ვანო მერაბიშვილს, შესაძლოა, ბრალი კიდევ დაუმძიმდეს. ამჯერად საქმე ეხება 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სატანკო ბატალიონში მომხდარ ე.წ სამხედრო ამბოხს. მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამბოხის ორგანიზების ბრალდებით გასამართლებული კობა ოთანაძე, ლევან ამირიძე და კობა კობალაძე ამზადებენ.
როგორც ყოფილი პატიმრები for.ge-სთან საუბრისას ყვებიან, შსს-ში მათ წინააღმდეგ მტკიცებულების შექმნა თიანეთის გზატკეცილზე განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო.
სპეცოპერაციის შედეგად ადგილზე ლიკვიდირებული იქნა პოლკოვნიკი ე.წ. ამბოხის ორგანიზებაში ბრალდებული გია კრიალაშვილი. რეინჯერების ბატალიონის ყოფილი უფროსი ლევან ამირიძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, როგორ დააკავეს წინა ღამეს მისი შტაბის უფროსი. ამირიძე ამბობს, რომ 5 მაისის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
„ჩვენ მაშინ მოვახერხეთ და დავტოვეთ მუხროვანის ტერიტორია და წიწამურის მთებიდან გადავედით მამკოდას ტყეში. გამოცხადდა ძებნა, მეტიც პრეზიდენტმა გასცა ლიკვიდაციის ბრძანება. კობამ ნახა თავისი ახლობელი და სთხოვა, რომ გავეყვანეთ უსაფრთხო ადგილას. როგორც მერე გაირკვა, ეს პიროვნება შსს-ს მიერ ყოფილა დამუშავებული. ავღმოჩნდით პოლიციის ალყაში, მანქანაში ჩაგვცხრილეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გია ადგილზე მოკლეს, ჩამოგვყარეს მანქანიდან და თქვენ წარმოიდგინეთ, დაჭრილები ვეგდეთ ქუჩაში და ამ დროს კობას ხელი და ფეხი დაუცხრილეს“, - ამბობს ლევან ამირიძე, რომელიც ერთ-ერთია ვინც სარჩელს უმაღლესი მთავარსარდლისა და ყოფილი შს მინისტრის წინააღმდეგ ამზადებს.
2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ნაწილში არშემდგარი ამბოხის მონაწილეთა სასამართლო პროცესი 2010 წლის 11 იანვარს დასრულდა. სასამარლომ 41 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, დაკითხა 100-ზე მეტი მოწმე. სხვადასხვა მუხლით პატიმრობა სულ 19 მსჯავრდებულს მიუსაჯეს. მუხროვანის საქმის 3 მთავარ განსასჯელს ბრალი ამბოხის ორგანიზებასა და დაუმორჩილებლობაში წაუყენეს.
სასამრთლომ კობა ოთანაძეს 29, ლევან ამირიძეს 28, ხოლო შოთა გორგიაშვილს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და სასამართლოზე დუმილის უფლებით სარგებლობდნენ. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ შსს-ს მიერ მოპოვებული ოპერატიული ცნობებით და დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე მიიღო.
მუხროვანის საქმის მთავარი ბრალდებული კობა ოთანაძე დარწმუნებულია, რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს. For.ge-სთან საუბრისას ოთანაძე აცხადებს, რომ არანაირი ამბოხი ეს არ ყოფილა, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის დაკვეთით დადგმული სცენარი.
თქვენ ამბობთ, რომ არანაირი ამბოხის ორგანიზებაში და განხორციელებაში არ მონაწილეობდით. მაშინ რატომ დაუკავშირდა თქვენი სახელი 2009 წლის 5 მაისის ცნობილ მოვლენებს?
კობა ოთანაძე: იმიტომ, რომ 5 წელი ამ ბრიგადის მეთაური ვიყავი და ამიტომ პოლიტიკურად ააგორეს. მეტიც, მე მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგი ვიყავი. არასწორ პოლიტიკას ატარებდნენ თავდაცვის კუთხით, ჯარი დაანგირეს, გააცამტვერეს, პატრიოტიზმი საერთოდ მოსპეს საქართველოში. ამათ მორჩილი ჯარი უნდოდათ, ძლიერი ჯარი არ სჭირდებოდათ.
როგორ ახსნით იმას, რომ იმ დღეს თქვენ და გია კრიალაშვილი იყავით მუხროვანის სატანკო ნაწილში?
