აღწერა 1 კვირაში დაიწყება და 1,5 წელიწადში დასრულდება

აღწერა 1 კვირაში დაიწყება და 1,5 წელიწადში დასრულდება

მოსახლეობის აღწერა იწყება. ქვეყანაში უკვე 11 წელია აღწერა არ ჩატარებულა. საკმაოდ ძვირადღირებული პროექტის განხორციელებისთვის მთავრობა უკვე კარგა ხანია ემზადება.

აღწერის პირველი ეტაპი, 1-ლი ივლისიდან აჭარა-გურიაში დაიწყება, შემდეგ კი კახეთში გადაინაცვლებს. აღწერა ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდება საცხოვრებელი შენობებისა და ოჯახების აღწერა, შემდეგ კი - მოქალაქეების.

აღწერის ჩასატარებლად სულ 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2 წლის განმავლობაში, საყოველთაო აღწერის პროექტის ფარგლებში 18 ათასი ადამიანი დასაქმდება. წინასწარი შედეგები კი 2015 წლის გაზაფხულზე იქნება ცნობილი.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩაატარებენ. პროექტის ფარგლებში მოხდება მოსახლეობის დემოგრაფიული, ეკონომიური, სოციალური და სხვა სფეროების მიხედვით დაყოფა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობის აღწერისთვის, მსოფლიოში გავრცელებული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, აუცილებელია შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახების წინასწარი სიების შედგენა. ოჯახების სიების დადგენა საქართველოს ყველა სოფელსა თუ ქალაქს მოიცავს.

აღნიშნული სამუშაოების პირველი ნაწილი რეგიონების მიხედვით ჩატარდება. სიების დადგენა 1-ლი ივლისიდან აჭარასა და გურიაში დაიწყება, 16 ივლისიდან კი კახეთში. 2013 წლის ნოემბრიდან ოჯახების წინასწარი სიების შედგენა გაგრძელდება საქართველოს სხვა რეგიონებში.

„2014 წელს დაგეგმილია მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები. ძალიან ბევრი პირველადი სამუშაო უკვე ჩატარებულია. 1-ლი ივლისიდან იწყება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ერთ-ერთი ეტაპი, რაც წინამოსამზადებელ აღწერას გულისხმობს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

რამდენიმე თვის წინ, ანუ 2013 წლის 2 აპრილს საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერა უნდა ჩატარდეს 2014 წლის 5-19 ნოემბერს. კომისიის თავჯდომარეა დავით ნარმანია, ხოლო მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელია საქართველოს სტატისტიკის სამსახური.

აღწერის ჩატარება დაგეგმილია არა ხელით შედგენილი, არამედ ელექტრონულ-კარტოგრაფიული რუკებით. მსგავსი მეთოდით აღწერა პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში განხორციელდა.

აღწერისას დაითვლება არა მხოლოდ ადამიანების რაოდენობა, არამედ მოხდება მიგრაციის, დასაქმებისა და სხვა მონაცემების აღწერაც.

„საბოლოოდ, ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება იმისათვის, რათა მთავრობამ უფრო მარტივად და ეფექტურად დაგეგმოს განსახორციელებელი პროგრამები“, - განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ.