...ვერ წაუვიდოდნენ, უმეტესობათაგანნი მაინც: ფეხისწვერებზე დიდხანს მოარულს და უკვე გადარჩენის იმედჩაღვრილს - უცებ, ანაზდად, ფერდში ქვემოდან ნაძგერები დანა... ტოტზე გაჭირვებით ამძვრალს, ზემო ტოტიდან - ყელში, მაჩტე... ხეს ამოფარებულს - თითქოსდა გადამრჩენელ ხეზე მილურსმული შუბი... წაკლული თანაკორპუსელის ხვედრით შეძრწუნებულ მორბენალს, უკან-უკან შიშით მზირალს - წინიდან, კეფაში, სენობიოს გამოჭედილი ხმალი... ტყიდან თავდაღწეულსა და გაკვირვებით მდგარს, ავი წინათგრძნობით გახევებულს - ყელზე ქამანდი და მერე სწორედ ცხენის სისწრაფით მიწაზე მწარე ხახუნით თრევა...
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
უუუხ, შენი გულისა!.. მაგრამ, ახლა 21-ე საუკუნეა და არც ქვეყანაა გამოგონილი, თუმცა, საუკუნეს რა მნიშვნელობა აქვს? გაგება გაგებაა, გრძნობა - გრძნობა, ქვეყანა კი - ადამიანები. ქვეყანას გამოიგონებ, გრძნობებს და ადამიანებს - ვერა. გრძნობები ყოველთვის ნამდვილია, მათი გამოხატვაა სხვადასხვანაირი, ხან ისეთი და ხან ასეთი, ბოლომდე და ნაწილობრივ, სრულად და ისე, გულს რომ დაგაკლდება - გინდა, რომ თქვა და გააკეთო, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ერთგული დამცველები არ თვლემენ. ისინი მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას იცავენ, შენ კი მხოლოდ იმის თქმის უფლება გაქვს, რაც მათთვის არის სახეირო - ხეირის მომტანი, რაღა...
რა უნდა ვნახოთ და რისი ნახვა არ შეიძლება, რა უნდა ვთქვათ და რა არ უნდა ვახსენოთ, ვინ უნდა გვიყვარდეს და ვისი სიყვარულია აკრძალული, რა არის კორექტული და რა - პოლიტკორექტული და რომ „მამული, ენა, სარწმუნოება“ უსარგებლო გადმონაშთია, რადგან 21-ე საუკუნეში, გლობალიზაციის ეპოქაში, სამშობლოს სიყვარული ეროვნული უმცირესობების ჩაგვრას ნიშნავს, სარწმუნოების დაცვა - რელიგიური უმცირესობების უპატივცემულობას, ენა კი... ვინც მათი ენით არ მეტყველებს, ის მეტყველებს სიძულვილის ენით და არის არაპოლიტკორექტული.
ისინი ყველა ხელისუფლებაში იყვნენ, ახლაც არიან და ყოველთვის იქნებიან. განა არსებობს სადმე ისეთი სახლი, რომელშიც ვირთხა და ტარაკანა არ დარბის? დარბიან და თან გენდერულ ბალანსსაც იცავენ.
მთავარია, ბალანსი იყოს, მაგრამ ბალანსსაც აქვს თავისი სტანდარტი, რომელსაც ვიღაცა აწესებს და ვიღაცა თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.
სამოქალაქო საზოგადოება... დღემდე ვერ მივმხვდარვარ, რას ნიშნავს. რადგან არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, ე.ი. არსებობს არასამოქალაქო საზოგადოებაც. არასამოქალაქო საზოგადოება სწავლობს, შრომობს, წვალობს, ოფლს ღვრის, შვილებს ზრდის... სამოქალაქო საზოგადოება არ სწავლობს, არ შრომობს, არ წვალობს. ისინი მხოლოდ სტანდარტებს აწესებენ - რა უნდა წაიკითხო, როგორ უნდა იმეტყველო, რა უნდა ნახო და რა არ უნდა გაივლო ფიქრად.
მე რა... სულ მარტოც რომ დავრჩე, მაგათ არ მოვეშვები, მაგრამ მოულოდნელი თანამებრძოლების გამოჩენა დიახაც, რომ მახარებს და მაკვირვებს კიდეც. თუ გასული კვირის ნიუსებიდან რომელიმეს გამოყოფა შეიძლება, ვფიქრობ რომ ეს არის:
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, "აბსოლუტურად არ ესმის" იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის, რომლებმაც შს სამინისტრო კადრების ნახვამდე დატოვეს. როგორც თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე წერს, მას სურს შეეხმიანოს "მის მეგობარ უფლებადამცველებს", ვინც სხდომა დატოვა.
"მათ წინასაწარ იცოდნენ, რომ კადრები უნდა ენახათ და წავიდნენ შეხვედრაზე. არ უნდოდათ ამ ვიდეოების ნახვა, ეს მათ ნებაა… ეს სამსახურია ასეთი, მეგობრებო, თქვენი ნებაყოფლობითი არჩევანია. როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ეს უნდა მოიკვლიოთ, უნდა გამოიძიოთ, ამაზე პასუხისმგებლობისთვის უნდა იბრძოლოთ... აბსოლუტურად არ მესმის თქვენი პროტესტი. თუ ისედაც იცით და არ გჭირდებათ დარწმუნება, ეს სხვა საკითხია, ოღონდ ეს შესაბამისად უნდა ითქვას. შეხვედრა დატოვეთ. არაფერი გინახავთ, მერე კომენტარები გაკეთდა, მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს იდენტიფიცირებადი იყოო. მითხრესო?! „ასე მითხრესო“ არ არის სერიოზული. არ არის სერიოზული!!!! იმაზე უნდა წუხდეთ, რომ თქვენ არ გაგანდეს თავის დროზე ეს საშინელებები, თქვენამდე ვერ, ან არ მოიტანეს. თუ არ გეცოდინებათ, თუ შესაძლებლობა გაქვთ და არ იყენებთ, რომ საკუთარი საქმე აკეთოთ, მაშინ ხვალ და ზეგ როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი ფუნქცია?! ისევ მითხრესო!!!!!", - წერს თინათინ ხიდაშელი“.
დავბერდი კაცი და, მიჯრით დაწერილი ხუთი ცალი ძახილის ნიშანი არც მინახავს და არც გამიგია.
რა თქმა უნდა, ყველამ იცით, რაზეც არის ლაპარაკი - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ცნობილი კადრების ყურებაზე უარი რომ თქვა და დარბაზი რომ დატოვა. „არასამთავრობო ორგანიზაცია“-მეთქი და, უფრო ზუსტი იქნებოდა, „მოთამაშე ერთი ადგილები“ რომ მეთქვა. ისე, ყველა მთავრობასთან ჩახუტებული ეს არასამთავრობო სექტორი, მთლიანობაში ორად გაყოფილი ერთი ადგილია, პრესას დაგვიანებით და დაჭმუჭნულს იღებენ და ჯიუტად ცდილობენ, რომ თავშეყრის ადგილებში ექსკლუზიური ხმის უფლება მოიპოვონ. ოცი წელია ამ ხმით იპყრობენ ყურადღებას, ოცი წელია, რაც ერთჯერადი ოცი ათასი ფულად არ მიაჩნიათ, ოცი წელია, ირწმუნებიან, რომ მათი მთავარი მიზანი არის სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება. ეს ოც-ოცი რომ შევკრიბოთ, იმდენს მივიღებთ რომ მართლა გავოცდებით, მაგრამ ამ ოც წელიწადში, ამ ოც-ოცობით რაც მივიღეთ, ყველამ კარგად დავინახეთ და გასულ კვირაში წამებებსა და გაუპატიურებებში გამოჩხერილი ერთი ნიუსი ყველაფერზე ისე კარგად მეტყველებს, რომ, წაიკითხავ და... მეტყველების უნარი დაგეკარგება - „გიგი უგულავას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გამამართლებელ განაჩენს მიიღებს“.
მთელმა თბილისმა და მთელმა საქართველომ იცის, რომ გიგი უგულავას ადგილი ვირის აბანოშია, ადვოკატი კი დარწმუნებულია, რომ მის კლიენტს გაამართლებენ. აქ ორი მომენტია. ერთი ის, რომ სასამართლოა ასეთი, ხოლო მეორე ის, რომ ბრალდების მხარეა ისეთი. „მიგვაჩნია, რომ ბრალდების კუთხით საკმაოდ სუსტია საქმე, მათ არ აქვთ არგუმენტები და დარწმუნებულები ვართ, რომ გამამართლებელ განაჩენს მივიღებთ" - უთქვამს უგულავას ადვოკატს.
დარწმუნებულია და, შეეკითხე თუ გინდა. იმ დღეს მეცხრე არხზე ბიზნეს-ომბუდსმენს ვუსმენდი და თუ იცით რა თქვა? რა და - ყველა საქმე დასკანალურად უნდა იქნას გამოძიებულიო. დასკანალურადო! ჰოდა, ეგეთი „დასკანალური“ მეოცნებე კვერცხებისა და ნანი-ნანატრი კვერცხუჯრედების შემხედვარე ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ სამართლიანობის აღსადგენად რაღაც სხვა არის საჭირო, ისეთი სხვა, რომელსაც ასეთ სასამართლოსთან, ისეთ პროკურატურასთან და ღრმად „დასკანალურ“ ოცნებასთან არაფერი ექნება საერთო.
ის კადრებიც ამიტომ იქნა ნაჩვენები და ამიტომაც იყო, ჩვენების წინ სწორედ იმ ხმებით გაიპარნენ დარბაზიდან ისინი, რომლებიც ამ ხმების ლეგიტიმაციას ცდილობენ - ასეთი ხმებით უნდა ვირჩევდეთ მომავალს და, ვთქვათ სიმართლე, ბევრჯერაც აგვირჩევია ასეთი ხმებით და შედეგიც სახეზეა.
ვიცით, რომ სასამართლო გიგი უგულავას გაამართლებს. ალბათ. მაგრამ იმ კადრების ჩვენებას იმიტომაც ჰქონდა აზრი, რომ სასამართლომ უკვე იცის - სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ ადამიანები.
იქ ვიყავი და ვნახე. ბევრი წესიერი ადამიანი იყო და მათაც ნახეს. სადაც ვიქნებით, ყველას მოვუყვებით, რადგან ხალხი უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“, თუმცა იმასაც ყველგან ვყვები, როგორი ხმოვანი გაფორმება იკადრეს ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
რატომ გვაჩვენებთო... მეც მაქვს კითხვა - რატომ არ ვაჩვენებთ სრულიად საქართველოს იმას, რაც დიპლომატიურმა კორპუსმა ნახა და შემდეგ ჟურნალისტებსაც გვაჩვენეს? „შოკირებული ვარ“ - უთქვამს ამერიკის ელჩს, ბ-ნ ნორლანდს, რომელსაც პირადად არ უნახავს, მაგრამ დეტალებში მოუყვნენ. ბევრს არ უნახავს პირადად, მაგრამ ყველამ დეტალებში უნდა იცოდეს. ვნახეთ, რათა მოგვეყოლა. ეს იყო და ეს.
თითქოს 26 მაისი არ ეყოფოდა იმას, რასაც პარლამენტი აპირებს - „პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიან მმართველობას შესაძლოა, პოლიტიკური შეფასება მისცეს“. და ვისთვისაც არც ეს არის საკმარისი და არც ის, მათთვის არის ეს ნიუსი: „შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ისევ სამეგრელოში იქნა ნაპოვნი, თუმცა, ღარიბაშვილმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. "აქ არის დოკუმენტები და ვიდეომასალები. დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის იქნება", - განაცხადა მინისტრმა“.
ისე, ამდენი ვიდეომასალის განადგურებას ისა სჯობს, სადმე ცხრაკლიტულში შევინახოთ. უფრო იაფი დაგვიჯდება. ერთი ათი წელი კიდევ, და ახალი ელჩი რომ ჩამოვა და ვისაც საჭიროა, რწმუნებათა სიგელს რომ გადასცემს, უნდა დასვა და ეს კადრები აჩვენო. იმიტომ კი არა, რომ ის იცოდეს, თუ ვინ არიან ნაციონალები, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთმა უნდა იცოდეს, რას უძლებდა ქართველი ხალხი მაშინ, როდესაც ბნელით მოცულ სააკაშვილს დასავლეთი დემოკრატიის შუქურას უწოდებდა.
