არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას უფრო აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, ვიდრე ოპოზიციას. რატომაც არა? უპრობლემოდ გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას, როცა ხედავს, რომ ოპოზიციაში ერთობა არ არის და დაბნეულია. ირაკლი ღარიბაშვილის ყოველი ჩატარებული მთავრობის სხდომა მიტოვებს განცდას, რომ „ოცნებამ" არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო - აცხადებს „რეზონანსთან" მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ანალიზისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
„რეზონანსი": რამდენად ექნება მხარდაჭერა ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას, რომელსაც ოპოზიცია აანონსებს და წავა თუ არა „ოცნება" დათმობაზე?
იგორ კვესელავა: ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიცია მზად არ არის, სრულ გამარჯვებას ვგულისხმობ, თორემ 3-4 კაცის გაყვანას პარლამენტში ყოველთვის შეძლებს. ეს იცის ხელისუფლებამ და ამიტომ ძნელად წარმომიდგენია, რამე დაუპირისპიროს და ვადამდელი არჩევნების ჩატარება აიძულოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას უფრო აწყობდეს ვადამდელი არჩევნები. რატომაც არა? უპრობლემოდ გაიხანგრძლივებს ძალაუფლებაში ყოფნას, როცა ხედავს, რომ ოპოზიციაში ერთობა არ არის და დაბნეულია. ჩვენი საარჩევნო სისტემა კი ისეთი მოუწესრიგებელია, რომ 3-4 პროცენტს ხელისუფლება თავისუფლად გაათამაშებს. ასე რომ, თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, ეს გათვლილი იქნება მის გამარჯვებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის ყოველი ჩატარებული მთავრობის სხდომა მიტოვებს განცდას, რომ „ოცნებამ" არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.
„რ": რამდენად მწვავე იქნება შემოდგომაზე პოლიტიკური პროცესები და შეძლებს ოპოზიცია საპროტესტო ტალღის აგორებას?
ი.კ: ოპოზიციას სჭირდება კარგი ანალიზი, როგორ გაუძღვეს პროცესებს, თუმცა ამ დრომდე გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ იქნება მწვავე დაპირისპირება, რაც სრულიად მიუღებელია. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უნდა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი და აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც გაწყვეტილია, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე დაიღუპება, ჯიუტი თხებივით წყალში ჩაცვივდებიან. ჩემი მოლოდინი ასეთია, სწორედ ამ პერიოდში მომწიფდება იდეა, მოხდეს შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, დაიწყება საინტერესო პროცესები, რომლებიც კოალიციური მთავრობის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
„რ": რამდენად საფუძვლიანია ხმები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკურ სცენაზე მალე ახალი პარტია თუ კონფიგურაციები გამოჩნდება?
ი.კ: სავსებით შესაძლებელია, რომ მალე „ოცნება 2" ვიხილოთ იმ ოთხეულის სახით, რომელმაც მმართველი გუნდი დატოვა. მათი პოზიცია მაგონებს ზვიად გამსახურდიას პოზიციას, რომელიც აცხადებდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთო. ამ იდეებს, ვფიქრობ, ექნება ხალხის მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციასა და მის პოლიტიკურ აქტივობას, ეს დიდწილად მიშას ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. თუ სააკაშვილი ოფიციალურად განაცხადებს, რომ მიდის ქართული პოლიტიკიდან, „ნაცმოძრაობა" ალბათ, მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ წაიყვანოს პროცესები სამომავალოდ.
„რ": ადვოკატები სააკაშვილისთვის ერთი წლით სასჯელის გადავადებას მოიხოვნენ, დათანხმდება ხელისუფლება?
ი.კ: სააკაშვილი ხელისუფლების დიდი თავის ტკივილია და არ არის გამორიცხული, რომ ამ წინადადებას დათანხმდეს. თანაც, პროცესი დაიწყო და სხვა გზა არ აქვს. დაიდება ალბათ საერთაშორისო დასკვნა, გამოჩნდებიან ევროპარლამენტარები და სენატორები მოწოდებებით. ხელისუფლებასაც აწყობს, ავადმყოფობის მიზეზით ეს თავის ტკივილი მოიშოროს.