„ირინას უეცარი გარდაცვალება მაკვირვებს“

„ირინას უეცარი გარდაცვალება მაკვირვებს“

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა და საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი პირი - დავით ქოქიაშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ. ამასთან, შესაძლოა, ამავე საქმეზე ბრალი წაუყენონ დათა ახალაიასა და ოლეგ მელნიკოვსაც.

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, for.ge დეპუტატ შალვა შავგულიძეს ესაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში, გირგვლიანების ოჯახის ინტერესებს იცავდა.

გირგვლიანის საქმეზე ვან მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა. კმაყოფილი ხართ, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით?

- მერაბიშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თაობაზე ბრალი წარედგინა. ის ფაქტიურად, ამ დანაშაულში მონაწილე პირებს ფარავდა, მათ შეღავათიან პირობებს უქმნიდა და ცდილობდა, რომ მათი ბრალდება მინიმალიზებული ყოფილიყო. ანუ, მათთვის ბრალის წაყენება მსუბუქი კვალიფიკაციით მომხდარიყო. ამას გარდა, მერაბიშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში ბრალდებულთა კომფორტულ ყოფნას უზრუნველყოფდა და მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ ლმობიერებას, რაც მათ ვადამდელ გათავისუფლებაშიც გამოიხატა. ბრალდება იმაში მდგომარეობს, რომ ვანო მერაბიშვილი იყო რა შს მინისტრი, ის ამ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ხელს უშლიდა და ძალისხმევას მიმართავდა იმისკენ, რომ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარებულიყო.

ცნობილია, რომ თუ ბრალდებულები დანაშაულს თავის თავზე აიღებდნენ და შარდენბარის სუფრის წევრებს არ ამხელდნენ, მერაბიშვილი მათ მატერიალურ ანაზღაურებას გადასცემდა, რაც განახორციელეს კიდეც.

ანუ, თქვენ ეჭვს გამოთქვამთ, რომ საქმეში ბრალდებულად ცნობილი ოთხი პირი - ალანია-აფციაური-ღაჭავა-ბიბილური დავალებებს სუფრის წევრებისგან იღებდნენ?

- დარწმუნებული ვიყავი, რომ ლევან ბუხაიძისა და გირგვლიანის ცემა-წამებას მხოლოდ ოთხი პოლიციელი ვერ მოახერხებდა. მითუმეტეს, რომ ბუხაიძე თავის ჩვენებაში მიუთითებდა, რომ გერონტი ალანია მუდიმივად მასთან იყო და კიდევ ერთი პირი, სხვები კი, მასთან პერიოდულად მიდიოდნენ. როგორ შეიძლება, სანდრო გირგვლიანი, რომელიც ძლიერი პიროვნება იყო, ორ პირს თან გაეკავებინა და თან მისთვის ნაჭერ-ნაკვეთი ჭრილობა მიეყენებინათ, რომელიც მას სხეულზე უამრავი ჰქონდა? წამების დამადასტურებელი იყო ნაჭერ-ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც მას სხეულზე პარალელურად ხუთი ჰქონდა, ხოლო პერპენდიკულარულად მეექვსე. ბუხაიძე სულ ამბობდა, რომ სანდროს ღრიალი მესმოდაო. დარწმუნებული ვიყავი, რომ წამებაში რამდენიმე პიროვნება მონაწილეობდა, რის გამოც ვითხოვდი, რომ ღამის 12 საათიდან დღის 12 საათამდე, სუფრის შვიდ წევრსა და ამ ოთხ პირს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრის ამსახველი მასალის ამობეჭდვა მომხდარიყო. ასევე ვითხოვდი, რომ ბადრი პატარკაციშვილის სახლზე დამონტაჟებული ვიდეო ჩანაწერის ამოღება მომხდარიყო, რომელიც თბილისი-ოქროყანის ტრასაზე გადაადგილებას ასახავდა და მთელი ღამის განმავლობაში ჩაწერა ხდებოდა. საქმეში კი, ჩანაწერის მხოლოდ 7 წამის მონაკვეთია დარჩენილი. დანარჩენი არ გამოაჩინეს. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ იმ ოთხი პირის გარდა, ოქროყანაში ასულები სხვებიც იყვნენ და ამ დანაშაულთან კავშირი სუფრის წევრებს ჰქონდათ. ეს ეჭვი კი, ევროპის სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული.

ევროპის სასამართლოს ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაზე რა პოზიცია ჰქონდა?

- ევროპული სასამართლო სხვადასხვა უწყების მიერ ჩადენილ უკანონობებს შეეხო, მაგრამ მინისტრთან დაკავშირებით ამბობს, რომ მერაბიშვილმა, რომელმაც იცოდა, რომ დათა ახალაია მოწმედ დასაკითხი პირი იყო, ამ საქმის გამოძიება მას არ ააცილა და უფრო მეტიც, გამოძიების ხელმძღვანელად დათა ახალაია დანიშნა. მინისტრის მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება მისი უწყებიდან საქმის გატანა იქნებოდა. ერთია, რომ ძალიან ცუდი დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ მეორე მხრივ, ევროპული სასამართლო გაოგნებული იყო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების თანამშრომლობით, როლებიც ცდილობდნენ, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

ის დრო მოვიდა, როდესაც დამნაშავე პირები თანდათანობით იკვეთებიან. რაც შეეხება დანაშაულის დაფარვას, იმ სუფრის ვერცერთი წევრი პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს. ამის დანაშაულის შესახებ ახალაიამ და პოლიციის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, რომელთა დავალებით ეს ბრიგადა იქნა გამოძახებული. შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობა გარდაუვალია.

რაც შეეხება თაკო სალაყაიას, მისი ბრალეულობა რაში იკვეთება?

- თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ ამ დანაშაულის შესახებ სალაყაიასთვის ცნობილი იყო - თუ ვინ ჩაიდინა და როგორ და მან ამის შესახებ არ განაცხადა, აქ სახეზე დანაშაულის დაფარვაა. თუ საუბარი არ იქნება თანამონაწილეობაზე. თუ დადასტურდება, რომ კონკრეტული პირები ბრიგადის წევრებს დავალებას აძლევდნენ, პასუხისმგებლობას თავიდან ვერავინ აიცილებს.

ცოტა ხნის წინ, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ 43 წუთის განმავლობაში, სანდრო გირგვლიანის წამებას თაკო სალაყაიას ასმენინებდნენ. ამ ინფორმაციის შესახებ, თქვენ თუ გსმენიათ?

- სამწუხაროდ, ეს არ ვიცი და თუ ბატონმა ლევანმა თქვა, ე.ი მას ეს ინფორმაცია აქვს. არცერთ ასეთ შემთხვევას არ გამოვრიცხავ, რადგან როგორც ცნობილია, გამოძიება სხვა ფაქტებზეც მიმდინარეობს, სადაც სალაყაიას პერსონა ასევე ფიგურირებს. კერძოდ, რესტორანში ანალოგიური ვითარება მოხდა, სადაც სალაყაიას კონფლიქტი მოუვიდა, შემდეგ ბრიგადა გამოიძახეს და ერთ-ერი დასჯილი პირი პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელსაც ჯანმრთელობა სერიოზულად დაუზიანდა და დეფექტები აქვს. ამ პირის გვარი არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ მთაწმინდის პოლიციის ხელმძღვანელი იყო.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მერაბიშვილისთვის ბრალის წაყენება ნინო ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე მოხდა.

- არ მგონია, რომ ბრალდება ბურჯანაძის ჩვენებას ემყარება. კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ქალბატონ ნინოს, რა ჩვენება უნდა მიეცა?! შეიძლება მან იმაზე ისაუბრა, რაც მას მოგვიანებით მერაბიშვილმა უთხრა. პროკურატურა მსგავს რამეს არ დაუშვებს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ბრალდებული პირები სამხედრო ამნისტიით გათავისუფლდნენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მას ირინა ენუქიძის ნახვა სურდა...

- მისი მხრიდან ეს ფარისევლობაა და უკადრებელი საქციელია. ცნობილია, რომ მან ეს პირები ინდივიდვალური შეწყალების აქტით გაათავისუფლა და არა სამხედრო ამნისტიით. ამასთან, აღსანიშნავია ტოტალური სიყალბე, რომელსაც წინა ხელისუფლება არ ერიდებოდა. კერძოდ, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, პატიმრის შესახებ ცნობა კეთდება, სადაც დანაშაულის შინაარსის თაობაზე სპეციალური გრაფაა და იქ ამ პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია კი არ ეწერა, არამედ დაწერეს, რომ ამ პირებს ბრალად ედება - სხეულის დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ანუ, მათზე ეწერა, რომ ისინი იყვნენ რა შს სამინისტროს მაღალი თანანმდებობის პირები, მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხვა პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამით კი, მათ ხელ-ფეხი გაიხსნეს და დოკუმენტებიც გააყალბეს.

რაც შეეხება ირინა ენუქიძეს, მას სჯეროდა, რომ სამართლიანობაპურს ჭამდა“?

- გირგვლიანების ოჯახი და ჩვენ, ვაკეში გვერდი-გვერდ ვცხოვრობდით. ირინას მამა, ჯიმშერი ბიძია და მამაჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ირინა კი, ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და ერთად გავიზარდეთ. ამ ტრაგედიის შემდეგ, ორი აზრი არ იყო, რომ მათი ოჯახის ინტერესების დამცველი ვიქნებოდი. როცა ევროპის სასამართლოში საქმეს ვაგზავნიდით, ოფისში შუქი ჩაქრა და მე და ირინა მთავრობის კანცელარიის წინ წავედით, სადაც საქმის ამობეჭდვა გვინდოდა. ევროპის სასამართლოში ეს საქმე ერთად გადავაგზავნეთ და მითხრა, რომ რაღაც აწუხებდა. არადა, ძალიან ჯანმრთელი გოგო იყო. მისი ასე უეცარი გარდაცვალება მაკვირვებს. შეიძლება მისმა ორგანიზმმა ამხელა სტრესს ვერ გაუძლო.

თუმცა, მისი გარდაცვალების თაობაზე საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიები გაჟღერდა...

- ვერსია იყო, რომ სასაფლაო ხომ არ მოწამლეს, სადაც სანდროს საფლავზე ირინა საათობით დამხობილი იყო. ამის მტკიცებულება არ მაქვს და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ირინას ბავშვობიდან ვიცნობ და ის ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი გოგო იყო, რომელიც ასე უეცრად ცუდად გახდა. იმ დღეს მითხრა რაღაც მაწუხებს და მითხრეს დაწოლა სჯობსო. ასევე მითხრა, რომ პანკიარსი მაქვსო. ამის შემდეგ, ირინა რამდენიმე დღე ვერ ვნახე და ველოდი, რომ გამოკეთდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, აღარ გამოკეთებულა. მან იცოდა, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად ყველაფერს გავაკეთებდით. ასე გვჯეროდა ერთმანეთის და მის ნდობასა და რწმენას მთელი საზოგადოება არ გაამტყუნებს. ირინა ამბობდა, რომ ისე არ მოხდება, ეს დანაშაული არ გაიხსნასო და ასეც ხდება.