ხალხი უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“, სასამართლო უნდა იცნობდეს ხალხს, ხოლო ხალხმა მშვენივრად იცის, რომ იქ, სადაც არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა და ამ დროს ყველაზე მისაღები ენა სწორედაც რომ სიძულვილის ენა ხდება, რადგან ამ დროს ამქვეყნად არსებულ ყველა რეაქციას შორის ყველაზე ზუსტი რეაქცია არის სიძულვილი.
„სიბნელე ვერასოდეს გააჩერებს სინათლეს, რამდენიც არ უნდა ირბინო "ტაბურეტკებით", რეალურად ამით არ იცვლება ის, რომ ახალი პროგრესი, ტექნოლოგიები, იდეები, მათ შორის ისეთებიც, რომელიც შეიძლება არ მოგწონდეს, შემოვა“ - განაცხადა გასულ კვირაში მიხეილ გიულისა და თემურის ძემ.
ტაბურეტკაც რეაქციაა და მას ოთხი ფეხი აქვს. „ორ ნაწილად გაყოფილნი, ერთობოდნენ მაიმუნნი, მათი მერვედი კვადრატში, ლაღად ანცობდა ჭალაში...“ - კვადრატული განტოლებაა და ბოლომდე არ მახსოვს, სწორ პასუხს კი მითუმეტეს ვერ გავიხსენებ. ყოველ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ორად გაიყოფიან თუ ოთხად - ტაბურეტკას ოთხი ფეხი აქვს და ან ორად გავყოფთ და ან ოთხად.
„შეუძლებელია, გულზე არ ვსკდებოდე, როცა კონგრესი ასეთ განცხადებას იღებს“ - თქვა გიულის ბიჭმა გასულ კვირაში და ეს სიტყვები - „გულზე ვსკდები“ - სხვა თემებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გაიმეორა.
ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ სანამ გულზე გასკდებოდეს, ერთი სუბიექტი ნაკერავზე გახეთქვის ღირსია.
„საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "დარღვევების ჩამდენი ორი მთავარი ფიგურა" - ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა დაასახელა. როგორც პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, კონკრეტულ სისტემას, დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელი და გვარები“ - ეს ერთი და მეორეც: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ფირებში, თუ ეს ფირები, რა თქმა უნდა, სიმართლეს შეესაბამება, არის ასახული ძალიან მძიმე დანაშაული და რა თქმა უნდა ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დასაჯონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ვიდეომიმართავში განაცხადა“.
აეწვა სატაბურეტკე ადგილი გიულის ბიჭს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სწავლობს 2005-2012 წლებში პრეზიდენტის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით კერძო პირებისთვის სიმბოლურ თანხად 1 ლარად გადაცემულ ქონებას. დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა კერძო პირთა სია, რომლებსაც უსასყიდლოდ და ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე გადაეცათ ქონება. აღნიშნულ პირთა სიაში შედის პრეზიდენტის მიერ ხსენებული ლევან ქარდავა. 2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის #16/11/05 განკარგულებით ლევან ქარდავას 1 ლარად გადაეცა 2501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოჯორში (საკადსტრო კოდი: 81.01.06.325). აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ლევან ქარდავას სახელზეა რეგისტრირებული და მის თანამდებობრივ დეკლარაციაშიც არის აღნიშნული".
ესეც - მესამე. მესამე და სამართალი, ოღონდ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, საქმეში ტაბურეტკის პირველივე ფეხი უნდა ჩაერთოს
„არა მგონია, სააკაშვილი დააპატიმრონ. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბევრი დაფარული ამბავი გამჟღავნდა და გასაჯაროვდა. მათ შორის უამრავი თანხის გაფლანგვის ამბავი. ჩვენ დაინტერესებული ვართ ვმართოთ უკეთესი ქვეყანა და წავიყვანოთ ის ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ, გადავჭრათ სოციალური პრობლემები, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი გაჭირვებულია. ასე, რომ ჩვენს ინტერესებში არ შედის ყოფილი ხელისუფლების წევრთა ბრალმდებლებად ყოფნა. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ქვეყნის სათავეში ვართ და უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა“ - ვკითხულობ უსუფაშვილის სიტყვებს და მინდა, რომ მას თინა ხიდაშელთან სრული კოაბიტაციისკენ მოვუწოდო.
ვისაც ნემსიც არ მოუპარავს, მას აქლემის ქურდობა დაბრალდა, ხოლო ვინც აქლემი მოიპარა, აქეთ უნდა გვმოძღვრავდეს, როგორც ვაშაძე („საქართველოს ეკონომიკური ვარდნა გრძელდება“), როგორც ჩიორა („ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ტესტი ვერ ჩააბარა“) და როგორც მანან-მანჯგალა („არ მოხდებოდა გენერალ ტიშკევიჩის ვადაზე ადრე გაწვევა, რომ არა დღევანდელი მთავრობის უპრინციპობა“). აქეთ ითხოვენ - „თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ე.წ უკანონო ჩანაწერებთან მისი სახელის დაკავშირების გამო "უპასუხისმგებლო ადამიანებისა თუ გამომცემლობებისგან" ბოდიშის მოხდას ითხოვს“ და „ვანო მერაბიშვილს ტელევიზორს დღეს ან ხვალ შეუტანენ“.
ჰოოო... ნორლანდი შოკირებული იყო. ერთხელ მასაც ხომ უნდა გაუკვირდეს რაღაც, მაგრამ მას მხოლოდ ერთხელ გაუკვირდა, თვითონ კი, გვაკვირვებს და გვაკვირვებს. ა, ბატონო, და თავად შეაფასეთ: „ტიტანურ ბრძოლაში, რომელიც იმართება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სხვა პარტიებიც არსებობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, მულტიპარტიული სისტემა დემოკრატიული საზოგადოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და სასიკეთოა. "ჩემთვის სასიამოვნო იყო გიორგი თარგამაძესთან შეხვედრა. მიმოვიხილეთ პარტიაში მიმდინარე მოვლენები“.
ქვეწარმავლების შემსწავლელ მეცნიერებას, თუ არ ვცდები, ჰისტოლოგია ეწოდება. ჰისტოლოგები უცნაური ხალხია - კაი ქალთან კოტრიალს, კაი ფეხბურთის ყურებას და ლუდის სმას ისინი გველებთან ლაციცს ამჯობინებენ, ბუთქუნა ლეკვს გველის წიწილი ურჩევნიათ. უცნაური ხალხია დიპლ... უკაცრავად, ჰისტოლოგები.
ერთ უცნაურ სათაურს მოვკარი თვალი - „საქართველოს მოქალაქეები შტეფან ფულეს პეტიციას უგზავნიან“. საქართველოს მოქალაქეები, ანუ ბევრი მოქალაქე, რამდენიმე ასეული ათასი. ვენაცვალე რამდენიმე ასეულ ათას ქართველს!!! ალბათ, რაღაც ჯიგრული ეწერა და იმედია, ჩემს მაგივრადაც მოაწერეს ხელი. ნახეთ, როგორ ამაყად ჟღერს - საქართველოს მოქალაქეები!!!
სათაური, ემოციები... ახლა, პეტიციასაც გადავხედოთ: „...ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას 17 მაისთან დაკავშირებით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ საქართველოში კანონის წინაშე თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების დაცვა საჭიროებს ევროკავშირის მიერ უფრო აქტიურ მხარდაჭერას. გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლებას უფრო ნათლად განუმარტოთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის, რომ საჭიროა, მთავრობამ უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ძალადობრივი დაჯგუფების იდენტიფიცირებისა და დასჯის კუთხით“.
აი, თქვენ კი მოგხვდათ არმაგედონის ზანგის! (მაგათთვის - ლოცვა)
ხელმომწერები ოთხმოცნი ყოფილან, სათაურიც მაგათი მოფიქრებული იქნება - „საქართველოს მოქალაქეები შტეფან ფულეს პეტიციას უგზავნიან“, მაგრამ ამ ნიუსს, სანამ გავრცელდებოდა, ნუთუ არავინ გადახედა, „საქართველოს მოქალაქეები“ შეეცვალა და „მოქალაქეთა ჯგუფი“ რომ დაეწერა?
რას იზამ, ხდება ხოლმე. სხვა დროს ყურადღებით იყავით, ძმებო, ინფორმირებულო აგენტებო.
სხვა დროს ყველანი ყურადღებით ვიყოთ. ტაბურეტკა მხოლოდ ერთია, სატაბურეტკე - ბევრი და ყოველი მათგანი - უსაქმური, უვიცი და უპასუხისმგებლო, ანუ ენჯეოშნიკი. არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდა ენჯეოშნიკობის მოკრძალებულ ხიბლს და ამიტომ გთავაზობთ ნიუსს ასეთი სათაურით - „გია ხუროშვილი არ გამორიცხავს, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგი თურქეთში ჩატარდეს“.
თუ იცით, რა ხდება? ხდება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი, მაგრამ ენჯეოშნიკისთის ჩვეული და ყოველდღიური: „...გაჩნდა იდეა, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეებთან მომხდარიყო შეხვედრა და საჭიროებების ჩამოთვლა. მისივე ინფორმაციით, გამგეობამ 813 ამხანაგობის თავმჯდომარეს ტრენინგის შესახებ ინფორმაცია გაუგზავნა. ხუროშვილის განცხადებით, მხოლოდ 300 ამხანაგობის თავმჯდომარე გამოეხმაურა, რის შემდეგაც, ტრენინგი დაიგეგმა... ხუროშვილის ინფორმაციით, ტრენინგის თითოეულ მონაწილეზე, სამი დღის განმავლობაში, დღეში 200 ლარი გამოიყოფა, რაც სასტუმროში დაბინავებას, კვებასა და სხვა მომსახურებასაც გულისხმობს. მისივე თქმით, ტენდერის პირობებში წერია, რომ სემინარის გამართვის ადგილი თბილისიდან მინიმუმ 70კმ-ით უნდა იყოს დაშორებული... ხუროშვილის განცხადებით, ეს შეიძლება იყოს როგორც ბაზალეთი, ისე კაჭრეთი და ბორჯომი. საბურთალოს რაიონის გამგებლის განმარტებით, ადგილმდებარეობის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება შეთავაზების პირობაზე. ხუროშვილი არ გამორიცხავს, რომ ტრენინგი თურქეთში ჩატარდეს... გია ხუროშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა ორგანიზებულ დასასვენებელ ტურს გეგმავდა. საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სემინარ-ტრენინგის ჩასატარებლად 180 000 ლარის დახარჯვას გეგმავს“.
არა მგონია, რომ კომენტარი ზედმეტი იყოს, უნდა იყოს, მაგრამ რაც შეიძლება მოკლე. მაგალითად ასე - „თქვენ კი მოგხვდათ...“
ეს ყველაფერი არის მიშა. რა ვუყოთ მიშას? უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მიშას არავინ დააპატიმრებს. ასეთი სასამართლოსა და ისეთი პროკურატურის პირობებში - კი, მაგრამ ხომ არსებობს სხვაც - არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ...
ი.ა.ჯ. (იქნებ ასე ჯობდეს) „ახლა რომ მოგკლა, შური ვიძიო... - მშვიდად სუნთქავდა - ჩემდაუნებურად, ჩემიანებთან გაგატოლებ ამით... ამის ღირსი კი, მასიმო, არ ხარ“. ვერაფერს მიხვდა ჩვიდმეტმეთაური, თავზარდაცემული შესცქეროდა. „ისევე მორმა ზღოს, ის მირჩევნია...“ - ჩაილაპარაკა სანტოსმა; დაფიქრებულმა, ერთიც ახედ-დახედა მერე, შეაბრუნა და პანღურიც კი არ ამოურტყამს, ოდნავ უბიძგა, უთხრა: „ახლა კი გიშვებ, როგორც ნაბიჭვარს. წადი“.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)