დაზღვევა წამლებს არ დააფინანსებს, ჯანდაცვას სხვა გეგმა აქვს

დაზღვევა წამლებს არ დააფინანსებს, ჯანდაცვას სხვა გეგმა აქვს

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ჯერჯერობით წამლებზე მაღალი ფასი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად. ეს საკითხი აწუხებს რიგით მომხმარებელს, ისე ჯანდაცვის სამინისტროს, ოპოზიციას და საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც კი.

გაზაფხულის დასაწყისში დაანონსებული ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა, რომელიც ბაზარზე ცვლილებებს ბიძგს მისცემდა, ჯერ არ ხერხდება. საყოველთაო დაზღვევა კი ამოქმედდა, მაგრამ მედიკამენტების შეძენა არც აქამდე იყო შესაძლებელი და არც ივლისიდან იქნება. ამ საკითხს ყველა სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევს.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი მაგდა ანიკაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების დაუფინანსებლობას აპროტესტებს.

„ფინანსური თვალსაზარისით, რაც იყო მოსახლეობის მთავარი პრობლემა - მედიკამენტების ხელმისაწვდომობა - ისევ პრობლემად რჩება, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი მედიკამენტების დაფინანსებას არ ითვალისწინებს. ეს არის საკმაოდ პრობლემატური საკითხი. წლების განმავლობაში, ყველა კვლევა ადასტურებდა, რომ მთავარი ფინანსური ხარჯი ადამიანებს წამლების შეძენასთან დაკავშირებით ჰქონდათ. ჯანდაცვაზე დახარჯული მთელი თანხის 60-70% იხარჯებოდა სწორედ მედიკამენტების შეძენაზე. საუბარი იმაზე, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ეს პროგრამა მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაუფარავს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ თანხებს, ძალიან პირობითია“, - ამბობს ანიკაშვილი.

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებსაც უჭირდათ სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტების შეძენა, პირველი ივლისის შემდეგ ისევ გაუჭირდებათ, რადგან მედიკამენტებს სახელმწიფო არ დააფინანსებს.

თავის გადაწყვეტილებას შემდეგი მოსაზრებით ამართლებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო:

„მედიკამენტები სადაზღვევო პაკეტში რომ შევიტანოთ, ბაზრის კანონების მიხედვით, წამლის ფასების ზრდა მექანიკურად, 60%-დან 80%-მდე მოხდება. ჩვენ ახლაც ვმუშაობთ, ახლაც საქართველოშია მსოფლიო ბანკის ექსპერტი, რომელიც სწორედ იმისთვის მოვიწვიეთ, რომ ამ მიმართულებით სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დავასრულოთ. ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს და ამ პროექტის მორიგი გადახედვა შემოდგომაზეა დაგეგმილი. ჩემი ოპტიმისტური გათვლებით, შევძლებთ, რომ სამოცპროცენტიანი დანახარჯი შევამციროთ. ამის შემდეგ კი შევძლებთ მედიკამენტების სადაზღვევო პაკეტში შეტანას“, - ამბობ სერგეენკო.

მინისტრის აზრით, წამლებზე მაღალ დანახარჯს ორი ფაქტორი იწვევს: თავისთავად წამლის მაღალი ფასი და არასაჭირო მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა.

„რაც შეეხება წამლის მაღალ ფასს, აქ საჭიროა კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა. ამასთან გვაქვს გეგმა, რომელიც დამუშავების ეტაპზეა და ამჯერად მხოლოდ სათაურის გამხელა შემიძლია - „სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ინსტიტუტის გაღრმავება“ - ეს თანამშრომლობა მოიაზრება, როგორც სოციალურ, ისე ჯანდაცვითი მიმართულებებით.

ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას ყველაფერში, მათ შორის, მედიკამენტებში. იმისთვის, რომ ეს ეფექტურად გავაკეთოთ, უნდა გვქონდეს წამლის ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემა, რომელიც ახლა ნაწილობრივ მუშაობს და არ არის საერთაშორისო სტანდარტის. თუმცა არც ასეთი ეფექტური სისტემის შექმნაა შორი პერსპექტივა.

როგორც კი უზრუნველვყოფთ წამლის ხარისხის კონტროლს, რეალურ კონკურენციას ფარმაკოლოგიურ ბაზარზე და დავაფუძნებთ სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ინსტიტუტს, საზოგადოება უკვე დაინახავს კონკრეტულ შედეგებს“, - ამბობს დავით სერგეენკო.