მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას არ ჩქარობს. კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილია. მან თანამდებობა არჩევნების გამოცხადებიდან 60 დღით ადრე უნდა დატოვოს. კულუარებში მარგველაშვილის შემცვლელად მისი მოადგილე რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილის კანდიდატურა განიხილება. თავად მოქმედი მინისტრი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით დავით ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით „კოალიციაში“ ერთიანი აზრი არ არსებობს. For.ge-ს ინფორმაციით, დავით ზურაბიშვილის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, რესპუბლიკელები ლობირებენ, მაგრამ ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ თავად „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. „ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა ისეთი კანდიდატი გამოჩნდეს რომელიც ამჟამად საქართველოში არ მოღვაწეობს. მაღრაძე, ჯერჯერობით, მისი რჩეულის ვინაობას არ ამხელს, თუმცა აცხადება, რომ ეს არაა გია დვალი.
„არ დავინტერესებულვარ და ჩემთან ერთად ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა. თუმცა, რაღაცა ვარინატები მაქვს. ვფიქრობ, უცხოეთში მყოფ ქართველზე და ვნახოთ. იმ რეფორმებისთვის, რაც ჩვენ უნდა გავატაროთ განათლების სამინისტროში, ეს კანდიდატი ცუდი არ იქნება. რაც მთავარია, ის მისაღები უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის და რაც მთავარია, თვითონაც უნდა უნდოდეს მინისტრობა. გია დვალი არ წამოვა, ის ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერია, განათლების მინისტრობა ძალიან დიდ ენერგიას თხოულობს“, - აცხადებს გუგული მაღრაძე.
ვიცე-სპიკერი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძის თქმით, ვინ იქნება მომავალი განათლების მინისტრი, ამ საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები არ შემდგარა. აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას ლოგიკურს უწოდებს იმ მოსაზრებას, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, შესაძლოა, დავით ზურაბიშვილი იყოს.
„გიორგი მარგველაშვილი როდესაც ოფიციალურად იქნება წარდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებში როგორც კანდიდატი, ბუნებრივია, მან უნდა მოიხსნას მინისტრის უფლებამოსილება და უნდა შეირჩეს კანდიდატი. თავისთავად, სავსებით ლოგიკურია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება იყოს დავით ზურაბიშვილი. იმიტომ, რომ ის განათლების სფეროში მოღვაწეობს და ძალიან კარგად იცის ეს თემა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთ კანდიდატად შეიძლება ის განიხილებოდეს.
ვინ არის მისი მომხრე და ვინ წინააღმდეგი, ნამდვილად არ მგონია, რომ ეს თემა იყოს განხილული გუნდის შიგნით. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრემიერ-მინისიტრმა იმ გუნდთან შეთანხმებით, ვისთანაც ამ საკითხზე გადის კონსულტაციას, ვინც კარგად ერკვევა განათლების სისტემის რეფორმირებაში და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით“, -ამბობს ზურაბ აბაშიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის მტკიცებით გამომდინარე იქიდან, რომ კოალიციაში ფუნდამენტურ საკითხზე საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა, არაა გამორიცხული მინისტრის კანდიდატურაზეც ანალოგური ვითარება იყოს.
„რამდენიმე თვის განმავლობაში ცხადად ვხედავთ, რომ კოალიციაში არაა ერთიანი პოლიტიკა განათლების მიმართ და ეს გამოჩნდა ბოლო კანონთან მიმართებაში, როდესაც ერთმა ფრთამ და თან უტიფრად განაცხადა, რომ არცერთი უნივერსიტეტის პროფესორებს არ აქვთ უფლება აირჩიონ თავისი რექტორობის კანდიდატი, სამაგიეროდ, ეს უფლება მიანიჭეს პრემიერს.
აი, ამ ფონზე, 12-მა ადამიანმა, როგორც „რესპუბლიკური პარტიიდან“ ისე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ამას მხარი არ დაუჭირეს, ელისო ჩაფიძე საერთოდ წინააღმდეგი წავიდა. ამ ფონზე ცხადია, რომ განათლების მიმართ არ არსებობს ერთიანი ხედვა. ბუნებრივია, კანდიდატთან დაკავშირებით იქნება აზრთა სხვადასხვაობა“, - აღნიშნა for.ge-სთან სერგო რატიანმა.
რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ მათი მხრიდან არავისი ლობირება არ ხდება.
„დავით ზურაბიშვილი არის მინისტრის მოადგილე და ბატონი ბიძინა გადაწყვეტს, თუ ვინ იყოს მინისტრი, ეს არის მისი გადასაწყვეტი. „რესპუბლიკური პარტია“ არავის ლობირებას არ ახდენს, ასე არ ხდება მინსტრების დანიშვნა. ეს არის ახალი სისულელე, რომლის მიზანია რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“ დაუპირისპირონ ერთმანეთს. ეს მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ის არის პრემიერ-მინისტრი და ის წყვეტს ვის დანიშნავს განათლების მინისტრის პოსტზე.
დავით ზურაბიშვილი ძალიან კარგი კაცია და, თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ ის უნდა იყოს მინისტრი, გაგვიხარდება. თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ სხვა უნდა იყოს, პატივისცემით ვეპყრობით ყველა გადაწყვეტილებას. ჩვენ ლობირებისთვის არც ძალა გვაქვს და არც სურვილი, - არ გვჭირდება, საკმარისი თანამდებობები გვაქვს იმისთვის, რომ განვახორციელოთ ის უფლებამოსილებები, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა.