„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამ მიზნით მალე ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ იგი შეძრწუნებულია შს სამინისტროში გამართული შეხვედრიდან მიღებული ინფორმაციით. ამდენად, მისი თქმით, კამათი იმის შესახებ, არის თუ არა სისტემური დანაშაული ის, რაც ვიდეო-ფირებზეა ასახული, საზოგადოების შეურაცხყოფა და შეცდომაში შეყვანაა.
„არაერთგზის ვნახეთ ამის მაგალითები და მოქალაქეებმა ხშირ შემთხვევაში თავის თავზე იწვნიეს ის ქმედებები, რაც ამ დანაშაულის სისტემურ ხასიათს ახასიათებს. ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს დანაშაულებრივ ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს. უნდა დადგეს ამ ორგანიზაციის პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა გასამართლდნენ არა მარტო ისინი, ვინც ასრულებდნენ დავალებებს, არამედ ისინიც, ვინც იყვნენ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები, ორგანიზატორები, იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნეს ამ სისტემას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიების შედეგად დანაშაულის კვალი მიხეილ სააკაშვილამდე და მის უახლოეს გარემოცვამდე მივა. ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს კი, ვისაც მცდელობა აქვს, როგორმე გაამართლონ ან ერთეულ შემთხვევებს დააბრალონ ის, რაც ხდებოდა, როგორც მინიმუმ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა.
ბურჯანაძის თქმით, დანაშაულებრივი კოაბიტაციის ნაცვლად უნდა დაიწყოს დენაციფიკაციის პროცესი ანუ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გათავისუფლების პროცესი.
რამდენად რეალიზებადია ნინო ბურჯანაძის მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით და რა შეიცვლება ნაცმოძრაობისთვის მათი საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვების შემდეგ?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტები და პოლიტიკოსები ესაუბრნენ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ იურიდიულად ეს ინიციატივა განხორციელებადი არ არის. თუმცა ეს შეიძლება გულისხმობდეს არა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის აკრძალვას, არამედ - რეჟიმის გასამართლებას. ამას კი „თავისუფალი საქართველოც“ მხარს უჭერს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დამნაშავე ჩინოვნიკი უნდა გასამართლდეს.
„სწორედ ამას ითხოვს ჩვენი საზოგადოება და არა იმას, რომ ფორმალურად აიკრძალოს ნაცმოძრაობა. ფორმალურად ახლა მთელ მსოფლიოში არსებობს კომუნისტური პარტია, ფაშისტური პარტიებიც... თუმცა სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებამ მათ უკვე გამოუტანა განაჩენი“, - აღნიშნა კაკა კუკავამ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დანაშაულის კვალი მიხეილ სააკაშვილამდე და მის უახლოეს გარემოცვამდე მივა, ესეც ვერ იქნება ამ მოძრაობის აკრძალვის საფუძველი. კერძოდ, წმინდა ფორმალური მომენტია, რომ იურიდიული პირი არ აგებს პასუხს ფიზიკური პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. თუმცა, პოლიტიკოსის აზრით, თუ მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაასამართლებენ, ეს რეალურად მისი აკრძალვის ტოლფასი იქნება.
კახა კუკავა არც ხელმოწერებზე ამყარებს გადაჭარბებულ იმედებს. მიაჩნია, რომ ხელმოწერები არაფერს შეცვლის და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ხელმოწერებით შეიძლება გადაწყდეს. ამისთვის არსებობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს სასამართლო პრაქტიკა, რაც ადასტურებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ძალიან რთული პროცედურაა და არაფრის მომცემია.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, დავუშვათ, მართლაც აიკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ ეს ადამიანები დააფუძნებენ ე.წ. ახალ ეროვნულ მოძრაობას, ისევე, როგორც ახლაც ჰქონდათ ამის მცდელობა. ამიტომ ამ აკრძალვით არაფერი გამოვა.
„ჩვენ ეს ადამიანები უნდა გავასამართლოთ და მათ უნდა მოვუსპოთ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, თორემ სიტყვა „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს აშავებს“ - განმარტავს კახა კუკავა.
კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნებოდა ამ მოძრაობის აკრძალვა, მაგრამ საეჭვოა, რეალურად ეს განხორციელდეს. მით უფრო, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესებს, რომელიც ოქტომბრის შემდეგ წამოიწყო ახალმა ხელისუფლებამ, ყოველთვის დიდი ზეწოლა მოჰყვა. ამ ზეწოლის გამო მეტ-ნაკლებად მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა დათმეს და შეაჩერეს ეს პროცესები. ყოველ შემთხვევაში, - ზოგიერთი პროცესი უკვე შეჩერებულია. ახლა კი, როდესაც უფრო მეტი დრო გავიდა და ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ შეფასებები თითქოს უფრო გაწონასწორებული გახდა, მერაბიშვილის დაკავებამ და მის მიმართ სამართლებრივმა პროცესმა გამოიწვია სრულიად გაუგებარი რამ ამერიკის კონგრესის განცხადების სახით. კერძოდ, ისევ თითს უქნევენ ახალ ხელისუფლებას და ეუბნებიან, რომ მის დაკავებას პოლიტიკური დევნის ხასიათი აქვს.
„ყოფილ ხელისუფლებას მხარს უჭერდა ამერიკა. ამიტომ თურმე დანაშაულზე თვალი უნდა დახუჭოს და არავინ დააკავოს ახალმა ხელისუფლებამ. სწორედ ასეთია მათი მიდგომა. თქვენ წარმოიდგინეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაც რომ შეგროვდეს ეს ხელმოწერები, რაც ხალხის აღშფოთების გამო სრულიად ლოგიკური იქნება, მაინც არაფერი შეიცვლება. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც არ აიკრძალება, რადგან ისევ წამოვა ზეწოლა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და გვეტყვიან, ეს არის ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, სხვა არ გყავთ, ამიტომ კოაბიტაცია არ უნდა დაინგრეს“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი და განმარტავს, სინამდვილეში, რა აწუხებს ამერიკისა და ევროპის ცალკეულ პოლიტიკოსებს.
კერძოდ, თუკი ისინი დაჭერების წინააღმდეგ არ გამოვლენ, მაშინ ცხადი იქნება, რომ დანაშაულებრივ რეჟიმს ამდენი წლის განმავლობაში ისინიც მხარს უჭერდნენ და საქართველოში მომხდარის გამო ნაწილობრივი პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ. ამიტომაც კონფლიქტოლოგი ელის, რომ, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საკითხი დადგება, კიდევ წამოვა გააფთრებული წინააღმდეგობა.
ამის მიუხედავად, გოგი ხუციშვილს მიაჩნია, რომ პროცესი უნდა დაიწყოს და „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით ხელმოწერებიც აუცილებლად უნდა შეგროვდეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ნინო ბურჯანაძის თუ ნებისმიერი სხვა პირის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით ლეგიტიმურად მიიჩნევს, თუმცა ბურჯანაძეს შეახსენებს „მოქალაქეთა კავშირს“ - სისტემურ კორუფციას, ციხეებში პატიმრების წამებას, ადამიანების გადაყრას პოლიციის სამმართველოებიდან. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, აკაკი ბობოხიძე ვერ იხსენებს, ნინო ბურჯანაძეს „მოქალაქეთა კავშირის“ აკრძალვის რაიმე მოთხოვნა წამოეყენებინა.
მისი თქმით, როცა ბურჯანაძის მხრიდან სისტემურ დანაშაულზეა საუბარი, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიციელი ჩართული ყოფილა ამ საქმიანობაში. კაკო ბობოხიძე კი ამას არ ეთანხმება. მისი თქმით, თავის დროზე, როცა ნაციონალები სისტემურ პრობლემებს ებრძოდნენ, 60 ათასამდე პოლიციელის გაშვება მოუწიათ სამსახურიდან. ამიტომ მას ეეჭვება, პოლიცია მთლიანად გადართულიყო ამ დანაშაულებში.
„თუ ეს კონკრეტული ადამიანის დანაშაულია და გარკვეული ჯგუფები აკეთებდნენ ამ საშინელებებს, მაშინ ეს უფრო რთულია, რადგან, როცა სისტემის ნაწილი ხარ, გინდა თუ არა, იძულებული ხდები, ამ სისტემის მოთხოვნებს დაემორჩილო. ასე რომ არ ყოფილიყო, პოლიციას ნდობის დიდი ხარისხი არ ექნებოდა. მომხდარის გამო, რა თქმა უნდა, უნდა დაისვას იმ ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც იმ პერიოდში ხელმძღვანელობდნენ შესაბამის სტრუქტურებს, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა. თუმცა, ნინო ბურჯანაძეც და ირაკლი ღარიბაშვილიც პოლიტიკური მოტივით აკეთებენ ამ განცხადებებს. მათი მთავარი ამოცანაა, ბრალდებები რამენაირად მივიდეს მერაბიშვილამდე. თუკი ბრალდებებს სისტემური დანაშაულის კვალიფიკაცია არ მიეცემა, მაშინ ბრალდებები მერაბიშვილამდე ვერ მივა“, - აცხადებს კაკო ბობოხიძე.
მისივე თქმით, თუკი ბურჯანაძე ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არაფერი შეიცვლება. მართალია, დღევანდელ ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის დონეზეც, თუმცა ეს გადაწყვეტილება დროებითი იქნება. კაკო ბობოხიძის თქმით, საბედნიეროდ, ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩაკეტილ სისტემაში და ასეთი გადაწყვეტილების გამო ჩვენი ქვეყანა აგებს პასუხს. დღევანდელი ხელისუფლება კი ამას მოსახლეობაზე ზრუნვით კი არ აკეთებს, არამედ - პირადი ანგარიშსწორებით.