კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი ამტკიცებს, რომ შსს-ს ოპერატიული არქივის ასლები დეპარტამენტიდან კუდ-ის დირექტორმა ვაჟა ლილუაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი დგებუაძემ იგივე „მასტერამ“ და „მოდულის“ შენობის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურაბ თუთბერიძემ გაიტანეს.
კენკებაშვილი ირწმუნება, რომ არქივის ასლები საპარლამენტო არჩევნების გამართვიდან რამდენიმე დღეში გაიტანეს. მეტიც, ის ადასტურებს, რომ შსს-ს ოპერატიული არქივში არის კონკრეტული პირების პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.
„არჩევნების შემდეგ მივედი დეპარტამენტში, სადაც სრული ქაოსი იყო. ყველა აკეთებდა ამ არქივის ასლებს. თანამშრომლემა ზუსტად იციან ვინ და როგორ გაიტანა ასლები. ეს იყო დაახლოებით 3-4 ოქტომბერი. ასლები გაიტანეს კუდ-ის დირექტორმა ვაჟა ლილუაშვილმა, თავდაცვის სამინსტროს წარმომადგენელმა გიორგი დგებუაძემ, ე.წ. მასტერამ და „მოდულის“ შენობის დაცვის სამსახურის უფროსმა ზურაბ თუთბერიძემ. ზუსტად ვიცი, ამის მომსწრე მე თვითონ ვარ. სხვებმა გაიტანეს თუ არა ამაზე ვერაფერს ვიტყვი“, - აცხადებს კენკებაშვილი.
მისივე თქმით, პირობა იმისა, რომ ეს კომპრომატები აღარ გამოიყენება, არ არსებობს. მისივე თქმით, ასლები გიორგი დგებუაძემ დათა ახალაიას მოთხოვნით გაიტანა. კენკებაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მან შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დანიშვნიდან ორ კვირაში მიაწოდა.
„ჩანაწერების გაკეთება და კომპრომატების არქივის შექმნა კონკრეტულად ვაჟა ლილუაშვილის იდეა იყო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტვინს და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა ვაჟა ლილუაშვილი. სწორედ მისი იდეით ხდებოდა კომპრომატების არქივის შექმნა. თავისთავად ცხადია, ეს იქნებოდა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული“, - აცხადებს თემურ კენკებაშვილი.
ვაჟა ლილუაშვილის საქმე ამჟამად იმყოფება მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ლილუაშვილის საქმე წინასწარ გამოძიებაშია, ის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობას ასრულებს. ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, პირად საუბარში კი ფაქტს არ უარყოფენ. ლილუაშვილია ავტორი იმ კომპრომატების, რომელიც იქმნებოდა არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ და სხვა ოპოზიციური ძალების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზეც.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ლილუაშვილს შემონახული აქვს თავის გადასარჩენი მასალა, რადგან ვაჟა ლილუაშვილმა ძალიან კარგად იცის ინტრიგების ხლართვა და კარგი ორგანიზატორიც არის.
უშიშრობის ყოფილი მინისტრი, გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ლილუაშვილისა და სამმართველოს უფროსების დონეზე არ წყდებოდა ასეთი ჩანაწერების მომზადება. როგორც მაისურაძე ამბობს, ასეთი საკითხი წყდება უშიშროების პირველი პირის, მინისტრის, ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში, მისი პირველი მოადგილის ნებართვით.
„საქართველოს უშიშროების სამსახური დაკავებული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებით და დაარქივებით. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თვით კომუნისტების პერიოდშიც კი უშიშროების სამსახური დაკავებული არ იყო ლოგინის შპიონაჟით, ეს არავის აინტერესებდა. ესენი კი ლოგინის შპიონაჟით იყვნენ დაკავებული, ზნეობა დაკარგეს. ყველაფრის ნებართვა ჰქონდათ, არავინ მათი გამკონტროლებელი არ იყო, არავინ ფიქრობა რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ყველაფერს აკეთებდნენ და თანაც უნამუსოდ. არანაირად არ იყვნენ შეზღუდული, რასაც უნდა იმას აკეთებდნენ,“ - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ანზორ მაისურაძე.
უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთოხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი ამბობს, რომ დემოკრატიული და არადემოკრატიული ქვეყანა იმით განსხვავდება ერთმანეთისგან თუ როგორი არის კონტროლი. სპეცსასმახურების კონტროლი უნდა იყოს ოთხნაირი - საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო სტრუქტურა (საპროკურორო ზედამხედველობა), და დემოკრატიული კონტროლი. ამ ოთხიდან საქართველოში არც ერთი არ მუშაობს.
მისივე თქმით, სპეცსამსახურის მუშაობის ერთ-ერთი ფორმა ეს არის თანამშრომლობაზე დათანხმება, გადმობირების წესი, ანუ ნებაყოფლობითი თანამშრომლობა, მაგრამ, როგორც წესი, ნებაყოფლობითი თანამშრომლობა არაა მარავალფეროვანი. როგორც ალადაშვილი განმარტავს, თუ სპეცსამსახურს აინტერესებს რომელიმე მიმართულება და იქ არაა შესაბამისი ინფორმაციის წყარო, მაშინ მას უხდება იქ მოძებნა. აქ უკვე იწყება სხვა და სხვა მეთოდიკა, ერთ-ერთი არის დაშანტაჟება.
„მითუმეტეს „კა-გე-ბეს“ ყოფილი მემკვიდრეები და ჩვენი სპეცსამსახურები ისევ „კა-გე-ბეს“ სტილში მუშაობენ ამ შანტაჟის გზით ძვრებიან ოჯახებში. თავს ვიტყუებთ, ვქმნით რაღაცა პროცესს, რომ თითქოსდა ამას ვანადგურებთ და ამ დროს არ ვიცით რამდენი კოპია არის გაკეთებული. მაშინ კანონის მიხედვით 7 სპეცსამსახურს ჰქონდა ოპერატიული სამძებრო საქმიანობის წარმოების უფლება.
მათგან ერთს შსს-ს ცალკე ჰქონდა კიდევ 7 დანაყოფი რომელსაც ჰქონდა აპარატურაც და უფლებაც. მინიმუმ 14-15 სპეცსამსახურს ჰქონდა მსგავსი ჩანაწერის გაკეთების უფლება. ისეთი შიდა დაპირისპირება იყო დარწმუნებული ვარ, რომ 15-ივე ერთმანეთზე აგროვებდა კომპრომატებს,“ - ამბობს ალადაშვილი.
როგორც ალადაშვილი აცხადებს, კომპრომატები რომელიც წაღებულია, რაღაცა ფორმით მისი გამოყენება დღესაც ხდება. ამის მაგალითად ალადაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები მოჰყავს და აცხადებს, რომ საკმაოდ დიდია ძველი ხელისუფლების წევრებზე ზემოქმედების ბერკეტები.
კუდ-ის ყველა დანაყოფი მუშაობდა კომპრომატზე, ძალიან ბევრი კომპრომატი არსებობს და ამის ერთიან ხელში მოქცევა, რაღაცა მექანიზმებით დღესაც ხდება. ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ხდება ამის თავმოყრა, ვიღაცა უწევს ამას კოორდინაციას უწევს. მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები მათზე ზეწოლის განხორციელების გზით შესაძლებელია იყენებდნენ კომპრომატების სხვადასხვა ბერკეტებს და მეთოდებს, მათ შორის ფარული გადაღების შედეგად მიღებულ მასალებს.
ჩვენ ვნახეთ როგორც დიპლომატებზე, ასევე პოლიტიკოსებზე და მოსამართლეებზე კადრები. თქვენ როგორ ჰგონიათ, კუბლაშვილის კანტორა ამ ბერკეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს არ გამოიყენებდა? რა თქმა უნდა, - კი, შედეგიც ყველამ ვნახეთ. თანაც ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყვნენ ისინი მოსამართლეებიო. ფაქტიურად, ვინც შანტაჟისა და კომპრომატის ქვეშ ჰყავთ, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ჰყავდეთ დამონებული“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ბესო ალადაშვილმა.