გენერალი მამუკა ყურაშვილი for.ge-სთან ხუთწლიან დუმილს არღვევს. სამშვიდობო ძალების ყოფილი სარდალი ადასტურებს 2008 წლის აგვისტოს ომში სამოქალაქო პირების ჩარევას. ის დარწმუნებულია, რომ გამოძიება ხელისუფლების მაღალი თანმდებობის პირებზე გავა. გენერალი ყურაშვილი ცხინვალის რეგონში სამშვიდო ძალების სარდლად 2007 წლის 1 იანვარს დაინიშნა. გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით 2008 წლის დეკემბერში მანდატი გაუუქმდა.
2009 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყურაშვილი უკრაინაში სამხედრო ატაშედ ინიშნება. რამდენიმე თვეში ხელისუფლებამ მისი სასომხეთში გადაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ გენერალმა ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. იგი უკრაინაში დარჩა და საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც For.ge-მ მამუკა ყურაშვილთან ჩაწერა.
აგვისტოს ომის შემდეგ თქვენ მიუწვდომელი იყავით. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდით საქართველოში და სისტემურ დანაშაულზე ისაუბრეთ. რატომ დუმდით აქამდე?
- უკრაინაში ვიყავი. ამდენ სიბინძურეს რომ ვუყურებ, უბრალოდ ადამიანი ვეღარ ითმენ და აკეთებ განცხადებებს. მანამდეც დაესვათ კითხვა და გავცემდი ყველას პასუხს.
რატომ მიიღეთ უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება? რატომ დატოვეთ სამშვიდობო ძალების მანდატი, ეს იყო იძულება, თუ თქვენი სურვილი?
- 2009 წელს დავინიშნე უკრაინაში სამხედრო ატაშედ. მერე შემომთავაზეს სასომხეთში ატაშედ გადაყვანა, ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და დავრჩი უკრაინაში.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და თქვენს ცნობილი განცხადებას, კონსტიტუციური წყობილების აღდგენასთან დაკავშირებით, სამშვიდობო ძალების სარდალს რამდენად გქონდათ ასეთი განცხადების გაკეთების უფლება?
- დაველოდოთ გამოძიებას. პროკურატურა დადებს თავის დასკვნას და ყველაფერზე იქნება პასუხი გაცემული. მე მიზანი კონსტიტუციური წყობილების აღდგენაში დავინახე. ცხინვალი თუნდაც ლოიალური ყოფილიყო თბილისთან მიმართებაში, რუსეთის ჯარი რომ გამოჩნდა, უკვე შეიძლებოდა ამ განცახდების გაკეთება. ისე რომ, ჩემი განაცხადება „დანა-ჩანგლით“ გამოსვლას სჯობდა.
თქვენ, როგორც სამშვიდობო ძალების სარდალმა, უმაღლეს მთავარსარდალთან შეუთანხმებლად გააკეთეთ ეს განცხადება?
- ეს განცხადება გავაკეთე ჩემით. დანარჩენს ყველაფერს პროკურატურა გასცემს პასუხს.
როდესაც ამ განცხადებას აკეთებდით, არ გქონდათ იფორმაცია, რომ როკის გვირაბთან მობილიზებული იყო 57-ე არმია?
- გამოძიება მომიდინარეობს და ყველაფერს გასცემს პასუხს. არ იქნება ახლა მიზანშეწონილი ჩემი მხრიდან განცხადებების გაკეთება.
ქართული მხარის მოქმედებას როგორ შეაფასებთ? ფაქტია, რომ დაშვებული იყო უამრავი ტაქტიკური შეცდომები, არაფერი გაკეთებულა თუნდაც იმისათვის, რომ რაც შეიძლება მინიმალური მსხვერპლი ყოფილიყო მშვიდობიან მოსახლეობაში...
