აუტანელი ნატო

აუტანელი ნატო

ნაციონალური უსაფრთხოების სფეროში ცუდ იდეებზე ფიქრს თავს არ ანებებენ. მათგან ერთ-ერთ ყველაზე საშინელს, ბოლო ოცი წელია განიხილავენ. ეს არის რუსეთისთვის ნატოს ბლოკში წევრობის შეთავაზება. იდეა, რომლის დროც არასდროს მოვა.  

გარკვეული თვალსაზრისით, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ნატოს ალიანსი იმ ორგანიზაციის მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც საკუთარ ადგილს ეძებდა. თავდაპირველად, ნატოს ბლოკი ცივი ომის ეპოქის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციად შეიქმნა და მისი მიზანი დასავლეთ ევროპის თავისუფალ ქვეყნებზე საბჭოთა კავშირის სამხედრო აგრესიის შეკავება და აუცილებლობის შემთხვევაში, წითლების თავდასხმისგან მათი დაცვა იყო. იმ პერიოდში ნატო ევროპისადამი ამერიკული სამხედრო ვალდებულებების მტკიცე სიმბოლოს წარმოადგენდა – შეგნებულ კონტრასტს ომებსშუა ეპოქების იზოლაციონიზმისა, რამაც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში თავისი როლი შეასრულა.

თუმცა, უშუალოდ ცივი ომის დასრულების შემდეგ, სულ უფრო ხშირად ისმოდა კითხვა - და რა საჭიროა ეს ნატო? თავდაპირველი საფრთხე გაქრა, მაშინ რატომ არ უნდა დავასრულოთ ეს ყველაფერი? თუმცა, უფრო ცივი გონების ადამიანებმა გაიმარჯვეს და ნატოს ბლოკი კი არ გაუქმდა, არამედ მკვეთრი ექსპანსია წამოიწყო აღმოსავლეთისკენ, გააწევრიანა რა საკუთარ რიგებში ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრები, და როგორც ეს ბალტიის სახელმწიფოების შემთხვევაში მოხდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნებისთვის, ნატოს წევრობა აღორძინების პროცესში მყოფი რუსეთისგან თავის დაზღვევის საშულებად იქცა; ბლოკში მათ ყოფნას ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ზრდა მოჰყვა, რადგან მათ სჯეროდათ, რომ ამერიკა (სხვა სიტყვებიღ რომ ვთქვათ - რეიგანის ადმინისტრაცია), პირველ რიგში მათ თავისუფლებას უზრუნველყოფდა.

ნატოს ახალმა ალიანსმა საკუთარი საქმიანობის სფერო გააფართოვა და მისიების განხორციელება ისეთ მოშორებულ ტერიტორიებზე დაიწყო, როგორიც ავღანეთია; მან უზრუნველყო საფუძველი ბლოკში შემავალ სახელმწიფოთა მოდერნიზაციისთვის. კიდევ ერთმა უპირატესობამ – აშშ-ს გახანგრძლივებულმა ყოფნამ ევროპაში - შეამცირა დისკუსიის სიმწვავე ისეთ თემაზე, როგორიცაა ევროპის უფრო მტკიცე და დამოუკიდებელი თავდაცვითი ძალის აუცილებლობა.

ობამას ადმინისტრაციამ რუსეთისადმი შემაშფოთებელი ხარისხის მოწიწება გამოავლინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში, იქნება ეს ანტისარაკეტო თავდაცვა, ბირთვული შეიარაღება თუ ირანის ბირთვული პროგრამა. რუსეთს და აშშ-ს შორის „გადატვირთვის ღილაკზე“ ხელის დაჭერა ხმამაღალ სლოგანად იქცა, რომელსაც საკმარისი სტრატეგიული საფუძველი არ გააჩნია. ვაშინგტონს და მოსკოვს ბევრი საერთო ინტერესი არ აქვთ; ნატოს ბლოკში გაწევრიანების შეთავაზება, შესაძლოა ვინმემ არასწორად აღიქვას, როგორც ამერიკული გავლენის ბერკეტების გაძლიერების მეთოდი.

ნოემბერში, ლისაბონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაცია ცხადყოფს, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციისთვის დღემდე პრობლემაა. ნატომ რუსეთს მოუწოდა „გააუქმოს ქართული ტერიტორიების – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება“ და „პატივი სცეს საქართველოსადმი აღებულ ვალდებულებებს“ იმ 2008 წლის სამშვიდობო გეგმის და შეთანხმების თანახმად, რომელმაც სამხრეთ ოსეთში ომი დაასრულა. ნატო უკვე რამდენიმე წელია პირობას დებს, რომ „საქართველო ნატოს წევრი გახდება“, რასაც რუსეთი მკვეთრად აპროტესტებს. საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ბლოკის მიზნებს დაადასტურებდა, შეაკავებდა რა მომავალ აგრესიას და სტაბილურობას უზრუნველყოფდა.

თუკი რუსეთი ნატოს წევრი გახდება, ეს ორგანიზაციას მის არსს სრულად დაუკარგავს. რუსეთი აშშ-ს ინტერესებს დაბრკოლებებს შეუქმნის ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, როგორც ეს დღეს ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ნატოს შემადგენლობაში რუსეთის მთავარი ინტერესი ბლოკზე კონტროლის დამყარება გახდება, მისი დაშლა და ორგანიზაციიდან ამერიკის შეერთებული შტატების განდევნა. ნატოს აღმოსავლეთ-ევროპელი წევრები მოსკოვის ბლოკში გაწევრიანებას ღალატად ჩათვლიან. ხოლო იმის გამო, რომ თანამშრომლობა რუსეთთან ნატოს ფარგლებს მიღმაც შეიძლება, მაგალითად ავღანეთში უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებისთვის მომარაგების მარშრუტების მიწოდება, მოსკოვის ნატოში შეყვანის სარგებელი ნულს უტოლდება.
[foreignpress.ge]