“იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელისუფლება არ დაიწყებს წინა მთავრობის მიერ რეპრესირებული ბიზნესმენების საქმეების გამოძიებას, ჩვენ პერმანენტულ აქციებს გავმართავთ”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას მოძრაობა “დააბრუნეს” დამფუძნებელი მამია სანადირაძე.
რატომ შეჩერდა გამოძიება? რას აპირებს “დააბრუნე” და რა სქემებით ხდებოდა ბიზნესის წართმევა? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “რეზონანსი” “კავკასუს ონლაინის” ყოფილ ხელმძღვანელს და მოძრაობა “დააბრუნეს” დამფუძნებელს მამია სანადირაძეს ესაუბრა.
მამია სანადირაძე: “წინა მთავრობის მიერ დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების გამოძიება ამ დროისთვის შეჩერებულია. გამოძიება, დაახლოებით, 68 საქმეზე იყო დაწყებული, თუმცა ამ დროისთვის არც ერთი არ არის დასრულებული. მეტიც, ყველა საქმე გაურკვეველი მიზეზებით შეჩერებულია.
პრემიერი ამბობს, რომ ბიზნესის დაბრუნება ურთულესი პრობლემაა და ეს შეიძლება ბიუჯეტს 7 მილიარდი ლარი დაუჯდეს. ეს რიცხვი არის ჰაერიდან მოტანილი. თუ არ გამოიძიე დანაშაული, ვერ გაიგებ რამდენი ფული აქვს სახელმწიფოს გადასახდელი დაზარალებული ბიზნესმენებისთვის. მართალია, მათ სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძოდ, შსს-ს, ფინანსური პოლიციის, პროკურატურის გამოყენებით ძარცვავდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულების 100%-ს დავა სახელმწიფოსთან აქვს ან ექნება.
მე ზუსტად ვიცი, რომ დაზარალებული ბიზნესმენების 90%-ს დავა კერძო პირებთან აქვთ და არა სახელმწიფოსთან. ამ ადამიანებს სურთ საკუთარი ბიზნესის დაბრუნება, სურთ დამნაშავის დასჯა,მაგრამ რატომღაც საქმე წინ არ იძვრის. პირადად მე კერძო პირს, კერძო კომპანიას ვედავები, რომელმაც ჩემი ქონება უკანონო ძალადობრივი გზით მიითვისა”.
თუ არის ცნობილი დაახლოებით რამდენი განცხადებაა პროკურატურაში შესული კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით?
მ.ს: ოფიციალური მონაცემებით, პროკურატურაში სულ შეტანილია 20 ათასი განცხადება, მაგრამ აქედან რამდენი საქმეა რეალური, ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ 20 ათასიდან ნახევარი იყოს გამოგონილი. ეს რომ გაირკვეს, აუცილებელია, პროცესის დაწყება. სხვა შემთხვევაში იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტს ამ საქმეების გამოძიების შემდეგ 7 მლრდ ლარის გადახდა მოუწევს, არასერიოზულია. ეს რიცხვი ბევრად ნაკლებია, რადგან, ვიმეორებ, რომ დაზარალებულების 90% არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირებს და კომპანიებს ედავება.
ეს საწარმოები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში პატიოსანი ბიზნესმენების მიერ იყო შექმნილი, დღეს სხვის ხელშია, წინა მთავრობასთან დაახლოებული ბიზნეს-ჯგუფები მართავენ მათ. ეს ადამიანები საწარმოებში თანხის რეინვესტირებას აღარ ახდენენ, ფული საზღვარგარეთ გააქვთ.
ხალხი კი, ვინც ააწყო ბიზნესი, ამაოდ ელოდება საკუთრების დაბრუნებას. თუ მათ სასწრაფოდ დაუბრუნდებათ საკუთრება, ისინი დაიწყებენ საქმის კეთებას და ეფექტურად აამუშავებენ ბიზნესს. ჯერჯერობით ამას ვერ მოახერხებენ თუ გამოძიება არ დაიწყო, არ გამოიკვეთა დამნაშავე და არ დაუბრუნდათ ქონება. გამოძიებაზე უარის თქმა კი არის დანაშაული და დამნაშავისთვის ხელის დაფარება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება არ განახლდა, რასგააკეთებს “დააბრუნე”? თუ გაქვთ კონკრეტული გეგმა?
თუ გამოძიება არ განახლდა და არ დაიწყო დაზარალებული და რეპრესირებული მესაკუთრეებისთვის ქონების დაბრუნების პროცესი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაპროტესტებთ. გავმართავთ აქციებს და მოვითხოვთ, რომ სამართლიანობა აღდგეს და ჩვენ ჩვენი ქონება დაგვიბრუნდეს. იმედი გვაქვს, ეს ასე არ იქნება და პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლიანობა აღდგეს.
ამ დროისთვის, სამწუხაროდ, ყველაფერი შეჩერებულია, ამიტომ მე მივდივარ სტრასბურგში, იქ ადამიანის უფლებების დამცველებს შევხვდები და არსებული სიტუაციის გავაცნობ. ვთხოვ, რომ ევროსტრუქტურებმა საქართველოში ჩვენი უფლებების აღდეგნის პროცესის მონიტორინგი განახორციელონ. ჩემი საკუთრების უფლებების გათელვას აღარ დავუშვებ. თუ არის კანონიერი ქვეყანა და გვსურს ევროპა გავაოცოთ, უნდა ვმუშაობდეთ კანონის შესაბამისად.
ხელისუფლების შეცვლამდე და მას შემდეგაც ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ახდენდა ართმევდა წინა მთავრობა ბიზნესმენებს ქონებას. რა სქემით ხდებოდა ბიზნესის ჩამორთმევა?
წინა ხელისუფლების პერიოდში საკუთრების უფლების ჩამორთმევის რამდენიმე სქემა არსებობდა. მაგალითად, რადიოსიხშირის ჩამორთმევისას მფლობელებს უცერემონიოდ ეუბნებოდნენ, რომ უნდა გადაეფორმებინათ და მორჩა.
ასევე იყო შემთხვევები, როცა ბიზნესმენი, წვრილმანი ფინანსური დარღვევის გამო, მიდიოდა ციხეში და იქ აფორმებდა გარიგებას. ასევე თუკი უნდოდათ რომელიმე სეგმენტის მთლიანად ხელში ჩაგდება, იქ მომუშავე თითქმის ყველა ფირმის ხელმძღვანელს უშვებდნენ ციხეში და იძულების წესით აფორმებინებდნენ ბიზნესს. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როცა ოჯახზე მოახდინეს ზეწოლა. აგროვებდნენ პიკანტურ მასალებს და თუ მეწარმე მათ წინააღმდეგ წავიდოდა, მისი გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.
ამ ყველაფერს აკეთებდა კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც სათავეში მიხეილ საკაშვილი ედგა. მათ სურდათ, რომ სრული ტოტალური კონტროლი დაემყარებინათ ადამიანებზე.
ახლა ბევრს საუბრობენ ფარულ ჩანაწერებზე და თქვენ იცით, რომ სწორედ ამას ვებრძოდი ერთ დროს მეც. მაშინ, როდესაც შსს-მ მომთხოვა, რომ “კავკასუს ონლაინის” უნიფორმით შსს-ს თანამშრომლები წასულიყვნენ ინტერნეტ-ქსელის დასამონტაჟებლად, მე უარი ვუთხარი.
სინამდვილეში მათ უნდა დაემონტაჟებინათ ვიდეო და მოსასმენი აპარატურა. ამას შევებრძოლე და ამიტომ დამანგრიეს. მაიძულეს, რომ გადამეცა ეს კომპანია მთავრობასთან დაახლოებულ ჯგუფისთვის. დღესაც, როდესაც ეს ბიზნესი იმ ადამიანების ხელშია, ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ არავის აღარ უსმენენ.
როგორც ფიქრობთ, კიდევ რა იყო თქვენთვის ბიზნესის ჩამორთმევის რეალური მიზეზი?
როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ მათ ინტერნეტ-სივრცის კონტროლი განეხორციელებინათ. მე ამას არ ვთანხმდებოდი, რადგან ეს იყო კრიმინალი.
მეორე მიზეზი იყო - ფინანსური კომპონენტი. ჩვენ იმ პერიოდში შავ ზღვაში კაბელი გავიყვანეთ, უდიდესი პოტენციალი გვქონდა ინტერნეტ ქსელის განვითარებისთვის. კომპანია იყო პერსპექტიული და კეთდებოდა პროგნოზი, რომ 5 წელიწადში მისი ღირებულება 1 მილიარდი დოლარი იქნებოდა. მათ არ აწყობდათ ისეთი მამია სანადირაძე, რომელიც კანონებით ისაუბრებდა და არ უნდოდათ ბიზნესმენი, რომელიც მათ წესებს არ დაემორჩილებოდა. ამიტომაც იძულების წესით ჩამომართვეს ბიზნესი.
მესამე და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მედიასაშუალებების ჩამორთმევა. იმ პერიოდში საინფორმაციო პორტალები “პრესა.გე” და “აიტივი.გე” ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდნენ, ჩვენ საზოგადოებამდე მიგვქონდა რეალური ინფორმაცია, რაც მთავრობას ხელს არ აძლევდა.
ანუ ეს იყო ის სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც “კავკასუს ონლაინი” დღეს ჩემს საკუთრებაში არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მაინც ინტერნეტ-სივრცის გაკონტროლება, ვიდეო და აუდიო მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება იყო.