- პროკურატურას უნდა დაველოდოთ და ამ ყველაფერზე დაიდება საბოლოო დასკვნები. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, რათა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მინიმალური ყოფილიყო. კონფლიქტის ზონა დაყოფილი იყო პასუხისმგებლობის ზონებად. იმ პასუხისმგებლობის ზონაში, სადაც ჩემი პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა, მაქსიმალურად გავაკეთე რაც შევძელი. უდიდეს პატივს ვცემ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს არის საქართველოზე განსაკუთრებულად შეყვარებული ხალხი, პირადად თავიანთი ოჯახები არ ჰყავდათ ევაკუირებული, როცა მედიკამენტები და წყალი მოჰქონდათ ჯარისკაცებისათვის და მხარში ედგნენ. ეს ხდებოდა მაშინ, როცა საკუთარი ოჯახი არ ჰყავდათ ცეცხლის ზონიდან გამოყვანილი.
შემთხვევით ვსარგებლობ და მინდა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ხალხის წინაშე, ეს არის უაღესად უვაჟკაცესი ხალხი, რომელთაც ძალიან დიდი გაჭირვება აქვთ გადატანილი წლების განმავლობაში და ფეხი არ მოუცვლიათ იქიდან. პირადად მე რაც შევძელი ყველაფერი გავაკეთე, დანარჩენი, უკვე, რაც ადმინისტრაციული საზღვრის აქეთ იყო, ეს უფრო ადგილობრივი ხელისუფლების საქმე იყო. გუბერნატორს უნდა ჰქონოდა შეთანხმებული გეგმა, რასაც უნდა მოჰყოლოდა ამოქმედება. ეს მიბმული უნდა ყოფილიყო ძირითად გეგმასთან. ქვეყანაში უნდა გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა, მოწვეული უნდა ყოფილიყო პარლამენტის საგანგებო სხდომა და ამის შემდეგ ეტაპობრივად აეწყობოდა ყველაფერი, მაგრამ როცა დაგეგმვაში ჩავარდნა არის და, ალბათ, ეს არის შეცდომა, ამ შეცდომასაც გამოავლენს პროკურატურა. პროკურატურა დღეს მოწოდების დონეზეა.
რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე დღეს უფრო სიმართლისთვის ბევრად სანდო სიტუაცია მიმაჩნია ქვეყანაში, ვიდრე ძველი ხელისუფლების დროს. სიმართლესაც დაცვა სჭირდება. უკრაინაში ვიყავი და გარიდებული ვიყავი აქაურობას. გმირები და ვაჟკაცები მარტო ჩემს გარშემო და სხვა დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებშიც ბევრი იყო. მე თუ მათ გვარს და სახელს გავაჟღერებდი, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მდგომარეობაში ჩააყენებდნენ იმ ხალხს. მარტო მუხროვანის სატანკო ბატალიონს რაც დამართეს საკმარისი არ არის?! იმ პერიოდში, უპასუხისმგებლოდ გამოვიდოდა ჩემი მხრიდან ამ გმირებზე საუბარი.
ჩემთვის უპატიებელი შეცდომა იქნებოდა ის, რომ ჩემი განცხადების გამო ვიღაცას რაღაცა პრობლემები შექმნოდა. ვიცი, რომ შეექმნებოდათ ეს პრობლემა. აუცილებლად ნამდვილი გმირი უნდა დაჩაგრო, დაჩრდილო, რომ ფსევდო გმირი წამოწიო, რომელიც, ალბათ, ლოიალური არის ძველი რეჟიმისთვის, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც თავიანთი პოზიცია გააჩნიათ და ამის მაგალითია მუხროვანის სატანკო ბატალიონი.
რაც შეეხება თქვენს დაჭრას, ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ასაიდუმლოებდა. ვრცელდებოდა რამდენიმე ვერსია, რომ თქვენ თვითდაზიანება მიიყენეთ შეგნებულად, რომ საომარ მოქმედებას გარიდებოდით. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- მაგ დროისთვის ბევრი ინფორმაცია იყო გასაიდუმლოებული. ვერ გავაკეთებ ამაზე კონემტარს. ბევრი ფსევდო-გმირი ამის შემდეგ აშენდა და მოიწყო სამხედრო კარიერა. როგორც გითხარით, მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ნუ ვიჩქარებთ. სწორედ იმისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
გასაგებია, რომ სამშვიდობო ძალების სარდალი იყავით და არ იყო მიზანშეწონილი თქვენი დაჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ თქვენ მიიყენეთ თუ არა თვითდაზიანება იმისათვის, რომ ბრძოლის ველი დაგეტოვებინათ?
- ეს არის აბსურდი. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით.
ბატონო მამუკა, იყავით თუ არა დაჭრილი?
- გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ვინ როგორ იყო და ვის როგორი მდგომარეობა ჰქონდა. მქონდა მსუბუქი კონტუზია.
დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეს იყო სამხედრო დანაშაული, რომ ხელისუფლებას ეს ომის სჭირდებოდა და უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი...
- ასეთი ეჭვი მეც დამრჩა, რომ ხელისუფლებას მეტი მსხვერპლი უნდოდა.
რატომ? როგორც წესი, მონაწილე მხარეების მთავარი მიზანია მსხვერპლის რაოდენობა იყოს მინიმალური...
- აქ არის სწორედ ძიების შინაარსი. გამოძიება დაადგენს ყველაფერს და პასუხი გაეცემა ყველაფერს. სულსწრაფობა არაა მიზანშეწონილი და რაღაცაზე წინმსწრებად ძნელია ლაპარაკი.
საპარლამენტო კომისიის დასკვნას თუ ენდობით? როგორც ცნობილია, თქვენ თანამშრომლობდით ამ კომისიასთან...
- ეს კომისია ომის გამომწვევ მიზეზებს იკვლევდა. პროკურატურა კი ომის მსვლელობის დროს განვითარებულ მოვლენებს სწავლობს. კომენტარის გაკეთება არასწორი იქნება ძიების დასრულებამდე.
მზად ხართ ჩვენება მისცეთ პროკურატურას?
- რა თქმა უნდა, ვიტყვი ყვალაფერს რა და როგორ. პროკურატურა განსაზღვრავს ყველაფერს. ჯერჯერობით, ჩვენება არ მიმიცია, თუმცა მზად ვარ მივცე ჩვენება და ვთქვა სიმართლე რა ხდებოდა. მე თვითონ ვარ დაინტერესებული, რომ ჩატარდეს გამოძიება და გამოძიების პროცესში გაირკვევა ყველაფერი.
როგორ ფიქრობთ, გავა თუ არა გამოძიება მაღალი თანმდებობის პირებზე?
- თუ ძიება მოწოდების დონეზე იქნება, რა თქმა უნდა, გავა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს. საზოგადოება ყველაფერს გაიგებს მას შემდეგ, რაც ძიება დასრულდება.
ერეოდნენ თუ არა სამოქალაქო პირები სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში?
- ამას პასუხი ძიებამ უნდა გასცეს. სამწუხაროდ, ბევრი გმირი იშვა ამ ომის შემდეგ. საერთოდ, არავითარი გამართლება არ აქვს იმ ფაქტს, როცა სამოქალაქო პირები ერევიან სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში თქვენს წილ პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ?
- 43 წელია ჩემი ქვეყნის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას. როცა ასეთი კონფლიქტი ხდება ყველა ადეკვატურ ადამიანს თავის თავთან რაღაცა კრიტიკა უნდა ჰქონდეს. თუ ადამიანს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, ის არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას.
თქვენ მზად ხართ იმისათვის, რომ თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღოთ?
- გამოძიებას დაველოდოთ და ყველაფერი გამოიკვეთება. სანამ გამოძიება მიდის არაფერზე არ შემიძლია პასუხის გაცემა.
მზად ხართ იმისათვის, რომ ისევ ჩაიცვათ სამხედრო ფორმა?
- ეს ყველა სამხედროს სურვილია. როგორც სხვას, ისე მეც მაქვს სურვილი, რომ ჩავიცვა ისევ სამხედრო ფორმა. როგორი გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით ვიმოქმედებ, რასაც მიბრძანებენ იმას გავაკეთებ.