„იმედია, ივანიშვილმა იცის, რა პოლიტიკურ სპექტრსაც ტოვებს“

„იმედია, ივანიშვილმა იცის, რა პოლიტიკურ სპექტრსაც ტოვებს“

ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილი ღიად საუბრობდა პოლიტიკიდან ვადაზე ადრე წასვლის შესახებ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, მისი განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ ცოტა ხანში სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. კონკრეტდება პოლიტიკიდან წასვლის სავარაუდო თარიღი, სახელდებიან პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მემკვიდრეებიც. როგორც ჩანს, მოქმედი პრემიერი მართლაც ემზადება პოლიტიკური ასპარეზის დასატოვებლად. რა შეიძლება იყოს ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, რა პოლიტიკურ სპექტრს ტოვებს ივანიშვილი, რამდენად დგას ქვეყანა სტაბილური განვითარების გზაზე, რა რისკები და პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მისი წასვლის შემთხვევაში ამ თემებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, თქვენი შეფასებით, რა პოლიტიკურ სპექტრს ტოვებს ივანიშვილი ქვეყანაში, როდესაც აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან ძალიან მალე მიდის პოლიტიკიდან?

- ძალზე რთულია ამისი თქმა. იმედია, მან თავად იცის, რა პოლიტიკურ სპექტრსაც ტოვებს, რადგან სხვანაირად, კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო მისი მხრიდან საქართველოში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი გამოკითხვა - მან ამითი, თითქმის, ყველა შესაძლო რეაქცია გამოიტანა სააშკარაოზე და შესაბამისად, რისკებიც გათვალა. საზოგადოების რეაქცია მას ძალიან კარგი ანალიზის საშუალებას აძლევს. გამორიცხვის მეთოდით, თუ რისკი გადააჭარბებს სარგებელს, მან შესაძლოა, უარიც თქვას, უფრო სწორად, გადაავადოს თავისი გადაწყვეტილება.

თუ ის დაინახავს, რომ რისკების განეიტრალება შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში, ის მართლაც ძალიან მალე წავა პოლიტიკიდან. ამ შემთხვევაში, ეს საკმაოდ მახვილგონივრული ნაბიჯია - იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ თვითონ გაეანალიზებინა, სახალხო გამოკითხვით დაადგინა რეაქცია, არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეების, არამედ პოლიტიკოსების, ექსპერტების, - ვისი აზრი აღარ მოისმინა.

სხვათა შორის, თუ შენიშნეთ, მისი პირველი კომენტარი უფრო კატეგორიული იყო, როდესაც თქვა, რომ შესაბამის პოლიტიკურ სიტუაციას ტოვებს. შემდეგ მისი კომენტარი უფრო მოზომილი გახლდათ, როდესაც განაცხადა, რომ როდესაც პოლიტიკური სტაბილურობა მისცემს საშუალებას, მაშინ წავა პოლიტიკიდან. ახლა მთავარი კითხვაა, როდის მისცემს პოლიტიკური სტაბილურიობა ივანიშვილს ამის საშუალებას.

რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მიღწეულია?

- როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, მისი პოლიტიკური წონის დაახლოებით 80%-ს შეადგენდა ის ფაქტორი, რომ მხოლოდ მას შეეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ გასტუმრება ხელისუფლებიდან. ჩემთვის, მაგალითად, მას პოლიტიკურ წონას სძენდა რამდენიმე პოლიტიკური დაპირება.

მათ შორის გამოვყოფდი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის რეფორმას, რაც ითვალისწინებს ამ ორგანოების გადაქცევას ქმედით, რეალური ფუნქციებით აღჭურვილ ორგანოებად, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები ესაჭიროება.

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური სისტემის რეფორმირება -წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, ის ხელს შეუწყობდა ისეთი მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის შექმნას, რომელიც თავად დააბალანსებდა ერთმანეთს, რაც ქვეყნის პოლიტიკური განვითარების ბაზა და სტაბილურობის გარანტი გახდებოდა. ამასაც ძალზე სერიოზული საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები სჭირდება.

არც ერთი და არც მეორე მიმართულებით, კონკრეტული ცვლილებები ჯერ არ გვაქვს. რაღაც ნაბიჯები გადაიდგა იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით, ამის გარდა, განისაზღვრა პარტიების დაფინანსების ქვედა ზღვარიც, რომელიც პოლიტიკური განვითარების სტაბილურობას შეუწყობს ხელს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ზღვაში წვეთია.

რეალურად, დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც პოლიტიკური სპექტრი არის უსუსტესი, მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტებიც. ივანიშვილის ფაქტორი რომ გამოვრიცხოთ, მათი პოლიტიკური წონა დიდად არ განსხვავდება პარლამენტს გართ დარჩენილი პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური წონისაგან.

პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი კონფიგურაცია კი ვერ არის ისეთი, რომ თავისუფლად შეძლოს ქვეყნის მართვა, მითუმეტეს, ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფონზე. აქედან გამომდინარე, როგორ პოლიტიკურ სპექტრსაც გვპირდებოდა, მასთან მიახლოებულიც კი არ ვართ.

რისკებზეა ყურადღება გასამახვილებელი?

- როდესაც ივანიშვილი აცხადებს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მივდივარო, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება გვიწევს. ამ არჩევნებთან ერთად იგეგმება საქართველოს ტერიტორიული მოწყობის სრული ცვლილება. რომელი რაიონი სად იქნება, რომელი რომელს შეუერთდება ან გაიყოფა, ჯერ ცნობილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ამ ცვლილებების პირვანდელ ვარიანტებში ტერიტორიული ერთეულების საზღვრების შეცვლაზეა ლაპარაკი.

როდესაც ასეთი ცვლილებები ხორციელდება სრულიად, არასტაბულური, უხერხემლო პოლიტიკური სპექტრის არსებობის პირობებში, წარმოიდგინეთ, ამას რა მოჰყვება. ასეთ პირობებში, ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ქვეყანამ შეძლოს სტაბილური გზით სიარული, თუ არ ეყოლება გამოკვეთილი ლიდერი, რომლის ავტორიტეტსაც ეყრდნობა დღეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ბალანსი.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - შესაძლოა, სულაც შიში გვალაპარაკებდეს, რადგან სხვანაირი გამოცდილება არ გვაქვს, ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული, მთელი პოლიტიკური სისტემა ერთ ადამიანზე იყო მორგებული.

თანაბარი წონის პოლიტიკური ლიდერების პირობებში ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვს, ალბათ, ამიტომაც გვეშინია. თუმცა, რეალური დასავლური დემოკრატია სწორედ ამას ეფუძნება - ერთნაირი წონის მქონე პოლიტიკური ძალების არსებობას, თანამშრომლობას, კონკურენციას და ბევრი პოლიტიკური ფიგურის ყოფნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოსტებზე - სწორედ ეს იწვევს სტაბილურობის განცდას და არა ერთ ადამიანზე ჩამოკიდული სახელმწიფო მანქანა.

ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მიზანი საქართველოსნაციონალური მოძრაობისგანგათავისუფლება იყო. თუ ეს ასეა, ამ არჩევნებით ეს მისია შესრულდება?

- იმ რისკფაქტორების გარდა, რაზეც ვისაუბრეთ, კიდევ ბევრი ასეთი საკითხი შეიძლება გამოვყოთ. დღევანდელი პარლამენტი ნამდვილად არ ასახავს პოლიტიკურ ძალთა რეალურ კონფიგურაციას, ასევე საზოგადოებრივ განწყობებს. დღეს შეიძლება ითქვას, პარლამენტში 83 მანდატით 83 „ბიძინა ივანიშვილია“, სხვადასხვა სახელითა და გვარით. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხიც დგება - არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ არამედ, „ქართული ოცნების“ დეპუტაციისაც.

გავიხსენოთ, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მან მისცა ხმა ბიძინა ივანიშვილს, როგორც ერთადერთ ძალას, რომელსაც შეეძლო, სააკაშვილი მოეშორებინა ხელისუფლებიდან.

ანუ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის წინაშე თავისთავად აღმოვჩნდებით?

- ვფიქრობ, რომ თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავიდეს, მან უნდა დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, განზე გადგეს საპარლამენტო არჩევნებიდანაც და საქართველოს საზოგადოებამ აირჩიოს პარლამენტი, რომელიც მას სურს.

თუ ნახავს, რომ შედგება პარლამენტი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს, მას შეეძლება პოლიტიკიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ წავა პოლიტიკიდან.

მესმის, რომ მას შეუძლია, სრულიად გამოუცნობი და შეუდარებელი პოლიტიკური სვლები გააკეთოს და დღეს შესაძლოა, ვერც ვხედავდეთ, რას ემყარება მისი გათვლები, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან დღეს ძალზე ბევრი რისკია.

გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, როდესაც ის საუბრობდა პოლიტიკიდან წასვლაზე, მაგრამ ახლა პირველად დაასახელა კონკრეტული თარიღი. როგორ ფიქრობთ, ჩათვალა რომ ქვეყანა სტაბილურობის გზას დაადგა?

- ძალიან საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც ახლა და რაში დაინახა, რომ პრობლემა მოხსნილია. იგივე სასამართლო რომ ავიღოთ, მასაც ვერ დავარქმევთ დამოუკიდებელს, რადგან კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლდება. არსებობს კი გარანტია, რა მტკიცებულებების არ უნდა წარადგინო დღევანდელ სასამართლოში, რომ ის ამას ობიექტურად გაითვალისწინებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩდენილ დანაშაულებზე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს?! - ამისი გარანტია ხომ არ არსებობს?!

ივანიშვილი ამბობდა, რომ ის დალაგებულ ქვეყანას დატოვებდა, დღეს ამისი განცდა ყველაზე ნაკლებად არსებობს. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ქართული პოლიტიკური სპექტრით კიდევ ერთხელ ხომ არ განიხიბლა, მას შემდეგ რაც სამალავებში უამრავი მაკომპრომენტირებელი მასალა აღმოჩნდა, როგორც ამბობენ, დღევანდელი ხელისუფლების წევრებზეც...

- ივანიშვილი აბსოლუტურად რეალურად ხედავს მოვლენებს და ამის წყალობით, არც არასდროს ყოფილა ქართული პოლიტიკური სპექტრის ინტელექტუალური, პოლიტიკური და მორალური შესაძლებლობებით მოხიბლული. ასე რომ, ეს თემა შეგვიძლია გამოვრიცხოთ.

თუ განხიბვლაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის თემაზე უფრო უნდა ვისაუბროთ, რადგან მან რეალურად დაინახა ის წინააღმდეგობები, რომელიც ვერბალურად დეკლარირებული განცხადებების მიღმა არსებობს. შესაძლოა, პარალელურად, ნატოს წევრობისა და რუსეთთან დალაგებული ურთიერთობის არარეალურობაც დაინახა.

კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც შეიმჩნევა - საქართველოს საზოგადოება ძალიან სწრაფი ტემპით მიდის რუსეთისკენ. ბუნებრივია, მას არ უნდა საქართველოს რუსეთისკენ სვლა მის სახელს დაუკავშირდეს, ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორც ჩანს, გარკვეულმა ფაქტორებმა მართლაც დააჩქარა მისი გადაწყვეტილება -ივანიშვილის შემცვლელებზე უკვე მიდის მსჯელობა, როგორი პოლიტიკური გარემო დახვდება ახალ პრემიერს და როგორი იქნება საზოგადოებრივ სექტორში გადასული ივანიშვილის როლი?

- თუ ის თავისი შემცვლელის დატოვებას აპირებს, გამოდის, რომ დარჩება დღევანდელი პარლამენტი, რადგან მან არ იცის, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, როგორი პარლამენტი შედგება და იქნება თუ არა ეს ახალი პარლამენტი მზად იმისათვის, რომ უაპელაციოდ დაამტკიცოს მის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა.

თუ ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდება, საკითხავია, რამდენად შეძლებს საზოგადოებრივ სექტორში გადანაცვლებულმა ივანიშვილმა ის გავლენა შეინარჩუნოს, რაც მას პოლიტიკაში ყოფნის დროს აქვს.

ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდება, იგივე რუსეთის სახით, მოახდინოს სერიოზული გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის შემდეგ.

მისი ფინანსური გავლენა არ იქნება ერთადერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს დაარეგულირებს. ვფიქრობ, ძალზე დიდი დოზით შემოვა რუსული კაპიტალი, ქართული პოლიტიკური სპექტრის დასაფინანსებლად და ამის შესახებ აცხადებენ კიდეც რუსეთში მცხოვრები ანგაჟირებული ქართველი ბიზნესმენები, რომ მოაწყდებიან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ასეთ პირობებში კი, ივანიშვილი ვეღარ იქნება პროცესების ისეთივე ერთპიროვნული მმართველი, როგორც დღეს. როგორც ჩანს, არსებობს უფრო მყარი არგუმენტები, რომელიც მას წასვლას აიძულებს.

პრემიერ-მინისტრის სავარაუდო შემცვლელები უკვე სახელდება, ვასაძე, ღარიბაშვილი,წულუკიანი - ვის რა შანსი შეიძლება ჰქონდეს?

- შანსების მიხედვით ასე დავალაგებდი, ღარიბაშვილი, ვასაძე, წულუკიანი. ვასაძის გამოჩენა მარგველაშვილის გვერდით ვფიქრობ, მხოლოდ წინასაარჩევნო პიარის ნაწილი არ არის. ვასაძე პოპულარულია თავის სანაცნობო წრეში, თუმცა მისი ცნობადობის ხარისხი დაბალია. თუ მისი ცნობადობა ამაღლდება, პოპულარობასაც მოიპოვებს, რადგან ქარიზმატულ ფიგურებზე გამოზრდილი ქართველი ამომრჩეველი მის მიმართ ძალზე ლოიალური იქნება.

ვასაძე დღეს რომ პოპულარული ფიგურა იყოს, მარგველაშვილის გვერდით მისი გამოჩენა სხვა დატვირთვის მატარებელი იქნებოდა, - რომ თავისი პოპულარობით პიარკამპანიაში ეხმარება, მაგრამ რაკი ასე არ არის, უფრო სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ვფიქრობ, ვასაძეს აჩვევენ ქართველი ამომრჩევლის თვალს.

ძალიამ მიჭირს კანდიდატების შანსებზე ვისაუბრო, თუმცა მგონია, წულუკიანთან შედარებით პირველ ორს უფრო მეტი შანსი ექნებოდა. თუ ივანიშვილს ექნება სურვილი, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა შეინარჩუნოს, ამ თვალსაზრისით, ღარიბაშივილი ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, რადგან დანარჩენი ორი თავის გადაწყვეტილებებში მეტად დამოუკიდებლები იქნებიან. თუმცა, არ ვიცი, რა ფაქტორები იმუშავებს ივანიშვილის არჩევანზე.

თუ მარგველაშვილი ვერ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს - ივანიშვილის განცხადების შემდეგ ლოგიკურად ასე უნდა მოხდეს - მაგალითად, თუ გაიმარჯვებს ბურჯანაძე, ნათელაშვილი, ან რომელიმე სხვა კანდიდატი, ალბათ, ივანიშვილის გეგმები თავდაყირა დადგება...

- ივანიშვილის განცხადებამდე პრეზიდენტობაზე მარგველაშვილის გარდა ყველა სხვა კანდიდატის შანსს გამოვრიცხავდი, რადგან როგორც საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა, ისევ ბიძინა ივანიშვილს ავირჩევდით, ამჯერად, გიორგი მარგველაშვილის სახელითა და გვარით. როდესაც ეს განცხადება გააკეთა ივანიშვილმა, გამოდის, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს მარგველშვილს სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას. ვფიქრობ, ამ განცხადებით მარგველშვილს საძირკველი გამოეცალა, თუმცა ამისი პრევენციის ზომებიც, ალბათ, მოფიქრებული ექნება ივანიშვილს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსალოდნელია, რუსეთი დიდი დოზით დაიძრას საქართველოსკენ, ასეთ შემთხვევაში, დასავლეთის როლს როგორ ხედავთ, პასიურ როლში გადაინაცვლებს?

- დასავლეთსაც ექნება შანსი, სხვა პოლიტიკური ძალები შემოიყვანოს და გაააქტიუროს პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან სივრცე იხსნება ახალი პოლიტიკური ძალებისთვის - ეს რეალობაა. ამერიკასაც ეძლევა საშუალება, დაიწყოს ახალი პოლიტიკური ძალების მშენებლობა.

რაც შეეხება რუსეთს, ასეთი შანსი მასაც აქვს, თუმცა ეს აღარც კი სჭირდება - ისედაც საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ძალა ჰყავს უკვე გასააქტიურებლად მომზადებული. თუმცა, რეალურად რა ხდება, ეს არ ვიცით. შესაძლოა, ამერიკა საქართველოს ისევ ხედავს თავისი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილად, როგორც ეს იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის პირობებში, მაგრამ შესაძლოა, ამ ეტაპზე მას აწყობდეს დროებით ნაბიჯის უკან გადადგმა.

რუსი ანალიტიკოსების პოზიციას მაინც და მაინც არ ვიზიარებ, თუმცა ისინი წერენ, რომ ამერიკული პოლიტიკა, იმისათვის, რომ მან ლიდერობა შეინაჩუნოს, რაციონალური ხდება და ზოგიერთი რეგიონის მართვა იმ რეგიონის ლიდერ ქვეყნებს გადაულოცა. მაგალითად, წერენ, რომ დსთ-ს სივრცის სტაბილურობისთვის მართვის ფუნქცია ისევ რუსეთს გადააბარა, რადგან თავად ამხელა ტვირთს ვერ ზიდავს და რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ამ სტრატეგიით შეინარჩუნებს ლიდერის ფუნქციას.

მსგავსი მოსაზრებები ჰქონდათ ამერიკელ ექსპერტებსაც და ვარაუდობდნენ, რომ შესაძლო იყო, ამერიკას სწორედ მსგავსი სტრატეგია აერჩია. ამერიკის ინტერესი სულ უფრო ლოკალიზდება სხვა მიმართულებით და არ სურს საკუთარი რესურსები იმაზე მეტად გაფანტოს ვიდრე სჭირდება. შესაძლოა, სწორედ ამ პროცესის მოწმენიც ვართ.