ნაწყვეტი გაზეთ "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან. ჟურნალისტის კითხვებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე პასუხობს
- რა იქნება, თუ პუტინი მობილიზაციას გამოაცხადებს?
- წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ რუსი ჯარისკაცების გვამებით გაივსება უკრაინა. შესაბამისად, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება. არავინ იცის, ეს შეიარაღებული ხალხი საბოლოოდ ვის მიუტრიალდება.
- როგორ გგონიათ, ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება" თუ შეცვლის თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ?
- არა მგონია. საქართველოს ხელისუფლებას ხელჩართული ბრძოლა უხდება სხვადასხვა ჯგუფთან, როგორც მოსკოვიდან, ასევე დასავლეთიდან და პარალელურად ოქროს შუალედის დაცვას ცდილობს. კარგია თუ ცუდი, ამას მომავალი გვაჩვენებს...
- ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა არც მაშინ გადაიხედება, როდესაც ლენდ-ლიზის პროგრამა ამოქმედდება?
- აი, მაშინ უკვე სულ სხვა სიტუაცია იქნება. შეიძლება დიდხანს გეჭიროს სიტუაცია კბილებით, მაგრამ შეცვლილმა მოცემულობამ სულ სხვაგვარად მოქმედება გაიძულოს. ჩვენ დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, ყველა ვარიანტი გავთვალოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ახლა ამ თემას თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე ვერ გავშლი, მაგრამ ერთს კი გეტყვით - შეიძლება საქართველოს ძალიან მალე დასჭირდეს სხვა ტიპის აქტივობა, მათ შორის სამხედრო ოპერაცია.
- რა მიმართულებით?
- არ შეიძლება ახლა ამის თქმა. ერთს გეტყვით, ყურადღება მივაქციოთ, რა პროცესები ვითარდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რატომ მოუნდა მოულოდნელად ცხინვალის ხელისუფლებას ახალგორში რეჟიმის შემსუბუქება?! ყველა ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. მართალია, ეს მოსკოვთან შეთანხმებით მოხდა, მაგრამ მოსკოვიც კი ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. როგორ გგონიათ, რატომ გაიგიჟეს რუსებმა თავი ბიჭვინთის 186 კვმ-ზე?! ფიქრობენ, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ეს ადგილი მაინც ჰქონდეთ გაფორმებული.
რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი ძალიან სერიოზულად შეცვლის მსოფლიო წესრიგს. მართალია, ზედაპირზე ბევრი სიბინძურე ამოიტანა, მაგრამ ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა. ჩვენ წინაშე უკვე უამრავი შესაძლებლობის ფანჯარაა გაღებული და იმედია, გამოვიყენებთ.