სტრასბურგის გადაწყვეტილებამ მოსკოვი და ცხინვალი გაანაწყენა

სტრასბურგის გადაწყვეტილებამ მოსკოვი და ცხინვალი გაანაწყენა

[presage.tv]

ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი ინფორმაციის არქონის გამო, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300 სარჩელიდან 1549 დახუროს. საქმეები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეხება. 

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებული ეთნიკური ოსების 5 განაცხადი, საიდანაც დასტურდებოდა, რომ მათ ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე იცავდნენ ადვოკატები ვლადიკავკაზიდან (რუსეთის ფედერაცია), ანუ სხვა ქვეყნიდან. 

აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა საკუთარი არგუმენტები, განმცხადებლებმა კი ქართული მხარის პოზიციაზე სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნეს შეპასუხება, რასაც შედეგად მოჰყვა სასამართლოს მიერ განაცხადების განსახილველ საქმეთა სიიდან ამოღება. ამავე მიზეზით, სასამართლომ უარი განაცხადა დანარჩენი 1549 განაცხადის განხილვაზე. 

ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" თავმჯდომარის, ლია მუხაშავრიას ინფორმაციით, საქმის სამმა რუსმა ადვოკატმა სასამართლოში დამატებითი ინფორმაციის გაგზავნაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ მოთხოვნა ინგლისურ ენაზე იყო შედგენილი, ისინი კი ინგლისურს, ანუ საქმის წარმოების ენას არ ფლობდნენ. 

"ეს არის რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი და აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ამ ქვეყანას აქვს ომის საქმეებთან მიმართებაში. რუსეთმა არ იზრუნა იმაზე, რომ საქმეში კომპეტენტური ადვოკატები ყოფილიყვნენ ჩართულნი", - განაცხადა მუხაშავრიამ. 

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ეთნიკური ოსების მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი განაცხადებები სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ რუსული პროპაგანდის ნაწილია. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ცხინვალსა და მოსკოვში უსამართლო და გაუგებარი უწოდეს.

ტელეკომპანია BBC-სთან საუბარში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, სერგეი მარკოვმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლებამ მწვავე განცხადება უნდა გააკეთოს. 

"ეს იურიდიული ტრიუკი და სრულიად პოლიტიზირებული პოზიციაა, რომელსაც აშკარად ანტირუსული მიმართულება აქვს", - განაცხადა მარკოვმა.

სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ კი, სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა. 

"არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ სასამართლომ ამ საკითხში პროქართული პოზიცია დაიკავა. თუმცა, ამავე დროს გაუგებრობას იწვევს ის, რომ სტრასბურგის სასამართლო მოსარჩელეებისგან კიდევ რაღაც დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს ამ თემაზე", - განაცხადა სლუცკიმ. 

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ აფასებენ ცხინვალშიც.

დე ფაქტო ომბუდსმენის, დავით სანაკოევის განცხადებით, "სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები მისთვის უცნობია". 

"ამ საკითხს ვსწავლობ, თუმცა ახლავე შემიძლია, ვთქვა, რომ ბევრი მოსარჩელე სამხრეთ ოსეთის მოქალაქე და რუსი სამშვიდობოა, მათთან მიმართებაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კი - უსამართლო, რამდენადაც ისინი 2008 წლის აგვისტოში ქართული აგრესიის მსხვერპლი გახდნენ", - აცხადებს სანაკოევი. 

ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ, აუცილებელი ინფორმაციის უქონლობის გამო, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300 სარჩელიდან 1549 ამოიღო.  როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ეს არ ნიშნავს, რომ სტრასბურგმა დარჩენილი 1851 სარჩელი  განსახილველად უკვე მიიღო.