- არანაირი მუხროვანის ამბოხი არ ყოფილა. იმ დღეს მე და გია კრიალაშვილმა ლევან ამირიძე მუხროვანში ავიყვანეთ. მიზეზი ის იყო, რომ წინა დღეს ლევანის ოფიცრები და შტაბის უფროსი დაიჭირეს. ვიცოდით, თანამშრომლებს ეს უნდა გაეპროტესტებინათ. სიტუაციის გარკვევასა და უკან დაბრუნებას ვაპირებდით. ლევანს აინტერესებდა, რისთვის დაიჭირეს ბიჭები. ვერაფრის გარკვევა ვერ შევძელით. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და მათ „თამაშს“ წამოვეგეთ.
მუხროვანში ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ ტერიტორიას ალყა შემოარტყეს და გამოაცხადეს, თითქოს, ამბოხი იყო. ჩვენ ბიჭები გავაფრთხილეთ, რომ პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდნენ და იარაღისთვის ხელი არ ეხლოთ. ტელევიზიებს ჩვენამდე მოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. ბუნებრივია, არ მოგვეცა განცხადების გაკეთების საშუალება. მივხვდით, იქაურობას უნდა გავცლოდით და მერე უნდა გვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე. მთელი ბრიგადა დაკითხეს, ამბობდნენ, ტელევიზიით გავიგეთ, მუხროვანში ამბოხი რომ მოხდაო.
შს მინისტრმა ადგილზე გამართულ საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტს მოახსენა, რომ ამბოხის ორგანიზატორებმა გაქცევა მოახერხესო...
- იმ პერიოდში არც მე და არც გია კრიალაშვილი არ ვმუშაობდით. გია წინა დღეს ჩამოფრინდა უკრაინიდან, მე თბილისში ვიყავი. მერე როგორც გავიგე, ეს იყო 2-3 თვით ადრე დაგეგმილი ოპერაცია. როგორც უკვე გითხარით, ამირიძეს და გორგიაშვილს ავყევით სამხედრო ნაწილში, როგორც კი მივედით უკვე ალყა შემოგვარტყეს, მაგრამ მოვახერხეთ და გამოვედით იმ ალყიდან. უკვე ამბოხებულები გვიწოდეს და აზრი არ ჰქონდა ქვეყანაში დარჩენას. გვეძებდნენ და თან ჩვენი ლიკვიდაციის ბრძანება იყო გამოცხადებული, რა უნდა გვექნა? გადარჩენის ერთადერთი გზა მიმალვა იყო, - ქვეყნის დატოვებას ვაპირებდით.
რომელ ქვეყანაში აპირებდით გადასვლას?
- არ ვიცოდით, საით წავიდოდით, მთავარი იყო, აქედან გაგვეღწია და შემდეგ გვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა. მერწმუნეთ, მიშას გამოგონილი იყო ეს ამბოხი. მაშინ ქვეყანაში აქციები იამრთებოდა და ყურადღების გადატანა სხვა საქმეზე უნდოდათ. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ეს იყო და გამოიყენა. ამბოხი არის ის, რაც სააკაშვილმა 2003 წელს გაუკეთა შევარდნაძეს. მეტიც, მათ იარაღიც კი ჰქონდათ მაშინ, განსხვავებით ჩვენგან. წარმოგიდგენიათ, ამბოხი დაგეგმო, სამხედრო ნაწილში ამისთვის მიხვიდე და იარაღი არ გქონდეს? საქმეში არ დევს იარაღი, რომლის გამოყენებით ჩვენ ამბოხს ვგეგმავდით და რომელიც მოგვიანებით პოლიციის წინააღმდეგ გამოვიყენეთ.
სხავათა შორის, თქვენს განთავისუფლებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და თქვა, რომ სამშობლოს მოღალატეებს ციხიდან არ უნდა ათავისუფლდებდნენო...
- მიშა თვითონ არის სამშობლოს მოღალატე, თავისი „ნაცბანდით“.
ამბოხში ბრალდებულებმა თავი მამკოდას ტყეს შეაფარეთ, თუმცა 10 დღეში თქვენ დაგაკავეს...
- სიმართლე გითხრათ, ჩევნ არც ველოდეით, რომ ასე გაგვწირავდნენ. ინფორმაციაც არ გვქონდა. ახლობელთან გვქონდა კავშირი და მას ვთხოვეთ, რომ გავეყვანეთ ქვეყნიდან. ეს ახლობელი კი სოდ- ის მიერ ყოფილა დამუშავებული და მათთვის უთქვია ჩვენი ადგილსამყოფელი.
შეგიძლიათ 4 წლის მერე დაასახელოთ ის ადამიანი, რომელიც პოლიციის თანხლებით გესტუმრათ?
- თავს შევიკავებ მისი ვინაობის დასახელებისგან. ჩემი ახლობლის ახლობელია. მათ თავიანთი პრობლემები ეყოფათ უკვე. მანქანა, რომელსაც ჩვენ უნდა გავეყვანეთ სამშვიდობოზე, აღმოჩნდა, რომ ეს იყო სპედანიშნულების რაზმის მანქანა. უკან ისინი ისხდნენ, მაგრამ ჩვენ არ დაგვინახავს. მანქანაში რომ ჩავჯექით, 10 წუთში საპატრულო პოლიციის მანქანამ გადაგვიჭრა გზა, წამებში უკანა საბარგულიდან გახსნეს ცეცხლი და ჩაგვრცხილეს.
ოფიციალური ინფორმაციით ამბოხებულებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეთ პოლიციას და სწორედ, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა გია წკრიალაშვილი...
- არა. ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. უიარაღოები ვიყავით ჩვენ. არც ერთს არ გვქონდა იარაღი. თქვენ წარმოიდგინეთ მანქანში ეყარა ტომრები და ამ ტომრების ქვეშ იწვნენ სპეცრაზმელები. იარაღი რომ გვქონოდა წინააღმდეგობასაც ვერ გავწევდით, უკნიდან გაგვიხსენს ცეცხლი, ადგილზე ჩაგვცხრილეს.
თუ ამოიცანით ვინმე? ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე იყო გიგი უგულავა, გივი თარგამაძე და ვანო მერაბიშვილი...
- მანქანიდან რომ გადმოგვყარეს 13 ტყვია მქონდა მოხვედრილი, ხელები და ფეხები დამიცხრილეს, შემდგნენ წიხლებით და მცემეს. ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. მაშინ ვნახე მერაბიშვილი, თარგამაძე და უგულავაც.
ვინ გცემდათ?
- ვისაც მოუდებოდა - ყველა. დახოცილები ვეყარეთ ქუჩაში და ამ დროს წიხლებით გვირტყამდნენ.
როდის გაიგეთ, რომ მოკლული იყო გია კრიალაშვილი?
- მანქანიდან რომ გადმოგვყარეს გია ლევანის გვერდით იყო, მე ცოტა მოშორებით დამაგდეს, ლევანიმ თქვა, რომ პირველივე გასროლაზე გია არ ინძრეოდაო. როგორც კი აზრზე მოვედი, გადამიყვანეს ციხის საავადმყოფოში, იქ მოვიდნენ კუდ- ის და სოდ-ის თანამშრომლები და ითხოვდნენ აღიარებას. მოიტანეს დაწერილი ფურცელი და მითხრეს ამას წაიკითხავო, რაც არ გავაკეთე. უარი ვთქვი მათი დაწერილი ჩვენების წაკითხვაზე.
რა ეწერა ამ ტექსტში?
- თითქოს, რუსეთისგან იყო დაგეგმილი ეს ამბოხი, რომელშიც ჩვენთან ერთად ქართველი პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართული.
სამხედრო ამბოხის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები სარჩელს ამზადებთ პრეზიდენტისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ბატონო კობა, რეაბილიტაციას ითხოვთ?
- რასაკვირველია. როდესაც ციხეში ვიყავი წერილი დავწერე გენერალური პროკურორის სახელზე, ჯერ ჩვენი საქმე გამოუძიებელია. ამ ეტაპზე, ამ საქმის დამთავრებას ველოდებით და აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ არაფრის გულისთვის, არა მარტო მე, არამედ მთელი ჩემი ოჯახი და ნათესავები დააკავეს და მოდულის შენობაში ჰყავდათ. პატარა ბავშვებიც კი დააკავეს. ჩვილი ბავშვი, რომელიც დედის ძუძუზე იყო, ორი დღე ჰყავდათ დაკავებული. გია კრიალაშვილი სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს, მან პასუხი უნა აგოს ამის გამო.
რის საფუძველზე ამბობთ, რომ კრიალაშვილი სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს?
- თვითონ თქვა, რომ მიწიდან ამოყარეთო და ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. ბრძანება ჰქონდათ სპეცრაზმელებს, რომ გავენადგურებინეთ. 300-400 კაცი მონაწილეობდა ჩვენს ჩაცხრილვაში. ამას უყურებდნენ უგულავა, თარგამაძე და მერაბიშვილი, მათ თვალწინ გვირტყამდნენ და ამაზე რეაქცია არ ჰქონდათ. თქვენ წარმოგიდგენიათ, ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენ ჩაგვრცხილეს, თანამდებობებზე მუშაობენ ჯერ კიდევ.
რომელ უწყებაში მუშაობენ?
- შსს-ში. ესენი არიან სოდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე.