სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის შუშით გადახურვა ბრძანა

სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის შუშით გადახურვა ბრძანა

ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები 2010 წლის 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი ბრძანების შემდეგ შეჩერდა. დაითხოვეს მუშები, რომლებიც ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტის საფუძველზე ასრულებდნენ. ქუთაისი დატოვეს იმ არქიტექტორებმაც, რომლებიც თბილისიდან იყვნენ ჩასულები. ამ და სხვა სიახლეების მიზეზი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძრის შუშით გადახურვას აპირებს.

პრესაგე.ტვ ქუთაისში სპეციალურად ბაგრატის ტაძრის გარშემო მიმდინარე ვითარების გასარკვევად ჩავიდა. ჩვენ იქ 5-6 იანვარს ვიმყოფებოდით. ბაგრატის ტაძრის გარშემო არსებული სიახლეები, რომელსაც ამ წერილში წაიკითხავთ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სამ წყაროსთანაა გადამოწმებული, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბაგრატის ტაძართან. გარკვეული მიზეზების გამო, მათ ვინაობას ვერ ვასახელებთ, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით.

ბაგრატის ტაძარი რკინის ხარაჩოებშია ჩასმული. ტაძარს ხის ღობე აქვს შემოვლებული, რომლის კარზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შიგნით შესვლა აკრძალულია.

21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა თავისი დაბადების დღე ქუთაისში აღნიშნა; საღამო ხანს იქ მოულოდნელად ჩავიდა, ოპერის თეატრში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და თანხმლებ პირებთან ერთად, ღამით ბაგრატის ტაძარზეც ავიდა. მას იქ ტელეკამერები არ ახლდა. იქვე სიტყვიერი ბრძანება გასცა, სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით - ბაგრატის ტაძარი შუშით გადაიხურება და ეს იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის პროექტის მიხედვით განხორციელდებაო. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ანალოგიური პროექტი ჰქონდა არქიტექტორ კახა ქორიძეს, რომელიც თავის დროზე დაიწუნეს.

არქიტექტორ მიკელე დე ლუკის პროექტით გაკეთდა შუშის ხიდი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა და სააკაშვილის რეზიდენცია, ავლაბარში.

სააკაშვილის სტუმრობიდან მეორე დღეს სამსახურიდან დაითხოვეს ის მუშები, რომლებიც ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტის საფუძველზე ასრულებდნენ - მათ ორ დღეში დაცალეს ის ბინები, რომლებიც ტაძართან ახლოს ჰქონდათ დაქირავებული.

2010 წლის 29 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრი დღის სამ საათზე გაიხსნა. ამ ცერემონიას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორეც ესწრებოდა. იმავე დღეს მისმა უწმინდესობამ ბაგრატის ტაძარი მოინახულა. იმ დროისთვის სამუშაოები უკვე შეჩერებული იყო. პატრიარქს სააკაშვილის სიტყვიერი ბრძანების შესახებ უამბეს და პროექტიც აჩვენეს.

როგორც გვითხრეს, მისი უწმინდესობის რეაქცია ასეთი იყო - მან თქვა, რომ შუშით გადახურვის პროექტი ჩვენამდე არავის მოუტანია, ამის შესახებ არაფერი ვიცოდითო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის პროექტის მიხედვით ხორციელდებოდა. გრემელაშვილს ბაგრატის ტაძარს ალბათ, ჩამოაშორებენო, - გვითხრეს ადამიანებმა, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბაგრატის ტაძართან.

2010 წლის 21 დეკემბრამდე სამუშაოები იმ მიმართულებით მიდიოდა, რომ ტაძრისთვის გუმბათი უნდა დაედგათ, კედლებს ამისთვის ამზადებდნენ.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია გრემელაშვილის პროექტმა, რომელიც ტაძრის აღდგენას ითვალისწინებდა.

ქართველი სპეციალისტების ხმაურიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, იუნესკო-მ გამოაქვეყნა დასკვნა, ბაგრატის ტაძართან მიმართებაში და ფაქტიურად თქვა ის, რასაც მანამდე ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ - სამუშაოები იმგვარად მიმდინარეობს, რომ ტაძარი პირვანდელ სახეს კარგავს და იქცევა ახლადაშენებულ, ბრჭყვიალა ტაძრადო.

იუნესკო-მ ქართულ მხარეს გარკვეული რეკომენდაციები წარუდგინა და მათ შესასრულებლად გარკვეული ვადა მისცა - მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში, რომლის განხილვა მოხდება მიმდინარე წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესიაზე.

იუნესკო-მ თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში (http://whc.unesco.org/en/sessions/34COM/documents) სერიოზული შეშფოთება გამოხატა, იმასთან დაკავშირებით, რომ წევრი ქვეყნის მიერ ძეგლზე განხორციელებულია შეუქცევადი ჩარევები. იუნესკო-მ საქართველოს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეეჩერებინა ბაგრატის კათედრალზე მიმდინარე ყველა სამუშაო და უზრუნველეყო ისტორიული ძეგლის გრძელვადიანი კონსერვაცია და გამაგრება.

იუნესკო-მ საქართველოს ასევე მოუწოდა დაეწყო კონსულტაციები საერთაშორისო ინჟინერ-რესტავრატორებსა და არქიტექტორ-რესტავრატორებთან, რათა იმის განხილვა მომხდარიყო, თუ როგორ შეიძლებოდა სრულად ან ნაწილობრივ გამოსწორებულიყო უკვე განხორციელებული ჩარევები.

საბოლოო დასკვნა ბაგრატის ტაძრის ირგვლივ იუნესკო-მ 2010 წლის 29 ივლისს, ბრაზილიაში გამართული მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიის დასრულების შემდეგ მოამზადა და გამოაქვეყნა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სესიაზე ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, საფრთხის წინაშე მდგომი ძეგლების სიაში შეიტანეს.

ბაგრატის ტაძარზე პრესაგე.ტვ 5 იანვარს ავიდა. ქუთაისში კოკისპირულად წვიმდა. ტაძრის ეზოში, იქ სადაც შესვლა აკრძალული არ არის, დავინახეთ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ომარ ლანჩავა. იქვე ახლოს იყო შუახნის უცხოელი მამაკაცი, რომელსაც თარჯიმანი ახლდა. ომარ ლანჩავას წარვუდექით და ვკითხეთ, ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ქუთაისის მუზეუმში ხომ არ მიუტანიათ რაიმე აღმოჩენა, ბაგრატის ტაძრიდან. გვითხრა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენი შემდეგი კითხვა ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს შეეხებოდა. ბატონმა ომარმა გვითხრა, რომ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ამ დროს, ჩვენს ზურგს უკან ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა - “მაგას არაფერი უთხრა, თორემ ერთს, რომ ეტყვი, მეორეს დაწერს“. ომარ ლანჩავას სიტყვა და თავაზიანი ღიმილი სახეზე მიეყინა. ხმამაღალი მითითების ავტორი აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ნიკა ვაჩეიშვილი, რომელიც ტაძრის გარშემო შემოღობილი ადგილიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა და მეორე მითითება იქვე მყოფ სამუშაოთა მწარმოებელს მისცა - “ეგ შიგნით არ შეუშვათ!“

ვაჩეიშვილი თავის მოადგილესთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. სამუშაოთა მწარმოებელს ვთხოვდით ჩვენთვის აეხსნა, რომელი კანონით გვიკრძალავდა ბაგრატთან მიახლოებას. იგი ღობეზე გაკრულ წარწერაზე მიგვითითებდა. მას ბაგრატის ტაძრის აღდგენის ფონდის თავმჯდომარე, ზურაბ ქაჯაიაც წამოეშველა - შესვლა არ შეიძლებაო. როცა მასაც მოვთხოვეთ განემარტა, რის საფუძველზე იკრძალება ტაძართან მიახლოება, ხელი ჩაიქნია და მანქანაში ჩაჯდა.

ნიკა ვაჩეიშვილის მხრიდან ეს უკვე ცილისწამების მეორე შემთხვევაა. მას და სააგენტოში შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს ერთხელ უკვე ვთხოვეთ მიეთითებინათ, ან ეჩვენებინათ ის მასალა, რომელშიც ნიკა ვაჩეიშვილმა ერთი თქვა და ჩვენ მეორე დავწერეთ. მათ ეს დღემდე არ გაუკეთებიათ. თუ ბატონი ვაჩეიშვილი ცილს კიდევ ერთხელ დაგვწამებს, მივმართავთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებულ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს და ვთხოვთ, სასამართლოში დაიცვან ჩვენი პატივი და ღირსება.

ბოდიშს ვუხდით მკითხველს, ამ გადახვევისთვის და ისევ ბაგრატის ტაძარს მივუბრუნდებით. ქუთაისში ყოფნისას შევიტყვეთ, რომ უცხოელი სტუმარი, რომელიც ქუთაისის მუზეუმის დირექტორსა და ვაჩეიშვილს ახლდა, იტალიიდან სპეციალურად ბაგრატის ტაძრის გამო ჩამოიყვანეს; ტაძრის დათვალიერების შემდეგ მან თქვა, რომ შუშით გადახურვა სპეციალური გამოკვლევის გარეშე (რასაც დაახლოებით სამი თვე დასჭირდება) შეუძლებელია.

მკითხველს ალბათ, ახსოვს მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ბაგრატის ტაძართან მიმართებაში; ვიცი, რომ ბაგრატზე დიდი დავა მიდის, მაგრამ ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ტაძარი ორ წელიწადში არ აღდგებაო – “ამ საკითხზე აზრს საერთოდ არ შევიცვლი. ბაგრატი უნდა აღდგეს, ბოლომდე დამშვენდეს და მთელი თავისი ბრწყინვალებით ისევ წარმოუდგეს საქართველოს”. ეს განცხადება სააკაშვილმა
2009 წლის 22 ოქტომბერს, გელათის აკადემიის აღდგენილი შენობის გახსნის დროს გააკეთა. ჩვენთვის უცნობია, რა გახდა ამ გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.

22 ოქტომბერს სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე ერთი თვით ადრე, ინიციატივით და გარკვეული წინადადებით გამოვიდა. 2009 წლის 24 სექტემბერს საპატრიარქომ ასეთი შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა – “რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკო-ს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც. აღნიშნულმა კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არსებული სიტუაცია და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაოების შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით“.

ამგვარი კომისია დღემდე არ შექმნილა. ქართველმა სპეციალისტებმა ტაძრის შუშით გადახურვის ამბავი ჯერ არ იციან და, შესაბამისად, მათი პოზიციაც უცნობია. ალბათ, მალე გავიგებთ, საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას, ბაგრატის ტაძრის შუშით შესაძლო გადახურვასთან დაკავშირებით.

არქიტექტორობა, რესტავრატორობა და ხელოვნებათმცოდნეობა არ არის იმისთვის აუცილებელი, რათა ადამიანი მიხვდე იმას, რომ საქართველოს იუნესკო-ს რეკომენდაციები არ შეუსრულებია - იუნესკო ბაგრატის ტაძრის გრძელვადიან კონსერვაციას ითხოვდა (იმ მდგომარეობაში, რომელშიც სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე იყო), ბაგრატის ტაძარს კი გუმბათის დასადგმელად ამზადებდნენ.

რა პასუხს გასცემს ქართული მხარე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს და როგორი რეაქცია ექნება ამაზე იუნესკო-ს, ქართული საზოგადოება ალბათ, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესიის მიმდინარეობის დროს შეიტყობს. ბაგრატის ტაძართან ერთად გადაწყდება გელათის სამონასტრო კომპლექსის იუნესკო-ს სიაში ყოფნა-არყოფნის საკითხიც, რადგან 1994 წელს, ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომლექსი ერთად შეიტანა.