ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შეტაკებების შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ Al Jazeera იტყობინება.
შეტაკებები ბაღდადში 29 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ რაც პოპულარულმა შიიტმა სასულიერო პირმა მუქთადა ას-სადრმა განაცხადა, რომ „გადაუჭრელი პოლიტიკური კრიზისის გამო“ პოლიტიკიდან მიდის.
ას-სადრის ასობით მხარდამჭერი შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში და ბაღდადის „მწვანე ზონაში“, სადაც სამთავრობო შენობები და უცხო ქვეყნის საელჩოები მდებარეობს. ამის საპასუხოდ ხელისუფლებამ ბაღდადში ჯარი შეიყვანა. 30 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა, ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა მომხდარით შეშფოთება გამოხატა და მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მუქთადა ას-სადრმა ამავე მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.
პოლიტიკური კრიზისი ერაყში 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც მუქთადა ას-სადრმა და მისმა მომხრეებმა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს, თუმცა პროირანული პარტიების მონაწილეობის გარეშე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ ას-სადრის მომხრეებმა პარლამენტი დატოვეს და მისი დათხოვნა მოითხოვეს.
მიმდინარე წლის ივლისში ას-სადრის მომხრეები პარლამენტში შეიჭრნენ და პროირანული პარტიების წარმომადგენლებს ქვეყნის ახალი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნაში შეუშალეს ხელი.