოფრიშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, აუდიტის სამსახურში, ჟურნალისტი ლაშა ხარაზიშვილი წლების განმავლობაში უშტატოდ იყო გაფორმებული, ხოლო ხელფასის სახით ათობით ათასს ლარს იღებდა.

„მე მინდა მოვიყვანო ერთი ასეთი მაგალითი: ჟურნალისტ ლაშა ხარაზიშვილს (ეს ის ჟურნალისტია, რომელმაც ქვეყანას ახალი ომის დაწყება მოატყუა) აუდიტის სამსახური წლების განმავლობაში უხდიდა ხელფასს არაფრის კეთებაში”, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2012 წელს სულ მომზადდა 45 აუდიტის ანგარიში, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2006 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით - 883 აქტი; სამართალდამცავებს გადაეგზავნა მხოლოდ სამი დანაშაულის ნიშნების შემცველი კანონდარღვევის ფაქტი, რაც 69-ჯერ ნაკლებია 2006 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით - 208 მასალა.

აუდიტის სახელმწიფო სამსახური პროკურატურასთან პირად, პრივატულ საუბრებში არკვევდა, უნდა გადაეგზავნა თუ არა მისთვის მასალები. აუდიტის სამსახურისა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის „უცნაური ფორმის ურთიერთობებზე“ აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნოდარ ებანოიძემ სპეციალურად გაუსვა ხაზი.

“კონტროლის პალატის თანამშრომლები არაოფიციალურად პროკურატურაში არკვევდნენ, გადაეგზავნათ თუ არა მათთან მასალები. პროკურატურის წარმომადგენლები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. პრივატული საუბრების შედეგად წყდებოდა, გადაეგზავნათ თუ არა პროკურატურაში მასალა”, - აცხადებს ებანოიძე.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ წარმოდგენები სერიოზულად იქნა შერყეული მისი მენეჯმენტის პოლიტიკური კავშირების გამო. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია 2012 წლის 23 ივლისამდე ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო პარლამენტში. საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და მისი მოადგილე თინათინ ბოკუჩავა კი თანამდებობებიდან არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მონაწილეობის მისაღებად გადადგნენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საოლქო-საარჩევნო კომისიების ტრენერების ნაწილი კონტროლის პალატის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა, მათ შორის, კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ივანე პეტრიაშვილი, „შემთხვევით” იმ რაიონში აღმოჩნდა, სადაც თავისი ზემდგომი, ლევან ბეჟაშვილი მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ამ ყველაფრის გვირგვინს კი წარმოადგენდა ე.წ. “საქმიანობა”, რომელიც ცალსახა პოლიტიკური დაკვეთისა და მიკერძოების ნიშნით აწარმოა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კომისია თვლის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობა, ანგარიშში ასახული აუდიტის სამსახურის საქმიანობის ყველა მიმართულების გათვალისწინებით, შეფასდეს უარყოფითად. კომისიის ანგარიში და შესაბამისი დანართები, ანგარიშში ასახული კანონდარღვევების სამართლებრივი შეფასების მიზნით, უფლებამოსილების მიხედვით განხილვისა და რეაგირებისთვის, წარედგინოს საქართველოს მთავარ პროკურატურას.