შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში კიდევ ოთხი კასრი აღმოაჩინა. ირაკლი ღარიბაშვილი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ აქ არის დოკუმენტები და ვიდეომასალები. შესაბმისად, არაა გამორიცხული, რომ სამეგრელოში, სპეციალურ სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს. For.ge-სთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ უკანონობის შემოქმედი ვანო მერაბიშვილია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ამტკიცოს, რომ ეს იყო ლოკალური დანაშაული და არა სისტემური...
ზურაბ აბაშიძე: დანაშაული რაც 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ხდებოდა, ეს იყო სისტემური და არავითარ შემთხვევაში ლოკალური. ეს იყო სისტემური, - წახალისებული ძალადობა, სადიზმი, ადამიანის ჩაგვრა, გაუპატიურება, მოსმენები... რაც უნდა იძახოს ბატონმა ვაშაძემ, თურმე, ახალაიებს და ქარდავებს არ იცნობდა, მაშინ ადეიშვილსაც არ იცნობდნენ? რატომ დატოვა არჩევნების შემდეგ ქვეყანა იუსტიციის მინისტრმა?
რატომღაც არავის საუბრობს იმაზე, რომ მიმალვაში იმყოფება ქვეყნის მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც...
- სანტერესოა, რატომ დატოვეს მათ ქვეყანა არჩევნების მეორე დღესვე? - იმიტომ წავიდნენ, რომ იცოდნენ დამნაშავეები იყვნენ და მათ მოუწევდათ პასუხისგება მართლმსაჯულების წინაშე. ახალაიამ და მათ შორის მერაბიშვილმა ჩათვალეს, რომ ისინი არ არიან თურმე დამნაშავეები, ასე ჩათვალეს მათ, მაგრამ წარსდნენ მართლმსაჯულების წინაშე. დანარჩენებმა, ვინც მიხვდა, რომ ძალაინ მძიმედ მოუწევდათ პასუხისგება, ქვეყანა დატოვეს. აუცილებლად ისინიც აგებენ პასუხს, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან.
ალბათ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს პრეზიდენტი ღირსების ორდენით აჯილდოვებდა, ხოლო ახლა მათთან ნაცნობობასაც უარყოფს. რატომ აჯილდოვებდა მაშინ ამ ადამიანებს და რატომ გადასცემდა მათ 1 ლარად მიწის ნაკვეთებს თუ არ იცნობდა?
- იმისთვის აჯილდოვებდა, რომ ამ დანაშაულის ჩადენის ერთგულები იყვნენ. იმისთვის, რომ ქვეყანაში იყო პოლიტიკური ტერორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, ხელისუფლებაში მყოფი ბანდის მიერ, ესენი არიან კრიმინალები. ამ ადამიანებს ჰქონდათ განცდა იმისა, რომ ისინი სულ უნდა ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში და ასე უნდა ებოგინათ, ადამიანის უფლებები ელახათ სადღეღამისო რეჟიმში.
მაგრამ, ეს დასრულდა და აღარასოდეს არ განმეორდება. ახლა რაც უნდა ეცადონ იმაზე საუბარს, რომ, თითქოსდა, ერთმანეთს არ იცნობდნენ, ეს არის ტყუილი და ფარსი, სირცხვილია.
როგორ ფიქრობთ რატომ უარყოფენ ყოფილ მმართველ გუნდში და მათ შორის პრეზიდენტი ამ ადამიანებთან ნაცნობობას?
- სააკაშვილი გულწრფელი ადამიანი რომ იყოს გამოვიდოდა და ბოდიშს მოუხდიდა საქართველოს მოსახლეობას იმისათვის, რაც ხდებოდა. სინდისი რომ ჰქონდეს, ამას გააკეთებდა, მაგრამ რადგან არა აქვს, არ აკეთებს. დღეს არ აწყობს, რომ თავისი თავი ასოცირებული იყოს ამ ადამიანებთან, მაგრამ ვერ მოიშორებს ამას. ძალიან კარგად იციან საქართველოში, რომ ის არის ამის სათავე, მერაბიშვილი იყო ამის სათავე, რომელიც ციხეში ზის. ადეიშვილი, - რომელიც გაქცეულია, ახალაია, - რომელიც ახლა ერთი პატიმრობაშია და მეორე იმალება.
დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, ვინც არ უნდა იყოს. დღევანდელი ხელისუფლების წევრი, თუ მომავალში ვინც იქნება ხელისუფლებაში, ეს არის მარტივი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დანაშაულის ჩადენა არავის არ შერჩება. არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობაზეა და რა პოლიტიკური შეხედულების არის.
უმცირესობა ამტკიცებს, რომ შეუძლებელია სცოდნოდა ვანო მერაბიშვილს რას აკეთებდნენ მისი თანამშრმლები...
- ამათი ხელმძღვანელობით ხდებოდა ეს ყველაფერი. ის იყო ამის ორგანიზატორი. როგორ შეიძლება ვინმემ ასეთი დანაშაული აკეთოს სისტემაში ხელმძღვანელობის წახალისების გარეშე? ასეთი რამ თეორიაშიც არ არსებობს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს და მივა იქამდე, სადაც საჭიროა. ადამიანი იყო სახელმწიფის ხერხემალი, ასე მოიხსენიებდნენ მას და ამ ხერხემალმა, რომლის გარეშე არაფერი არ ხდებოდა, პირობითად რომ ავიღოთ, ჩიტი არ დაფრინავდა, მან არ იცოდა, რომ ასეთი რაღაცა ხდებოდა? - კარგით რა.
რამდენად აქვს დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება იმისა, რომ მოითხოვოს საგამოძიებო პროცესში ჩართვა? საპრალმანეტო კომისიის შექნას ითხოვს უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე...
- მორალური უფლება რომ არ აქვთ იმიტომაც აყენებენ ამ საკითხებს. მორალი არ აქვთ, ეს არის პრობლემა. ადამიანები რომლებიც უმცირესობაში არიან, შეიძლება მართლა არ იყვნენ საქმის კურსში რა ხდებოდა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო დავით ბაქრაძე, არ უნდა დაინტერესებულიყო რა ხდებოდა ქვეყანაში, ან არ იცოდა და, ან არ აინტერესებდა?
პარლამენტის თავმჯდომარემ თუ არ იცოდა, რომ ასეთი რაღაცა ხდებოდა ქვეყანაში, მაშინ რა პარლამეტის თავმჯდომარე იყო, ან თუ იცოდა და თვალს ხუჭავდა, უფრო მძიმეა მისი მდგომარეობა. მესამე ვარიანტი არ არსებობს. თუ თავის თავზე უნდათ გამოიძიონ თავიანთი საქმიანობა, არ ვიცი, საგამოძიებო კომისია რომლის შექმნას ითხოვენ მათ საქმიანობას ეხება.
შს მინისტრმა არ გამორიცხა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ კადრებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს დაუმძიმდეს ბრალი. უმცირესობა ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე განცხადება იმისა, რომ ამის უკან დგას მერაბიშვილი, ეს არის პოლიტიკური ზეწოლა...
- სადაა გიგა ბოკერია, არ იცოდა რა ხდებოდა ქვეყანაში? თუ არ იცოდა, მაშინ, რა უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ბოკერია? პარლამენტის თავმჯდომარეს თავი დავანებოთ, ქვეყნის უშიშროების მდივანი სად იყო? არ იცოდა? თუ იცოდა, მაშინ, პირდაპირ მისი დანაშაულია და თუ არ იცოდა მაშინ, რას წარმოადგენდა ეს თანამდებობის პირები ქვეყანაში? რაც არ უნდა ეცადონ ამ ადამიანებმა, იქ ვანო მერაბიშვილის პლაკატი გამოაკრან და რაც უნდა ილაპარაკონ, რომ თურმე, პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ადამიანი, რომელმაც ძალიან მძიმე დანაშული ჩაიდინა ქვეყანაში და თანაც რამოდენიმე, ან იყო ამის დამკვეთი თუ მონაწილე, იმის გამო, რომ მას პოლიტიკური თანამდებობა ეკავა ქვეყანაში, ამის გამო ინდულგენცია უნდა მოხდეს და ყველაფერი ეპატიოს? ამოვაგდოთ ისტორიიდან ვანო მერაბიშვილის მოღვაწეობა, თუ მარტო ის უნდა დავინახოთ ახლა რაც არის?
