ბაზრობებზე სალარო აპარატებს 2014 წლიდან გამოიყენებენ

ბაზრობებზე სალარო აპარატებს 2014 წლიდან გამოიყენებენ

ბაზრობის ტერიტორიებზე სალარო აპარატების გამოყენება სავალდებულო 2013 წლის 1-ელი ივლისის ნაცვლად, 2014 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება. ამასთან დაკავშირებით  ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ მოამზადა.

დეპუტატის მიერ მომზადებული საკანონმდებო ინიციატივით, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებულ პირთა შრომას არ იყენებენ და ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონალური სავაჭრო ადგილებიდან, მათ შორის დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.

როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუმარტა, ცვლილებების მომზადების მიზეზია - მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის გადამხდელებისთვის ადმინისტრირების პროცედურების გამარტივების აუცილებლობა.

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან არის, თუმცა, ხელისუფლებამ ვადის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს ინიციატივა იმ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომელთაც სალარო აპარატებით უნდა ისარგებლონ. ეს ნორმა 1-ელ ივლისს უნდა ამოქმედდეს და ამისთვის ხალხი მზად არ არის. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს ვადა  ნახევარი წლით უნდა გადაიწიოს“, - განაცხადა ტყემალაძემ.

პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს 28 ივნისის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგადაც, ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენება სავალდებულო 2014 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება.