რუსეთში ქართული ადგილწარმოშობის ღვინის დაცვა დაიწყო

რუსეთში ქართული ადგილწარმოშობის ღვინის დაცვა დაიწყო

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების რუსეთში რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია. ეს პროცესი ძალიანაც საშურია იმიტომ, რომ ყველას კარგად ახსოვს პერიოდი, როცა პოსტ-საბჭოთა სივრცეში დიდ ოდენობით ფალსიფიცირებული “ხვანჭკარა” და “ქინძმარაული” იყიდებოდა.

“საქპატენტის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით “საქპატენტმა” რუსეთში შესაბამისი წარმომადგენელი (რუსეთის პატენტრწმუნებული) დაიქირავა, რომელსაც საგანაცხადო მასალების მომზადება და რუსეთის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა დაევალა.

“აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, სარეგისტრაციო განაცხადები ადგილწარმოშობის დასახელებებზე: “ხვანჭკარა”, “მუკუზანი”, “ქინძმარაული”, “წინანდალი”, “ტვიში” და “ახაშენი” უკვე შეტანილია “როსპატენტში”, - აცხადებენ “საქპატენტში”.

ორგანიზაციას ამ ყველაფერზე განმარტების გაკეთება იმიტომ დასჭირდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელი ბოლო დროს ყველაფერზე კომენტარებს აფრქვევს, რუსეთში ქართული ალკოჰოლური სასმელების გატანის თემასაც შეეხო. სააკაშვილს ძალიან არ მოსწონს ჩრდილოეთში ადგილობრივი ნაწარმის შეტანა, ამიტომაც დრო და დრო მწარე კომენტარებით შემოიფარგლება. ამჯერად პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის სავაჭრო ნიშანი დაცული არ არის.

სააკაშვილის ამ განცხადებას “საქპატენტის” ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე გამოეხმაურა. ღვალაძისთვის უცნობია, რას გულისხმობს პრეზიდენტი თავის განცხადებაში. იგი ადასტურებს, რომ “საქპატენტისგან” დამოუკიდებლად არსებობენ კომპანიები, რომლებიც რუსეთში რეგისტრირდებიან. “საქპატენტი” ასეთ კომპანიებზე პასუხისმგებლობას იხსნის, ხოლო კომპანიებს, რომლებიც ადგილწარმოშობის რეგისტრაციას გაივლიან, რუსულ ბაზარზე ქართული მხარის დაქირავებული პატენტ-რწმუნებულები გააკონტროლებენ.

ღვალაძის განცხადებით, ქართული ღვინო ძალიან საინტერესო ფენომენია, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი და ითხოვს პოპულარიზაციასა და ფალსიციფირებისგან დაცვას.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის თებერვალში ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა შეთანხმება საქართველოსთან გეოგრაფიული დასახელებების ურთიერთდაცვაზე სოფლის მეურნეობის და სასურსათო პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის განხორციელებისას.

შეთანხმების მიხედვით, 18 დასახელების ქართული ღვინო, მათ შორის “ხვანჭკარა”, “ახაშენი”, “ქინძმარაული”, “საფერავი” და სხვები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ფალსიფიცირებისგან დაცულია.

თავის მხრივ, რუსეთის სანიტარული სამსახური მკაცრ ზომებს მიმართავს ბაზარზე ქართული უხარისხო ღვინის ან მინერალური წყლის აღმოჩენის შემთხვევაში. “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელის გენადი ონიშჩენკოს თქმით, ყველას ახსოვს ალბათ ის სიტუაცია, რომლის გამოც, რამდენიმე წლის წინ რუსეთმაა ზერადიკალურ ზომებს მიმართა. “ყველას ახსოვს ალბთ სიტუცია, რომლის გამოც ჩვენ ზერადიკალურ ზომებს მივმართეთ. ის სიტუაცია რომ განმეორდეს, ნაბიჯები კიდევ უფრო მკაცრი იქნება”, - აცხადებს ონიშჩენკო.