ტაივანმა უარყო ჩინეთის მიერ შეთავაზებული მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“, რომელიც ჩინეთთან ტაივანის გაერთიანებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
„ტაივანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ერთი ქვეყანა - ორი სისტემის“ იდეას. მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, საკუთარი მომავალი განსაზღვროს“, - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯოან ოუმ.
„ერთი ქვეყანა - ორი სისტემის“ მოდელის საფუძველზე ჩინეთის შემადგენლობაში შესვლის შეთავაზებას ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს გამოქვეყნებული „თეთრი წიგნი“ შეიცავდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტაივანისა და ჩინეთის „გაერთიანება“ გარდაუვალია და რომ პეკინი საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრას არ გამორიცხავს.
ტაივანის გარშემო სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც კუნძულს აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი ეწვია. ამ ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა ტაივანის მახლობლად მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო და სანქციების დაწესება დააანონსა.
მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ ჰონგკონგში მოქმედებს, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაში 1997 წელს შევიდა.