დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია გლობალური უსაფრთხოების 30-ე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
სამი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი შავი ზღვის რეგიონის პანელში სიტყვით გამოვა. ირაკლი ალასანია რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრებს.
გამომსვლელებს შორის იქნება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, რომელიც 2014 წლის შემდეგ ნატოსა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ გააკეთებს მოხსენებას.
გლობალური უსაფრთხოების 30-ე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დღიანის ორგანიზებით ტარდება. სემინარს სტრატეგიული გადაწყვეტილებების კვლევის ცენტრის თავმჯდომარე როჯერ ვაისინგერ-ბაილონი ხელმძღვანელობს. ფორუმის მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტების წარმომადგენლები, ასევე სტრატეგიული კვლევებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები და სამხედრო მაღალჩინოსნები.