ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილება ძალიან ნათელია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარია საქართველო მუდმივად ემზადებოდეს წევრობისთვის. "ეს ნიშნავს იმას, რომ იყოს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა, სახელმწიფოებრიობის განცდა საზოგადოებაში და სამხედრო მზადყოფნას დემონსტრირება გავუკეთოთ. ეს ნაწილობრივ უკვე გავაკეთეთ, გზა გავიარეთ. ნატო-ს მომავალი სამიტისთვის ჩვენ ვემზადებით ჩვენი გეგმით, რომელზეც ალბათ უფრო დეტალური დისკუსიები შემოდგომაზე დაიწყება", -განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოზე საუბარი არ ყოფილა. "არ ყოფილა ამაზე კონკრეტული საუბარი იმიტომ, რომ ეს დავალება მიღებული აქვს, როგორც ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, ასევე ნატო-ს სპეციალურ სამხედრო სტრუქტურებს და როდესაც ამაზე შესაბამისი მოკვლევა ჩატარდება, შემდეგ იქნება პასუხი",-დასძინა ალასანიამ.