ქართველ ფანთა ხულიგნობა თუ შორს მიმავალი პროვოკაცია?

ქართველ ფანთა ხულიგნობა თუ შორს მიმავალი პროვოკაცია?

17 ივნისს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. შვებულებიდან გამოსული საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" გიუმრის "შირაქს" შეხვდა. მატჩი 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა ჩვენი მეზობლების ჩემპიონებთან მეორე შემადგენლობითა და გასასინჯი მოთამაშეებით ითამაშეს, ქართველი გულშემატკივარი “დინამოს” თამაშით კმაყოფილი არ დარჩენილა.

სტუმართა ფანები, პირიქით, გახარებულები იყვნენ. სომხებისთვის თბილისში “დინამოსთან” ფრე ძალიან ბევრს ნიშნავს. საბჭოთა პერიოდში ქართველების ბევრად მეტი წარმატების მიუხედავად, მაინც ამტკიცებდნენ, რომ კავკასიაში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდნენ. ჩვენს გუნდებთან ყოველი ქულის მოპოვების შემდეგ ამას ხაზს უსვამდნენ.

ესეც “მიმინოს” სიუჟეტს, ტოლმასა და ბორჯომზე საუბარს ჰგავდა, რომელი ერი სჯობია. მაგრამ ეს ადრე მტრობად არ აღიქმებოდა და ხუმრობაში ვატარებდით. სამწუხაროდ, დრო და გარემოებები შეიცვალა და ურთიერთობებიც სხვაგვარია.

მაგრამ საფეხბურთო დაპირისპირების დეტალებზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ. აქ ბევრად აქტუალური მატჩის შემდგომ მომხდარი ინციდენტი გახდა, რომელზეც სომხეთში ისე ალაპარაკდნენ, თითქოს, ქართველები ველურებივით მოიქცნენ.

წინდაწინ ვიტყვით, რომ უკვე დიდი ხანია, “დინამო-არენას” დირექცია მასპინძელ და სტუმართა გულშემატკივრებს ერთმანეთისგან აშორებს, როგორც ეს ფიფას და უეფას ინსტრუქციებშია მითითებული. ამჯერადაც ასე მოხდა - “დინამოს” მხარდამჭერები, “გლადიატორები” ჩრდილოეთ ტრიბუნების პირველ იარუსის მე-17 სექტორში განათავსეს, ხოლო სომხები – საპირისპიროდ მდებარე სამხრეთ ტრიბუნების პირველი იარუსის მე-12 სექტორში.

მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა ხომ სტადიონი სწრაფად დატოვა და ვერ ნახა, რა ამბები დატრიალდა ტრიბუნებზე და მის გარეთ. რა მოხდა ამხანაგური თამაშის დასრულების შემდეგ? “გლადიატორების” ნაწილი სომეხი გულშემატკივრებისკენ დაიძრა და გაწევ-გამოწევა დაიწყო. თუმცა, სერიოზული არაფერი მომხდარა. ვითარების გამწვავება არც სამართალდამცველებმა დაუშვეს და თბილისელი ფანებიც მალე დაიშალნენ. მატჩის შემდეგ სომხები სტადიონზე პარკინგის ტერიტორიაზე გაიყვანეს, სადაც ისინი იძახდნენ, გარეთ დინამოელი ფანები გარეთ გველოდებიან და ცემით გვემუქრებიანო. თუმცა, სამართალდამცავებმა “დინამოს” ფანები ადვილად დაშალეს, სომხებიც სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნდნენ.

ამ გაწევ-გამოწევაზე სომხებმა დაწერეს, ცოტაც და, "დინამო-არენაზე" ტრაგედია დატრიალდებოდაო. ინტერნეტ-პორტალმა “არმსპორტმა” თვითმხილველის ნაამბობი და ინციდენტის ვიდეო გამოაქვეყნა.

"შირაქის" გულშემატკივარი არტურ მელიკიანი ესწრებოდა მატჩს და თამაშის შემდეგ განვითარებული მოვლენები სამოყვარულო კამერით გადაიღო.

"თითქოს ამხანაგური მატჩის დროს, ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაძაბულები არ უნდა იყვნენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამხანაგური შეხვედრა მეზობელი ქვეყნების კლუბებს შორის არის ორგანიზებული.

როდესაც ჩვენ, “შირაკისგულშემატკივრებმა ტრადიციული შეძახილი დავიწყეთ - "ტა-სი-ბოვ!" (სომხურადითამაშეთ ღირსეულად), ქართველებს მოესმათ, რომ ჩვენ ვსკანდირებდით "რო-სი-" (ქართველებს კი, არ უყვართ რუსები და რუსეთი). საპასუხოდ მათ დაიწყეს სკანდირება - "-ზერ-ბაი-ჯან!"

სტადიონზე მყოფი ყველა ჩემი მეგობარი დაადასტურებს, რომ ეს იყო სანახაობა, რომელიც სიცილს იწვევდა. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება, თუმცა ეს სიტყვა მომხდარს კარგად ვერც ასახავს. ქართველები კონფლიქტის პროვოკაცირებას ცდილობდნენ, რაზეც, ცხადია, ჩვენ რეაგირება არ მოგვიხდენია, თუ არ ჩავთვლით მათი მიმართულებით რამდენიმე ცარიელი ბოთლის სროლას.

ამის შემდეგ "დინამოს" გულშემატკივრების საქციელს ხულიგნობა შეგვიძლია ვუწოდოთ, რომლის აღკვეთაც ქართველმა პოლიციელებმა ვერ შეძლეს. მაქსიმუმი, რაც მათ გააკეთეს, სტადიონის ტერიტორიიდან სასწრაფოდ გაგვვიყვანეს. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი პოლიციელები ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, სანამ თბილისი არ დავტოვეთ. დინამოელებისგმირობავიდეოზე გადავიღე".

http://www.1in.am/rus/sportfun_armeniansport_32032.html

სააგენტო “არმენპრესმა” თავი გაყიდა და “მხიარული რომანის” გმირივით, მომხდარი კიდევ რამდენიმე დრამატული ეპიზოდით “გაამდიდრა” - “თბილისელი გუილშემატკივრები “შირაქის” ფანებისკენ დაიძრნენ და მათ ავტობუსს ბოთლებს, ხილსა და წვენს ესროდნენ”.

ეს ორი მონათხრობი ერთმანეთს აშკარად ეწინააღმდეგება – ავტობუსებზე ბოთლის სროლას არტურაც ვერ იხსენებს. 

ორი აზრი არ არსებობს, მომხდარი ძალზედ უსიამოვნოა. ქართველ გულშემატკივრებს სტუმრის მიმართ აგრესია არ ამშვენებს. მაგრამ ამ სომეხი გულშემატკივრისა და “არმენპრესის” მონათხრობში იმდენი სიმართლეა, რამდენიც იმ ამბავში, რომ სომხურია ხვანჭკარა, ხაჭაპური, “ჩაკრულო”, ფელამუში, ჩურჩხელა (რასაც იბრალებენ), ხოლო ჯვარი - არტურას წინაპრის აშენებული. როდესაც “გლადიატორებს” მოუსმენთ, სურათი რადიკალურად შეიცვლება.

თორნიკე ცირამუა, “გლადიატორების” წევრი: „ჩვენსა და სტუმართა გუნდის გულშემატკივართა შორის დაპირისპირება მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპრებით შემოიფარგლა. თავად სომხების გადაღებულ ვიდეო-მასალაშიც ნათლად ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირება არ მომხდარა. პოლიციამ დროულად დაგვაშორა. თუმცა, ჩვენი რეაქცია აბსოლუტურად ადექვატური იყო. ჩემს მიწაზე, ჩემს სტადიონზე ვერ და არ ავიტან შეურაცხყოფას და პოლიტიკურ სკანდირებას "რა-სი-ა, რა-სი-ა"! სოციალურ მედიაში ვრცელდება სომხების კომენტარები, რაც აბსოლუტურად ფარსია. სწორედ ისინი ატარებენ ცალსახად პოლიტიკურ სარჩულს. გლადიატორები სტუმართა გუნდებს ყოველთვის მშვიდობით ვხვდებოდით, თუმცა მსგავსი შეურაცხყოფა მოითხოვდა იმ რეაქციას, რაც საბოლოოდ ვნახეთ. არა მგონია, ეს ფაქტი ასეთ აფიშირებას საჭიროებდეს, ვინაიდან მსგავსი და უარესი ფაქტები თანამედროვე ფეხბურთში ხშირად ხდება“.

