ირანული სანქციების ქართული ანარეკლი

ირანული სანქციების ქართული ანარეკლი

ამერიკული გავლენიანი გამოცემა “უოლ სთრით ჯორნალის” სტატიამ, რომელშიც საქართველოსა და ირანის მჭიდრო და სახიფათო ბიზნესკავშირებზე იყო საუბარი, დიდი გამოუხმაურება გამოიწვია. საქართველოს მთავრობის წევრებს და თვით ამერიკის საელჩოსაც ბევრი რამ სარწმუნოდ არ მიაჩნათ. გაეროს სანქციების დარღვევაში “დადანაშაულებულმა” “ინვესტბანკმა” კი, შესაძლოა, ამერიკულ გამოცემას სასამართლოში უჩივლოს.

“ირანის ისლამური რევოლუცის დამცველთა კორპუსმა 150 კომპანიისგან საქართველოში შექმნა ქსელი, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს თავი აარიდონ ამერიკის სანქციებს”, - ამის შესახებ “უოლ სთრით ჯორნალში” დიდი სტატია გამოქვეყნდა. მასში მოყვანილია ფაქტები, რომელიც ისლამის რევოლუციის დამცველთა კორუსის წარმომადგენლის და თბილისის საშუამავლო სააგენტოს ხელმძღვანელის მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა 84-დან თითქმის 1500-მდე გაიზარდა. ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ირან-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შეცვლას 2011 წელს, ასევე დუბაის სანქციებს, რომელმაც აშშ-ის ზეწოლის შედეგად ირანული ბიზნესის შეზღუდვა დაიწყო.

“უოლ სთრით ჯორნალის” ინფორმაცით, ვაშინგტონის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამი ბიზნესმენის საქმიანობა, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი თეირანთან: ხუშან ხოსეინპური, პოურია ნაუები და ხუშან ფარსუდეხი. ბიზნესმენები ავიაკომპანია “ფლაი ჯორჯიას” დამფუძნებლები არიან, აკონტროლებენ “ინვესტბანკს” და ასევე საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივს ფლობენ.

ისინი უარყოფენ თავიანთ კავშირებს ირანის ხელისუფლებასთან.

”ჩვენ არ ვმუშაობთ ირანის ხელისუფლებაზე. ჩვენ მას ვერ ვიტანთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ განვავითაროთ ბიზნესი ირანის ფარგლებს გარეთ”, - განუცხადა ნაიებიმ “უოლ სთრით ჯორნალს”.

უნდა აღინიშნოს, რომ “ინვესტბანკზე” კონტროლი შეძენილ იქნა ლიხტენშტეინის ფონდის “კაესენ ფაუნდეიშენის” მეშვეობით.  ამჟამად ლიხტენშტეინის სამეფო, საქართველოს და აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად, სწავლობს საკითხს, იყო თუ არა დარღვეული აშშ-ის სანქციები “ინვესტბანკის” მეშვეობით.

„საქართველოს საბანკო სექტორი მეტწილად გამოიყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, - წერს გამოცემა ირანელ ჯავად გოლჩინფარზე დაყრდნობით, რომელიც დაეხმარა საკუთარ თანამემამულეს საქართველოში ბიზნესის ორგანიზებაში.

ამერიკული გავლენიანი გამოცემის ინფორმაციას მალევე გამოეხმაურნენ საქართველოს მთავრობაში. “ირანელ ინდივიდებთან და იურიდიულ პირებთან 150-მდე ანგარიში გვაქვს გაყინული”, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “უოლ სთრით ჯორნალის” სტატიის კომენტირებისას.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე, მიმდინარეობს ძალიან მკაცრი კონტროლი, როგორ სრულდება საქართველოში გაეროს რეზოლუციები ირანთან დაკავშირებით.  ამ მხრივ იუსტიციის სამინისტროში მოქმედებს უწყებათაშორისი საბჭო, თუმცა გიგა ბოკერიას უწყება მის მუშაობაში ჩართული არ არის.

“ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება საბაჟოსთან, ეკონომიკურ გუნდთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ამ სანქციების შესრულებაზე. ის, რაც გამოქვეყნდა, შესწავლას საჭიროებს. ქართველი მოსამართლეების დახმარებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შევძელით, რომ დღეს ირანელ ინდივიდებთან და იურიდიულ პირებთან 150-მდე ანგარიში გაყინული გვქონდეს”, -  განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, თუ “უოლ სთრით ჯორნალში” გამოქვეყნებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდება, რომ მას რამე ტიპის საფუძველი აქვს, რეაქცია მკაცრი იქნება.

“მკაცრი პოლიტიკიდან გამომდინარე, გამიკვირდება, რომ ეს ინფორმაცია იყოს მართალი. წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ირანთან მიმართებაში გაეროს სანქციების შესრულების კუთხით მკაცრი პოლიტიკა ტარდება. ეს ცალსახად პოზიტიურად შეაფასა გაეროს დელეგაციამ, რომელიც აქ იყო რამდენიმე კვირის წინ და მათ ისიც კი აღნიშნეს, რომ ჩვენთან უფრო მკაცრი კონტროლი ხორციელდება, ვიდრე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში”, - დასძინა წულუკიანმა.

“ინვესტბანკში” აღშფოთებულნი არიან “უოლ სთრით ჯორნალის” გამოქვეყნებული მასალებით და, შესაძლოა, გამოცემას სასამართლოში კი უჩივლონ. “ინვესტბანკის” დირექტორი ივა სიხარულიძე სტატიას უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი ბანკის იმიჯზე გავლენას მოახდენს.

ბანკის მენეჯმენტი აღნიშნულზე ოფიციალურ პასუხს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს, ხოლო ფინანსური დანაკარგის შემთხვევაში, ბანკის იმიჯზე მიყენებული ზიანისთვის, შესაძლოა, “ინვესტბანკმა” ამერიკულ გამოცემას სასამართლოში უჩივლოს.

ივა სიხარულიძის თქმით, ბანკი დიდი ხანია ზარალზე მუშაობს და ბაზარზე თავის დამკვიდრებას ახალი ტექნოლოგიების განვითარებით ცდილობს. თეირანთან კავშირის შემთხვევაში მათი ფინანსური მდგომარეობა ბევრად მყარი იქნებოდა და “ინვესტბანკი” ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ ბანკად იქნებოდა წარმოდგენილი.

ბოლოს “უოლ სთრით ჯორნალის” სტატიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა:

“შეერთებული შტატების მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ირანის მიერ სანქციებისათვის თავის არიდების ყველა მცდელობის აღკვეთას, მათ შორის, საქართველოში შესაძლო ბიზნეს-კავშირების საშუალებით. ამ საკითხზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სელჩოში მიაჩნიათ, რომ სტატიაში გამოქვეყნებული ზოგიერთი განცხადების საწინააღმდეგოდ, ისინი ხედავენ საქართველოს მთავრობის შეურყეველ ინტერესს, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს შეერთებულ შტატებთან, აგრეთვე ძლიერ სურვილს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გააგრძელოს.

“ბოლო წლებში, ირანის მიერ საქართველოში სანქციებისათვის თავის არიდების მცდელობების გამო, შეერთებული შტატების შეშფოთება გაიზარდა. აშშ-ის წუხილი დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე იღებს სათავეს”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.