მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი მისი დავალებით შეიქმნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა. მისი თქმით, სამალავების გაკეთება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მოხდა.
"ნებართვა მაქვს მიცემული გაგვეკეთებინა ეს იმიტომ, რომ ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით ისეთი დაუცველი, როგორც ჩვენი ინფრასტრუქტურა 2008 წელს იყო, მიუხედავად ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობისა. ამიტომ თავისთავად იარაღის საწყობები რომ კეთდებოდა, ამაში ახალი არაფერია არც ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის. იარაღის საწყობებში რომ ვიდეოკადრები არ იყო, მე მგონი, ყველა ვხვდებით. რაც შეეხება „კაგებეს“ მეთოდებს, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ვინმეს ხელი წაუცდა კრიმინალზე, უნდა დაისაჯაოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი უარყოფს, რომ ასეთი ფაქტები მასობრივად ხდებდოა. მისი თქმით, პოლიციაში ათასჯერ უკეთესი სიტუაცია იყო, ვიდრე ოდესმე.
„ალბათ ვიღაცას წაუცდა ხელი და ყველა ვერ დავსაჯეთ. ყველა მთავრობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ასეთი არამზადები. მთავარია, რომ დროზე მოხდეს გამოვლენა და დასჯა",-დასძინა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ერთი კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, მაშინ და მას შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ყველა, ვისაც კი სამეგრელოში ნაპოვნი ვიდეოჩანაწერების დამზადებაში ბრალი მიუძღვის, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება იარაღს, ნაციონალების განცხადებით, ამ იარაღის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროვებით მმართველმა გუნდმა სახელმწიფო საიდუმლოება გაამხილა.
შეგახსენებთ, სამეგრელოს სამალავის აღმოჩენის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ასალანიამ გააკეთა განცხადება, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, შსს–ს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო საცავი სამართალდაცავი უწყების დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ნუსხაში არ იყო.
კერძოდ, მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონიერი საიდუმლო საცავების შესახებ საჯარო კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა, რადგან აღნიშნული ობიექტები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ცრუ ინფორმაციები გაავრცელეს, იგი ვალდებულია, განმარტება გააკეთოს.
„ის განცხადებები, რომ ჩვენ საიდუმლო საცავის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოება დავარღვიეთ, არასწორია, რადგან ჩვენ მართლაც გვქონდა კონკრეტული საიდუმლო საცავების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ჩემს ხელთ არსებული შსს–ს საიდუმლო სამარხების სიას სამეგრელოში არმოჩენილი სამარხი არ განეკუთვნებოდა,”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამდენად, როგორც ირკვევა, მართლაც არსებობს იარაღის სამალავები და მათი სია შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია, თუმცა სამეგელოში ნაპოვნი სამალავი ასეთთა რიცხვს არ განეკუთვნება.
სამეგრელოს სამალავის თემაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ სამალავებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები შესაძლოა, ბრალის ირიბ აღიარებად იქნას აღქმული. ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ ბოლო დროს აღმოჩენილი სამალავები უკანასკნელი არ არის. მისი ვარაუდით, ასეთები კიდევ აღმოჩნდება.
„მე მქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა მსხვილი საბაზისო სამალავი, რომელიც შემდეგ სხვადასხვა ადგილებში გაიშალა. ასეთი საბაზო სამალავი იყო აჭარის რეგიონში, რადგან აჭარა მეტნაკლებად გარესაფრთხეებისგან დაცული იყო. სწორედ აქედან მოხდა მერე გადანაწილება სხვადასხვა ადგილებზე“, - აცხადებს ნარჩემაშვილი.
მისი თქმით, სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი პირველი ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" განიცადა მარცხი, რადგან თვლიდნენ, რომ მათი მაკომპრომეტირებელი მასალა იქ უფრო დაცული იქნებოდა. ნარჩემაშვილი ასევე განმარტავს, რომ მსგავსი სამალავები მხოლოდ და მხოლოდ ნორმატიულ საფუძველზე უნდა შეიქმნას და ამის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს.
იგივეს ამბობს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, შეიარაღება იმით გამოირჩევა, რომ თითოეულ იარაღს გააჩნია კონკრეტული ნომერი, რომლის მეშვეობითაც ადვილად შეიძლება იმის დადგენა, თუ სად და როდის დამზადდა ეს იარაღი, ვისზე განაწილდა და ვის განკარგულებაში იყო ბოლომდე. ალადაშვილის განმარტებით, თუკი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ამბობენ, რომ სამეგრელოში ნაპოვნი იარაღი მათ უწყებების ბალანსზე არ ირიცხება, მაშინ ეს ბევრ ეჭვებს აღძრავს, რადგან აღურიცხავი იარაღი შეიძლება არაკანონიერი ქმედებებისთვის იქნეს გამოყენებული იმ წინასწარი განზრახვით, რომ გამოძიება შემდეგ ამ იარაღის წარმომავლობას ვერ დაადგენს.
„პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია და მას ბევრი რამის უფლება აქვს, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ნორმალურ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ხდებოდეს უშიშროების საბჭოზე, რომელსაც დაესწრებიან მისი მუდმივი წევრები და უნდა არსებობდეს ამის ჩანაწერი. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ასეთი დოკუმენტი აუცილებლად უნდა არსებობდეს“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
მისი თქმით, მსგავსი დოკუმენტი აუცილებლად საიდუმლო იქნება, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ამგვარ განცხადებებს აკეთებს, უმჯობესი იქნებოდა ამ დოკუმენტის განსაიდუმლოება მომხდარიყო, რაც შექმნიდა იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იყო გაკეთებული. ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ თუკი ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, მაშინ ეს სხვადასხვანაირი ინტეპრეტაციის საშუალებას იძლევა. ალადაშვილის თქმით, მართალია პრეზიდენტი ასე ამბობს, მაგრამ მის ოპონენტებს შეუძლიათ ჰქონდეთ ეჭვი, რომ შესაძლოა ეს იარაღი გარკვეული არაკანონიერი ქმედებებისთვის ყოფილიყო გამოყენებული.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის განცხადება (რომ იარაღის სამალავები მისი დავალებით შეიქმნა), თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების განცხადებებს ეწინააღმდეგება. კერძოდ, აქუბარდია გულისხმობს მინისტრების იმ განცხადებებს, როდესაც მათ თქვეს, რომ იარაღის სამალავების ნუსხა გააჩნიათ, მაგრამ სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი ამ სიაში არ არის. აქუბარდიას განმარტებით, როდესაც საუბარია იარაღის რეზერვზე, ასეთი სამალავები მხოლოდ სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე არ კეთდება და შესაბამის სამართლებრივ რეგულაციაში ექცევა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის იარაღის წარმომავლობა. ნებისმიერ იარაღს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობს. რა თქმა უნდა, ეს არის საიდუმლო რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგრამ იარაღი რომელიმე სახელმწიფო უწყების ბალანსზე უნდა აღირიცხოს, ხოლო როდესაც ეს ასე არ არის, ჩნდება ეჭვი, ის შავ ბაზარზე ხომ არ არის ნაყიდი, რა თანხებით მოხდა მისი შეძენა და რაც მთავარია, რა მიზნით იქნა ეს იარაღი შეძენილი და დასაწყობებული“, - ამბობს თეონა აქუბარდია.
მისი თქმით, თუკი სააკაშვილი სიმართლეს ამბობს და სახელმწიფომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა იარაღის სამალავების შექმნა, მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია ძალოვან მინისტრებს. აქუბარდია ამბობს, რომ ვინაიდან ეს ინფორმაცია თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ აბსოლუტურად გაუმართლებელია პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სამალავი მისი დავალებით შეიქმნა. ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა თავის მინისტრთა კაბინეტს მართლაც მისცა რაიმე ამგვარი დავალება, მაგრამ ეს ლეგალურ ჩარჩოებში არ მომხდარა. ამიტომ თეონა აქუბარდია ამბობს, რომ გაურკვეველია, რა მიზნები ჰქონდა ამ დროს პრეზიდენტს და შესაძლებელია ეს იარაღები არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, არამედ რაიმე სულ სხვა მიზნისთვის ყოფილიყო გამოყენებული.
For.ge შეეცადა გაერკვია, არსებობს თუ არა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდა იარაღის სამეგრელოში დასაწყობება. ამისთვის მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით პრეზიდენტის პრეს-მდივან მანანა მანჯგალაძესთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც ვამცნეთ ვინ ვიყავით და რა გვაინტერესებდა. ასევე ვეცადეთ ინფორმაციის მიღებას უშიშროების ეროვნული საბჭოდან, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განგვიმარტა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მის გარეშე კომენტარს ვერ გააკეთებდა.