თავსატეხი მეცნიერებათა აკადემიის ახალი პრეზიდენტისთვის

თავსატეხი მეცნიერებათა აკადემიის ახალი პრეზიდენტისთვის

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ახალი პრეზიდენტი ყავს. 2013 წლის 20 ივნისის არჩევნების შედეგად ქართული მეცნიერების უმღლეს ინსტიტუციას აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის პოსტზე 2 კანდიდატი იყრიდა კენჭს, – მოქმედი პრეზიდენტი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და გიორგი კვესიტაძე. ფარულმა კენჭისყრამ აკადემიკოსთა არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დააფიქსირა. აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს საკმაოდ  შთამბეჭდავი შრომითი და მეცნიერული ბიოგრაფია აქვს და მას for.ge წარმატებას უსურვებს საქართველოს მეცნირებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის პოსტზე.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია მეცნირებისა და განათლების სფეროში ბოლო წლებში განხორციელებული მუდმივი რეფორმების ეპიცენტრში თუ არა, ცენტრში მუდამ იყო. სააკაშვილის ხელისუფლებამ მეცნიერებათა აკადემიისადმი საკუთარი მიდგომა მისი მაქსიმალური შევიწროებით გამოხატა, რაც ნიშნავდა აკადემიის დაქვემდებარებაში არსებული სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტების რიგ შემთხვევებში გაუქმებას და რიგ შემთხვევებში აკადემიის გამგებლობიდან მათ გამოყვანას და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისადმი დაქვემდებარებას. პირდაპირ არ თქმულა, მაგრამ იგულისხმებოდა, რომ „ჩარეცხილთა“ და „ჩასარეცხთა“ შორის აკადემიკოსებიც მოაზრებოდნენ.

არადა, როგორც არ უნდა განსაჯო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ის სტრუქტურაა, სადაც ქართული ინტელექტუალურ–სამეცნიერო პოტენციალია თავმოყრილი. და თუ ამ პოტენციალის სათანადოდ და პრაგმატულად გამოყენება და რეალიზება არ ან ვერ ხერხდება, ამაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავენი, ალბათ, თავად აკადემიკოსები არიან.

ფაქტია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალ პრეზიდენტს საკმაოდ რთულ ვითარებაში მოუხდება საქმიანობა და აკადემიის პრესტიჟსა და მის რეალურ მნიშვნელობაზე ზრუნვა. მან თავის პირველ პრეს–კონფერენციაზე უკვე გააცნო საკუთარი ხედვები დაინტერესებულ საზოგადოებას. აღნიშნა, რომ  დღეს საქართველოში 90-იან წლებამდე არსებული მეცნიერთა პოტენციალის მხოლოდ 25-30% დარჩენილი, თუმცა. მიიჩნევს, რომ მათ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი სასარგებლოს გაკეთება შეუძლიათ. 
გიორგი კვესიტაძის განცხადებით, დღეს უნივერისტეტები მაინცდამაინც მაღალი მეცნიერული კვლევებით არ გამოირჩევა და იქ კველევების დუბლირება ხდება. მისი თქმით, დღემდე არსებულ სამეცნიერო ინსტიტუტებში არსებობს გარკვეული პოტენციალი, რომელიც სახელმწიფოს დიდ სარგებლობას მოუტანს. კვესიტაძე მიიჩნევს, რომ შეიძლება დამუშავდეს მეცნიერული ტექნოლოგიები იმ მეცნიერთა დონის ხარჯზე, რაც დღეს საქართველოშია. იგი შეეცდება, რომ მეცნიერება ყველა დონეზე დაიცვას.

პრესკონფერენციაზე კვესიტაძემ ასევე ორი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომლის შეთავაზებას ხელისუფლებისათვის აპირებენ. ეს არის ახალი ეკოლოგიური კონცეფცია, რომელიც შემუშავებულია და კონცეფიის პრეზენტაციის დროს წარდგება. ეს კონცეფცია შემუშავებულია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მომავალში შესაძლოა უდიდეს სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცეს და ამდენად, ეს კონცეფცია მნიშვნელოვანია.

მეორე, რაზეც კვესიტაძემ ისაუბრა არის ის, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში დამლაშებული ნიადაგების გამდიდრებას შეუწყობს ხელს, რათა შემდეგ მათი გამოყენება მოხდეს სასოფლო-სამეურნეო მიწებად. 

ცხადია, მეცნიერებათა აკადემიის ახალ პრეზიდენტს კიდევ არაერთხელ მოუწევს საზოგადოებისთვის იმის წარდგენა, თუ როგორ ესახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ადგილი და როლი საქართველოს მეცნიერებისა და განათლების განვითარების საქმეში. ხომ არ აქვს დაგეგმილი აკადემიაში გარკვეული რეფორმების განხორციელება, რათა ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობა გაიზარდოს და  დაინტერესებულ საზოგადოეაბს არ დარჩეს უკმარობის გრძნობა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან  მეცნიერებათა აკადემიის დასაფინანსებლად გამოყოფილი ასიგნებები ფუჭად არ იხარჯება. მას ასევე მოუხდება საზოგადოების იმაში დარწმუნებაც, რომ აკადემიაში თავმოყრილი ქვეყნის ინტელექტუალურ–სამეცნიერო პოტენციალი რეალურად და საქმიანად დგას საქართველოში მეცნიერების განვითარების გზაზე და რომ მეცნიერებათა აკადემიის, ამ მართლაც ამაღლებული ინსტიტუციის ყველა გადაწყვეტილება გამჭვირვალეა და მოკლებულია ყოველგვარ სუბიექტივიზმსა თუ პროტექციონიზმს.

ახლა კი იმ თავსატეხის შესახებ, რომელზე პასუხის გაცემაც გიორგი კვესიტაძეს, როგორც აკადემიის პრეზიდენტს მოუხდება. 

საქმე ის არის, რომ 2013 წლის 30 იანვარს მეცნიერებათა აკადემიამ გამოაცხადა ვაკანსიები აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით. მათ შორის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებით (ხელმძღვანელი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი), ეკონომიკაში, გამოცხადდა 2 ვაკანსია: „გამოყენებით ეკონომიკაში“ და „ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიაში“.

ეკონომიკურ სამეცნიერო წრეებში იმთავითვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ასეთი მიდგომა ვერ იქნებოდა სამართლიანი, რამდენადაც უკიდურესად ზღუდავდა საქართველოს ეკონომიკაში დაწინაურებულ სხვადასხვა მიმართულებაში  (მაგალითად: მიკრო და მაკროეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკური თეორია, დემოგრაფია, ეკონომეტრიკა და სხვა) თავმოყრილ ინტელექტუალურ–სამეცნიერო პოტენციალის წარმომადგენელთა ინტერესებს. ისინი გამოცხადებული ვაკანსიების ვიწრო მიმართულებებიდან გამომდინარე, ამ არჩევნების მიღმა დარჩნენ.

თუმცა, მოსაზრებები და საუბრები მხოლოდ საუბრებად დარჩა, ხოლო გამოცხადებულ ვაკანსიებზე დაფიქსირდა 2 უკონკურენტო კანდიდატურა: „გამოყენებით ეკონომიკის“ მიმართულებით პროფესორი ლადო პაპავა, ხოლო „ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის“ მიმართულებით, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე. ბუნებრივია, მათი აკადემიკოსებად არჩევაც უმტკივნეულოდ მოხდა, რამდენადაც მათ, თავიანთი ვიწრო მიმართულებებით, კონკურენტები არ ჰყოლიათ და პრაქტიკულად ვერც ეყოლებოდათ.

გამოდის, რომ ეკონომიკაში გამოცხადებული ამ ორი ვაკანსიის ვიწრო ბუნებიდან გამომდინარე, ეკონომიკის სხვა, გაცილებით ფართო და სადღეისოდ ქვეყანაში დაწინაურებული მიმართულებები და მათი წარმომადგენლები დაიჩაგრნენ. მაგალითად ამაგდარი და ღვაწლმოსილი ეკონომისტის, პაატა გუგუშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტის, ლეო ჩიქავას შემთხვევაც  კმარა. ფაქტია, მას ვიწრო სპეციალიზაციის კუთხით გამოცხადებული ვაკანსიების გამო აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) რეალური შანსიც კი არ მიეცა და ბუნებრივია, როგორც ღირსეულ პიროვნებას და მეცნიერს შეეფერება, ამ „დავიწროვებულ“ კონკურსში მონაწილეობაც არ მიუღია.

მოსაზრებას, რომ აკადემიკოსის ვაკანსიები ეკონომიკაში, რბილად რომ ითქვას, გულგრილად და უგულისყუროდ იყო შერჩეული, აღრმავებს ის ფაქტიც, რომ მეცნიერებათა აკადემიაში წევრ–კორესპონდენტისა და ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანსიები, როგორც წესი, ძირითადად, ცხადდებოდა ზოგადად ეკონომიკაში და არა მის რომელიმე კონკრეტულ (ვიწრო) დარგში. შეიძლება ვიფიქროთ, ხომ არ იყო ასეთი კონკრეტიზაცია დროის მოთხოვით ნაკარნახევი და წინგადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, რამდენადაც ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია ეკონომიკური მეცნიერების ისტორიაა, ვთქვათ, მაგალითად, მედიცინის ისტორიის მსგავსად. ახლა, წარმოვიდგინოთ სამედიცინო საზოგადოების დამოკიდებულება, აკადემიკოსის ვაკანსია მხოლოდ მედიცინის ისტორიაში რომ გამოცხადდეს და არ გამოცხადდეს ზოგადად მედიცინაში ან მის დაწინაურებულ დარგებში. ეკონომიკასთან მიმართებაში აკადემიის მესვეურთა ასეთი მიდგომა მით  უფრო გასაოცარია, რომ იმავე კონკურსში ისეთ დარგებში, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, გეოლოგია, გეოფიზიკა და სხვ. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად ვაკანსია გამოცხდდა ზოგადად მათემატიკაში, ფიზიკაში, გეოლოგიაში, გეოფიზიკაში, და არა ამ დარგების ვიწრო სპეციალობების მიმართულებებით.

გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშოს, რომ არც „ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია“ და არც „გამოყენებით ეკონომიკა“ არ შედის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ „ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში“. შესაბამისად, ამ მიმართულებებით არ ხდება ეკონომისტებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება, არ ხდება ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება და ამ მიმართულებებით არ ხდება სადოქტორო დისერტაციების დაცვები.

„ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია“, როგორც საგანი, ისიც არჩევითი საგნის სახით, ისწავლება მხოლოდ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რა ვითარებაა  „გამოყენებითი ეკონომიკის“ სწავლების მიმართულებით, ეს საერთოდ უცნობია. ისიც აღსანიშნია, რომ ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიაში პრობლემების კვლევა მხოლოდ რამდენიმე სახელმძღვანელოთი და ორიოდე მონოგრაფიით შემოიფარგლება. ეს არის უაღრესად ვიწრო მიმართულება, რომლის უფრო მეტად სპეციალიზებაც, პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩნდება მოსაზრება, რომ ვაკანსია „გამოყენებით ეკონომიკაში“ გამოცხადებული (მოფიქრებული) იყო იმის გამოც, რომ არ მომხდარიყო ერთგვარი პარალელიზმი „ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიასთან“ გამოცხადებულ ვაკანსიასთან და დაცული ყოფილიყო გარკვეული პარიტეტი.

რატომ ჩაითვალა მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან პრიორიტეტულად ეკონომიკაში მხოლოდ ამ ვიწრო და არასაკვალიფიკაციო მიმართულებებით ვაკანსიების გამოცხადება, ეს კითხვა გამოცანად რჩება ეკონომიკით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არ არის რიგითი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გრანტის სპეციფიკიდან და საკუთარი ნებასურვილიდან გამომდინარე არჩევს პროექტებსა და კადრებს. მეცნიერებათა აკადემია უმაღლესი სამეცნიერო ინსტიტუციაა ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და რომლის წევრებსაც მეცნიერებისა და ქვეყნის წინაშე თავიანთი დამსახურებებიდან გამომდინარე, სიცოცხლის ბოლომდე, სოლიდური ყოველთვიური ანაზღაურება აქვთ დანიშნული.

ასე თუ ისე, კითხვები გაჩნდა და ეს კითხვები პასუხებს ელის და მოითხოვს.

კარგი იქნება თუ მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობით და ასევე ეკონომიკით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალი პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძისგან, აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, თამაზ გამყრელიძისგან, აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელის, აკადემიკოს როინ მეტრეველისგან ამ კითხვებზე პასუხებს მიიღებს.  კერძოდ, რა იყო ის გარემოება, რისი გათვალისწინებითაც  მეცნიერებათა აკადემიამ  ეკონომიკაში ვაკანსიები სწორედ ამ ორი ვიწრო მიმართულებით გამოაცხადა და არა თუნდაც, ზოგადად, ეკონომიკაში, რაც გაცილებით ფართო არჩევანის საშუალებას მისცემდა აკადემიურ წრეებს თავიანთი რჩეულების აკადემიკოსის საპატიო წოდებაზე წარსადგენად. და, ხომ არ ხედავენ ისინი აქ გაუმართლებელი პროტექციონიზმის ნიშნებს, რის გამოც ეკონომიკაში არსებული საკმაოდ სოლიდური ინტელექტუალურ–სამეცნიერო პოტენციალი ამ პროცესის მიღმა აღმოჩნდა, ხოლო გამოცხადებულ ვაკანსიებზე მხოლოდ სახელ–გვარების, ელექტრონული მისამართების და ტელეფონის ნომრების მიწერაღა დარჩა საჭირო.

თუ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალი პრეზიდენტი და მისი მენეჯმენტი ქართული მეცნიერების უმაღლეს ინსტიტუციაში მიმდინარე ორჭოფულ მომენტებზე საუბარს თავს არ აარიდებს, ასეთი მოდგომა მხოლოდ გაზრდის მეცნიერებათა აკადემიისადმი, როგორც სამეცნიერეო, ისე მთლიანად საზოგადოების ნდობის ხარისხს.