როდესაც ვანო მერაბიშვილის დანაშაულზეა საუბარი, უმცირესობა პარალელს ავლებს გელა ხვედელიძის მაგალითზე...
- ხედავთ რა უსუსურები არიან? შს მინისტრმა რომ გაიგო რას აკეთებდა ხვედელიძე, მაშინვე მოხდა მისი განთავისუფლება და ის ადამიანი პასუხისმგებაში იქნა მიცემული, პროკურატურამ მოითხოვა დაპატიმრება, მაგრამ სასამართლომ არ დააპატიმრა. ასე რომ, ვერ ვიდავებთ ამ საკითხზე. როგორ შეიძლება მათი შედარება, ეს არის აბსურდი. ამაზე საუბარი არც კი შეიძლება. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მორალურ მხარეზე ვსაუბრობ, როცა მორალი არაა, ბუნებრივია, ნებისმიერ საკითხზე ისაუბრებს ადამიანი. რამე პრობლემას გრძნობენ, ან რამეს განიცდიან ადამიანურად ეს ხალხი, რომ ამის ნაწილი იყვნენ? - არაფერს. ეს არის ერთი აზროვნების ძალა, რომელიც ასე ფიქრობდა. თქვენ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანებს არჩევნები რომ მოეგოთ რა იქნებოდა ქვეყანაში?
დაშინება, წამების, არადამიანური მოპყრობის თუ გაუპატიურების ფაქტები, ალბათ, ეს არ იყო სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება, ჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო კარგად მოფიქრებული. როგორ ფიქრობთ არსებობდა ასეთი გეგმა ხელისუფლებაში?
- ეს გეგმა ან იქნებოდა ზეპირი, ან იქნებოდა გაწერილი. არ ვიცი, ეს გამოძიების დასადგენია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი დაიწყებს თანამშრომლობას გამოძიებასთან და ბევრი სიცხადე შევა. მაგრამ მთავარია, რომ ეს იყო სისტემური, ასე ხედავდა სახელმწიფოს მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომ ასე უნდა ემართათ ქვეყანა, ადამიანები უნდა გაეუპატიურებინათ, უნდა მოეტაცათ, მოეკლათ იმისათვის, რომ დაენერგათ შიში და ეს ადამიანები მუდმივად ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ადამიანებს ძალიან დიდხანს მოუწევთ ციხეში ჯდომა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ასეთი რამე არ გაიმეოროს არავინ.
გაკეთდა განცხადება, რომ ეს კადრები ნაჩვენები იქნება ევროპარლამენტში. საერთაშორისო მასშტაბით ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მარტო ყოფილი მმართველი ძალა, არამედ ქვეყნის იმიჯი, რომელის მიზანია გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი...
- მე ვიყავი ესტონეთში, შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგებთან, იქ არიან როგორც „კონსერვატორები“, ასევე „სახალხო პარტიის“ წევრები. მე მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ მესმის თქვენი სოლიდარობა ვანო მერაბიშვილის მიმართ, რომ ის არის თქვენი ოჯახის წევრი, პირდაპირ ვუთხარი მათ, რომ ასეთი ადამიანები თქვენთან შემოიპარნენ-თქო. არ იცოდნენ, რომ ეს ადამიანები იყვნენ კრიმინალები. მათ ეგონათ, რომ ეს ადამიანები ქვეყანაში ატარებდნენ რეფორმებს. ისინი იყვნენ შეცდომაში შეყვანილნი. მათ უნდა დაინახონ კარგად, რომ ეს იყო ვითომ დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის უკან იყო ძალადობა, სადიზმი და საოცარი სისატიკე. ეს არის მთავარი.