„საქართველოში კვლავ ანტიპარტიული ისტერიაა“

„საქართველოში კვლავ ანტიპარტიული ისტერიაა“

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რატომღაც დღის წესრიგში დგას ნაცმოძრაობის გადარჩენის ამოცანა. ამ დროს კი რეალური პოლიტიკური ძალებისთვის სივრცე დახურულია და მათ ნაცმოძრაობასთან პოლემიკაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ. მათ ნაცვლად წინა პლანზეა ორკაციანი, სამკაციანი, ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების სატელიტური ორგანიზაციები.

ბოლო დროს პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით გაურკვეველი ვითარება შეიქმნა. ფაქტია, რომ პარტიები ერთმანეთს ფინანსების გამო უპირისპირდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ დაფინანსების წესი ქართული ოცნებისა და ნაცმოძრაობის სასარგებლოდ იცვლება. თუ ხედავთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან, ათა რეალურმა ოპოზიციურმა ძალებმა დაფინანსების წყარო გამონახონ?

- დღეს ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სახელმწიფოს მშენებლობაში პარტიების როლის შესახებ და უნდა შევაფასოთ, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პარტია. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში 300-მდე პარტიაა რეგისტრირებული და, როგორც ახლა გავრცელდა ინფორმაცია, 17 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებაა დარეგისტრირებული. ისევე, როგორც ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ყველაზე იოლად რეგისტრირებადი ქვეყანა ვიყავით, ასევე, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვალსაზრისით, ძალიან იოლად რეგისტრირებადი სახელმწიფო ვართ. ამიტომაც იწყება ის აჯაფსანდალი, ქაოსი, რომელიც მართვადის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ პოლიტიკური პარტიები უპირველესად დაინტერესებულნი უნდა იყვნენ იმაში, რომ ე.წ. პოლიტიკური ბაზარი დაცულ იქნას, რათა არ მოტყუვდნენ პოლიტიკური მომხმარებლები და მათ ლამაზად შეფუთულ მდგომარეობაში არ შეაპარონ ყალბი, ვადაგასული, გაფუჭებული პროდუქტი. სახელმწიფომ ამაზე უნდა იზრუნოს. თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც არ იყოს ძლიერი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური პარტიები. ჩვენთან კი პირიქით ხდება, მიმდინარეობს ანტიპარტიული ისტერია, პარტიები მეორე პლანზე არიან გადასულნი, არანაირი პასუხისმგებლობა ამ პარტიებს არ აქვთ. წინა პლანზეა ორკაციანი, სამკაციანი, ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების სატელიტური ორგანიზაციები. გარდა ამისა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ჩაანაცვლეს არასამთავრობოებმა და მივიღეთ ასეთი სურათი. ამიტომ სახელმწიფოს თუ აქვს მდგრადი პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის სურვილი, მაშინ პარტიებისთვის ჯანსაღი, ღია სივრცე უნდა შეიქმნას და პარტიების დაფინანსება უნდა გამოიყენოს ამ უდიდესი მიზნის რეალიზებისთვის.

ნაციონალებსაც შეზღუდვები ჰქონდათ დაწესებული პარტიების დაფინანსებაზე.

- წინა წლების პრაქტიკა ასეთი იყო, ჯერ ჩამოიწერებოდა სატელიტი პარტიები, რომლებიც უნდა დაფინანსებულიყვნენ და შემდგომ ხდებოდა იმ სქემის მოფიქრება, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ ეს პარტიები იყვნენ წარმოჩენილნი.

თქვენ აცხადებთ, რომ პარტიების დაფინანსების წესი მართვადის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ შეგიძლიათ ღიად გვითხრათ, ვინ არიან ის სატელიტი პარტიები, რომელთა მიმართაც ინტერესი აქვს სახელმწიფოს და ამ ეტაპზე თუ შეინიშნებიან ასეთნი?

- რა თქმა უნდა, მოდით, ვისაუბროთ ისეთ ცნებაზე, რომელიც თავის დროზე, სააკაშვილმა შემოიღო და დღესაც წარმატებით რეალიზდება. ეს არის კვალიფიციური სუბიექტი. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი ამა თუ იმ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მიიღო მათგანვე გაყალბებულად გამოცხადებული არჩევნების შედეგების მიხედვით. პრაქტიკულად, ეს სტატუსი მიიღეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც იმ პერიოდისთვის აწყობდა ხელისუფლებას. შესაძლოა, ერთი-ორი გამონაკლისი მართლაც იყო, მაგრამ, ძირითადად, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს იღებდნენ სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამა თუ იმ გარიგების შედეგად, სააკაშვილის რეჟიმის გასაპრავებლად იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. მათ წინასწარვე იცოდნენ, რა შედეგიც დადგებოდა, მაგრამ ეს საჭირო იყო მათი ლეგიტიმიზაციისთვის არჩევნებში. სააკაშვილს უნდა ჰყოლოდა პასის მიმცემი და მიმწოდებელი და ჩვენ ამ სპექტაკლებს ყოველდღიურად ვუყურებდით. მათგან ყველაზე შთამბეჭდავიც შეიძლება გამოვყოთ, თუ როგორ განიხილებოდა პრეზიდენტის მისვლა პარლამენტში და იქ მოწყობილი ლამაზი სპეტაკლები: ხან ზოგიერთს წაუტყაპუნებდა, ზოგიერთს მოეფერებოდა, მაგრამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მრავალპარტიულობა დაცული გახლდათ.

ანუ, ახლაცქართულ ოცნებას სჭირდება მართვადი პარტიები? ვისზე გაქვთ ეჭვი?

- თუ არ გრძელდება სააკაშვილის პრაქტიკა, მაშინ უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპზე, თუ რას უნდა დაეფუძნოს პარტიების ფუნქციონირება. ორი მთავარი საკითხი, რაც პარტიას უნდა აინტერესებდეს, ეს არის ღია საჯარო სივრცე, მედიასაშუალებებზე წვდომა და ელემენტარული არსებობისთვის საჭირო სახელმწიფო დაფინანსება. ამ დროს კი ხელისუფლება აგრძელებს ძველ პრაქტიკას, კვლავაც ტოვებს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს. გაუგებარია, არჩევნების გაყალბების ფონზე რატომ არის ესა თუ ის პარტია კვალიფიციური?! გაუგებარია ისიც, რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს იმ პერიპეტიებზე, რაც იყო 1-ელ ოქტომბერს, როცა პარტიების წარმოჩინების საკითხი კი არ იდგა ქვეყნის წინაშე, ჯანსაღი რეალური არჩევნების ჩატარების ამოცანა კი არ იდგა, არამედ - ტირანიის შეზღუდვის ამოცანა. ამიტომ, მთელმა რიგმა პარტიებმა ამ ამოცანის შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება, თავისი როლის განსაზღვრისთვის ამ პროცესში.

ყველანი ვთანხმდებით, რომ 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალების 40% გაყალბებული იყო. მეორე მხრივ, რაც მიიღო ოცნებამ, ეს იმ შვიდი თუ ცხრა პარტიის დამსახურება კი არ იყო, რომელიც ამ კოალიციაში იყო გაერთიანებული, არამედ ეს იყო ნდობა ერთი პიროვნების მიმართ.

იმის შესახებაც ითქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, უნდა შენარჩუნდეს. თუ ამ კუთხით მივუდგებით, ნაციონალების დაფინანსება, მეტ-ნაკლებად ვიღაცისთვის, ალბათ, გასაგებია, მაგრამ რომელი კრიტერიუმი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად, რომლის გათვალისწინებითაც უნდა დაფინანსდნენ სხვა პარტიები?

- დღეს ნათლად ჩანს, რომ ღია საჯარო, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას ხელისუფლება არ ესწრაფვის. ის იღებს ნაცმოძრაობის პრაქტიკას, კვალიფიციური სუბიექტი შემოაქვს და რატომღაც დღის წესრიგში დგას ნაცმოძრაობის გადარჩენის ამოცანა. რა აუცილებლობაა მათი გადარჩენა, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ ვუყურებთ ფარული ჩანაწერებისა და სადისტური მოპყრობის სერიალებს? პრაქტიკულად, მიმდინარეობს ნაცმოძრაობის მორალური განადგურება და დეგრადაცია, რაც ჯანსაღ პროცესად მიმაჩნია, მაგრამ არაჯანსაღია, როცა ამ მორალურად განადგურებული და პოლიტიკურად გაკოტრებული ორგანიზაციის ხელოვნურ შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ. როგორ, სხვა ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ? ელემენტარულად, გახსნან სივრცე და ერთი-ერთზე კი ნუ სხდებიან „ოცნების“ წევრები „ნაცმოძრაობასთან“, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიას თანაბარი პირობები შეუქმნან. ამ თანაბარ პირობებში, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობას“ უპირატესობა ისედაც ექნება, რადგან ისინი სარგებლობენ დეპუტატის მანდატით, მანქანით, კომუნიკაციის საშუალებებით. აქვთ ეს უპირატესობა, როგორც სახელისუფლო ორგანიზაციას, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი ჰყავთ, უშიშროების საბჭო, ადგილობრივი თვითმართველობა... ისედაც სასტარტო პირობები უკეთესი აქვთ, დამატებით რა საჭიროა კიდევ თანხა მივცეთ? უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო და იმავე „სახალხო პარტიას“ მიეცეს იმის საშუალება, რომ შევიდეს ამ დაპირისპირებაში. იმედი გვაქვს, ქართული საზოგადოების თვალში შევძლებთ მათი დანაშაულებრივი ორგანიზაციის მთლიან გაყვანას პოლიტიკური სივრციდან. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ამით, რადგან თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ ჩვენგან წაიღო არა მარტო ლოზუნგები, საარჩევნო ნომერი, პარტიული სტრუქტურა, არამედ - ადგილი, თუნდაც, „ევროპის სახალხო პარტიაში“, სადაც ნაცმოძრაობას არავინ არ იღებდა და სააკაშვილი დარბოდა სოციალისტური მიმართულების ორგანიზაციაში. მან თავიდან ბოლომდე ჩვენი სტრუქტურა აიღო, გაიწოვა ჩვენი პარტიის ცოტა სუსტი და ცდუნებას დაქვემდებარებული საშუალო რგოლი, რომელმაც შემდგომ უზრუნველყო იმ მექანიზმის ამუშავება, რაც საარჩევნო პროცესს სჭირდებოდა, მაგრამ, „ოცნება“ ხელს აფარებს ნაცმოძრაობას და დღესაც არ გვაქვას საშუალება, ჯანსაღ კონკურენციაში დავსხდეთ ნაცმოძრაობასთან.

თუ თქვენს ლოგიკას მოვყვებით, ქართულმა ოცნებამ ისედაც იცის, რომ ნაცმოძრაობა არჩევნებში აპრიორი დამარცხდება. ამდენად, სხვა რეალურ ოპოზიციურ პარტიებთან ბრძოლა არ აწყობთ, რადგან საქმის გართულებად მიაჩნიათ?

- სწორედ ამ ეჭვებს გამოვთქვამთ. ქმნიან ისეთ სისტემას, რომლითაც მათ აწყობთ ასეთ დეგრადირებულ ძალასთან კონკურენცია. მათ ფონზე, რაც არ უნდა არაქმედითი ნაბიჯი გადადგას „ოცნებამ“, ის ყოველთვის მართალი იქნება. კონგრესში განცხადება მიიღეს, ევროპარლამენტშიც განცხადება გააკეთეს და ამის გამო „ოცნების“ მდგომარეობა ეჭვქვეშ დადგა. ამ დროს კი რომელიღაც სამალავიდან ამოიღეს ჩანაწერები. ხან სამეგრელოში მიაკვლევენ ასეთ ჩანაწერებს, ხან - კახეთსა და გურიაში და ამ სერიალებს უჩვენებენ. საბჭოთა კავშირის დროს უცხოური ფილმი რომ ჩამოვიდოდა, ე.წ. პრასმოტრებს აკეთებდნენ ჯერ კინოს სახლში ელიტისთვის, შემდეგ კინო „გაზაფხულში“ - მასისთვის, შემდეგ - „კოსმოსში“ საზოგადოებისთვის. რაღაც ასეთი ფორმა შეიძინა ამ ვიდეოების ჩვენებამ. საკრებულოს ხალხს ცალკე აჩვენეს, არამსამთავრობოებს - ცალკე, სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებსაც ცალ-ცალკე.

ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, საფინანსო ბარიერი 4 %-დან 3 %-მდე მცირდება. გარდა ამისა, თუ პარტიაში ყოველი 10 წევრიდან სამი ქალბატონი იქნება, პარტია გაცილებით მეტ დაფინანსებას მიიღებს. ნაციონალები აცხადებენ, რომ ბარიერის ასე დაწევა არ შეიძლება. თქვენი მოსაზრება როგორია?

- თუ ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი სურვილი, შექმნას კონკურენტული გარემო და, თუ აცნობიერებს, რომ „ოცნებაზე“ აკიდებული სატელიტი პარტიები რეალურად არ არსებობენ და არსებობენ იმდენად, რამდენადაც მხოლოდ ივანიშვილის პერსონალურ ნებაზე არიან დამოკიდებულნი, ზოგადი პრინციპი უნდა შემუშავდეს. ეს კი ხელოვნურ პრივილეგიებზე უარის თქმას ნიშნავს. მაგალითად, „სახალხო პარტია“ ფიქრობს, რომ ასეთ საფუძვლად შეიძლება გამოდგეს დამოუკიდებლობის პერიოდში ჩატარებული ყველა არჩევნების შედეგები. ჩვენ ვერ მივაბამთ 2012 წლის არჩევნებს ამ პრინციპის შემუშავებას, რადგან 2012-ში სულ სხვა ამოცანა იდგა, 2008-ში - სხვა ამოცანა, მაგრამ, თუ ჯამურად მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში ჩატარებულ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს შევაჯამებთ, სამ ან მეტ არჩევნებში პარტიას თუკი რაღაც რეზულტატი აქვს ნაჩვენები, იმ პარტიებს უნდა მიეცეს მედიაზე წვდომისა და დაფინანსების შესაძლებლობა. ამით მივიღებთ რეალურ სურათს, რომ ამ 20 წლის განმავლობაში არა ერთჯერადად, ერთი არჩევნებისთვის შექმნილი სატელიტი პარტიებისთვის გავიღოთ ეს თანხა, არამედ სტაბილური პარტიებისთვის, რომლებსაც მოსახლეობის მხარდაჭერა აქვთ. ასეთი საქართველოში, ყველაზე დიდი, სულ 25 ორგანიზაცია თუ იქნება. თუ მათი რაოდენობის შემცირება  გვინდა, რასაც თქვენ ამბობთ, შესაძლოა, ბარიერი აიწიოს, მაგრამ პრინციპი უნდა იყოს ჯამური შედეგი, რაც მრავალწლიან, ჩამოყალიბებული იდეოლოგიების მქონე პარტიებს ხელს შეუწყობს.

იმისთვის, რომ რეალური ოპოზიცია გადარჩეს, ბარიერის გადალახვის მიზნით პარტიების გაერთიანებას როგორ უყურებთ?

- ქვეყნის ამოცანა ბარიერის გადალახვისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, არამედ უნდა ჩამოყალიბდნენ ერთგვაროვანი, ერთი იდეოლოგიის მქონე პარტიები და ისინი უნდა გაერთიანდნენ. გარდა ამისა, უნდა ჩამოყალიბდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესთა გამომხატველი პარტიები. თვითონ სიტყვა „პარტია“ ნიშნავს ნაწილს. პირადად „სახალხო პარტია“ ვართ მემარჯვენე, პროდასავლური, ქრისტიან-დემოკრატიული, ეროვნული ცნობიერების მქონე ორგანიზაცია. არსებობენ მემარცხენე, სოციალ-დემოკრატიული პარტიები. ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ იდეოლოგიის მიხედვით. აქეთკენ უნდა იყოს ხელისუფლების სტიმულირება მიმართული. იდეოლოგიათა, პრინციპებს შორის ჭიდილში არჩევნებზე საერთო ეროვნულ კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ. ეს არის არჩევნების დანიშნულება, რომ საზოგადოებასთან შევთანხმდეთ ოთხი წლის ვადით და არა სამუდამოდ.

თუ არ იქნება მდგრადი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, პოლიტიკა ყოველთვის აგებული იქნება ზიზღზე, წინააღმდეგობასა და კონკრეტულ პიროვნებებზე. თავის დროზე შევარდნაძეს და სააკაშვილს ბუნებრივად, უცებ, რამე რომ მოსვლოდათ, ქვეყანაში ქაოსი და გაურკვევლობა დაისადგურებდა. ამიტომ, არ შეიძლება პიროვნებებზე პოლიტიკის აგება, პოლიტიკა პოლიტიკურ ძალებზე უნდა აიგოს. ივანიშვილმა თავისი პარტია გააძლიეროს, მისი იდეოლოგია გამოხატოს და წარმართოს, ჩვენ ჩვენსას მივხედავთ, სხვა პარტია თავისას მიხედავს. საზოგადოება არჩევნებზე შეაფასებს და, რომელიც უფრო მოსწონს, ის პარტია იქნება გამარჯვებული.

1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე დღევანდელმა ხელისუფლებამ არაორდინარულ ვითარებაში გაიმარჯვა, ამიტომაც დღესაც ერთჯერადი არაორდინარული ნაბიჯი უნდა გადაიდგას, სანამ მდგრადი სისტემა ჩამოყალიბდება და უეჭველად დემოკრატიული, ჯანსაღი არჩევნები ჩატარდება. მაშინ გარიგებების საშუალება აღარ იქნება და არ დადგება ეჭვქვეშ პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში.