სურსათის ეროვნული სააგენტომ რუსთაველი მოზარდებისა და მათი მშობლების სალმონელოზით დაავადებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. სალმონელოზით დაავადების მიზეზი გაყინული ხორცი გახდა. დაზარალებულებმა გაყინული ხორცი ცენტრალური სუპერმარკეტის, ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინეს და ოჯახურ პირობებში გადაამუშავეს.
სალმონელოზით დაავადებული 29 პაციენტიდან რამდენიმე რუსთავის მოზრდილთა და ბავშვთა ინფექციურ განყოფილებებში მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. როგორც ექიმები განმარტავენ, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
რუსთავის N4 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები 20 ივნისს ქუთაისში ექსკურსიაზე ყოფნის დროს მიღებული საკვებით დაავადდნენ. ხორცი კი ერთ-ერთმა მშობელმა თბილისში, დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ შეიძინა.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ოჯახიდან, სადაც აღნიშნული ხორცის დამზადება მოხდა, უკვე ამოიღეს ხორცის ნარჩენები და გამზადებული ხორცის ფარში, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიას გადაეგზავნა.
„კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და მის შესახებ მოსახლეობას დამატებით ეცნობება, თუმცა სააგენტოს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სალმონელათი დაავადების გამომწვევი ის ბოსტნეულიც იყოს, რომელიც მოგვიანებით ხორცის ფარშში შეურიეს. მიუხედავად ამისა, უკვე მიკვლეულია მაღაზია, სადაც შეიძინეს ხორცი, აღებულია ნიმუშები და მაღაზიას დროებით შეუჩერდა ფუნქციობა.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო რეჟიმში აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს. აქცენტი კეთდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, განსაკუთრებულად შემოწმდება მალფუჭებადი პროდუქტები, მათი შენახვისა და რეალიზაციის პირობები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ შეიძენს პროდუქტს იმ ადგილებში, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არის დაცული, განსაკუთრებით კი გარე ვაჭრობის ადგილებში.
უვარგისი ხორცის არსებობას კატეგორიულად უარყოფს „დეზერტირი 2012“-ის ხელმძღვანელი ვლადიმერ შანიძე. მისი თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც „დეზერტირ 2012“-ს ეკუთვნის, გაყინული ხორცი საერთოდ არ იყიდება, ხოლო მათ ხელთარსებული ნაწარმი ყოველდღიურ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის.
„რაც მიმდებარე ტერიტორიაზეა, ყველაფერს „დეზერტირების ბაზარს“ ეძახიან. გარშემო ყველგან ბაზარია, ყველა რაღაცას ყიდის და ჩვენ მათზე პასუხისმეგბლებას ვერ ავიღებთ. „დეზერტირი 2012“-ში კი გაყინული ხორცი საერთოდ არ იყიდება, რასაც ვყიდით, ის ყოველდღიურ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. ვისაც ეჭვი ეპარება, მობრძანდეს და თავად დაათვალიეროს“, - განაცხადა შანიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარამენტის ხელმძღვანელი გიგა ქურდოვანიძის თქმით, მარტო სააგენტო ვერაფერს გახდება თუ მომხმარებელმაც არ გამოიჩინა შესაბამისი სიფრთხილე.
„ამ ეტაპზე ჩვენი სამსახურების მიერ მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილას, არამედ ყველა სხვა დანარჩენ რისკის შემცველ ტერიტორიებზე. ამას ვაკეთებდით ადრეც, ვაკეთებთ ახლაც და მომავალშიც გავაგრძელებთ, მაგრამ მარტო ჩვენ, მოსახლეობის და თვითმართველი ორგანოების გარეშე ვერაფერს გავხდებით. თუ პრობლემასთან ბრძოლა სისტემურად არ დაიწყება ამას ეროვნული სააგენტო კი არა, ჯარი რომ გამოვიყვანოთ, ისიც ვეღარ უშველის“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.