კობა კობაიძე, “გლადიატორების” წევრი: „კონფლიქტური ვითარების პროვოცირება სწორედ სომეხმა გულშემატკივრებმა დაიწყეს. პირველ ტაიმში, შეცდომით თუ შეგნებულად, “შირაქის” გულშემატკივართა მცირე ნაწილს სექტორი შეეშალა და ჩვენი სექტორის ზევით, მე-2 იარუსის 27 სექტორზე ავიდნენ და შეგვაგინეს. სტუმრები არიან-თქო და, ეს ამბავი გავატარეთ. მაგრამ გოლი რომ გაიტანეს (შეხვედრის მე-7 წუთზე), დაიწყეს “რა-სი-ა! რა-სი-ა!”-ს ყვირილი. აი, ეს ვერ აიტანა ქართველმა გულშემატკივარმა. სულში ჩაფურთხებას არავის ვაპატიებთ.

არ მინდა დავიჯერო, უფრო მეტად ადგილობრივი სომხები აქტიურობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ იქიდან ჩამოსულები ხმას არ იღებდნენ, “რა-სი-ა! რა-სი-ა!”-ს ადგილობრივები ყვიროდნენ და მატჩის შემდეგ “უროდი, უროდი”-ის გვეძახდნენ. სტადიონზე მოქცევის წესი არ იცი? როდესაც ჯგუფურად დედას გვაგინებ, არ იცი, ეს ქართველისთვის რამხელა შეურაცხყოფაა?!“

15 წელია, რაც “დინამოს” ფან-კლუბი არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, არ არსებობს ერთი ფაქტიც კი, რომ ჩვენ სტუმარი ფანების მიმართ აგრესია გამოგვეჩინოს. ასე რომ, თბილისში მომხდარზე სომხების შეთხზული მორიგი ლეგენდებია, თითქოს, აგრესიულად დავხვდით. მაგრამ რაც მათ თამაშის დროს გააკეთეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება, ჩემს სტადიონზე, ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში ვინც არ უნდა იყოს, “რა-სი-ა! რა-სი-ა!”-ს რომ იყვირებს, ის  ნამდვილი პროვოკატორია!!! ისე მინდა გითხრათ, რომ ფანებს შორის შელხა-შემოხლა ფეხბურთში იშვიათობა არ არის და ასეთი ქალური წიოკის ატეხვა სასაცილოა. მით უმეტეს, რომ სერიოზულ ინციდენტამდე საქმე არც კი მისულა.

ჯერ იმაზე ვთქვათ, რომ ამ არტურ მელიკიანს სურს, ქართველები არადაექვატურებად და ლამის დაუნებად გამოგვიყვანოს. “ტასიბოვ” “როსიაში” 130 კაცს ერთად შეეშალა?

მეორე: ქართველებს რუსები არ უყვართ – ესეც ნაცნობი “ჩორტებია” და სიგნალი ჩრდილოელ მეზობელთან, მე მაინც ვარ შენიანიო.

მესამე: არტურს სურს დაამტკიცოს, რომ ქართველები ვართ სულმოკლე ხულიგნები, სომხები კი სულგრძელები და რომ უკულტურო მასპინძლების პროვოკაციებს არ აყვნენ.

მეოთხე: მაინც აყოლილან. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ასეთი კონფლიქტის დროს, რამდენიმე ცარიელი ბოთლის სროლა თუ რეაგირება და კონფლიქტში ჩათრევა არ არის, მაშინ ქართველები მართლა ესპანეთიდან გადმოვსახლებულვართ. ისინი რამდენიმე ბოთლს რომ ამბობენ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენჯერ მეტი ისროლეს.

დასკვნმა მეხუთე: “რო-სი-ა”-ს სკანდირება პოლიტიკური ქვეტექსტია და ამას რომ აკეთებ, ბუნებით ნატანჯი ან შეგნებული პროვოკატორი ხარ.

და მთავარი: კარგი იქნება, სამართალდამცველები დაინტერესდნენ, როგორ აღმოჩნდნენ თეთრ-ლურჯი დროშებით გამოწყობილი “დინამოს” ფანების ახლოს ის ადამიანები, რომელიც გარგარისფერფორმიანი “შირაქის” ფანებთან უნდა ყოფილიყვნენ.

დიდი კონფლიქტების პროვოცირება სწორედ ასეთი “უმნიშვნელო” დეტალებით იწყება. ქართველები ფრთხილად უნდა ვიყოთ – ეშმაკს არ სძინავს და ხაფანგს ხშირად გვიგებს, მათ შორის, სტადიონებზეც.

ის, ვინც “დინამოს” ფანების ახლოს განთავსდა და ქართველებს აგინებდა, შესაძლოა, არც ქართველის გულშემატკივარი იყო და არც - სომხის.